ბრიტნი სპირსი 2000-იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული მომღერალი იყო. ვარსკვლავს, ფაქტობრივად, ყველაფერი ჰქონდა - დიდება, ფული, აღიარება, მაგრამ წარმატებას მეორე მხარეც მოჰყვა, რამაც მომღერლის ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზიანა.
ნერვული აშლილობა, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, მამის მეურვეობა, ხმაურიანი სასამართლო პროცესი და ნანატრი თავისუფლება - ბრიტნი სპირსმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. წლების განმავლობაში, მომღერლის პირად ცხოვრებას მამა აკონტროლებდა და მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.
13-წლიანი კონტროლის შემდეგ, ბრიტნი სპირსი 2021 წელს მამის მეურვეობისაგან გათავისუფლდა და ცხოვრება დამოუკიდებლად დაიწყო. მის გულშემატკივრებს სჯეროდათ, რომ მომღერალი კარიერის განვითარებასა და ახალი ეტაპის დაწყებას შეძლებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
სემ ასგართან ქორწინება მალევე განქორწინებით დასრულდა. ამის შემდეგ კი, ბრიტნი სპირსი სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. წერდა ვიდეოებს, სადაც ნახევრად შიშველი იყო, ცეკვავდა, უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, თითქოს, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსმა შვილებთან ურთიერთობაც აღადგინა.
მთელი მსოფლიო ბრიტნი სპირსის მემუარების გამოქვეყნებას განსაკუთრებით ელოდა. წიგნში სახელწოდებით "ქალი ჩემში" მომღერლის წარმატებების, ტკივილის, ტანჯვისა და უამრავი განსაცდელის შესახებაა მოთხრობილი. განსაკუთრებული ყურადღება კი ბრიტნი სპირსის ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობას ეთმობა.
დღეს მომღერლის წიგნიდან რამდენიმე ფრაგმენტს გაგიზიარებთ:
"მე და ჯასტინი ორლანდოში ერთად ვცხოვრობდით. მშვენიერი, დიდი, ორსართულიანი სახლი გვქონდა, კრამიტის სახურავითა და უკანა ეზოში აუზით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბევრს ვმუშაობდით, მაინც ვცდილობდით, რაც შეიძლება ხშირად გაგვეტარებინა დრო ერთად.
რამდენიმე თვეში ერთხელ მოვდიოდი რამდენიმე კვირით, ხანდახან რამდენიმე თვით, ჯასტინთან რომ ვყოფილიყავი. ერთ დღეს, როდესაც ჯეიმი ლინი (შენიშვნა - ბრიტნის უმცროსი და) პატარა იყო, ჩემი ოჯახი ჩვენთან მოვიდა. წავედით სავაჭრო ცენტრში, სადაც სათამაშოების მაღაზია სრულად დაგვიხურეს. ჩემმა დამ მინიატურული კაბრიოლეტი აირჩია. ძალიან საყვარელი იყო, მინიატურული წითელი მანქანით დადიოდა. ჩემი და შიგნით იჯდა. ეს ყველაზე საყვარელი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთს ვფიცავ, წარმოუდგენელი სანახაობა იყო.
მშვენიერი დრო იყო. ჯასტინზე სიგიჟემდე შეყვარებული ვიყავი. არ ვიცი, შეიძლება, ახალგაზრდობაში სიყვარული განსხვავებულია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებული იყო. არაფრის გაკეთება არ სჭირდებოდა. ისედაც ვგრძნობდი, რომ მასთან ძალიან ახლოს ვიყავი და მიყვარდა.
2001 წელს American Music Awards-ზე მე და ჯასტინი ჯინსის სამოსით წავედით. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი სტილი ერთმანეთს დაემთხვეოდა.
მე და ჯასტინი ყოველთვის ერთად დავდიოდით ღონისძიებებზე. Teen Choice Awards-ზე ძალიან გავერთეთ და მას შემდეგ, სხვათა შორის, ხშირად ერთი ფერის სამოსს ვირჩევდით. მაგრამ, ჯინსების ლუქი გამორჩეული იყო.
მესმის, რომ უგემოვნო იყო, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა. მე მომწონდა. ეს კოსტიუმი დღემდე ბევრი ადამიანისათვისაა შთაგონება. შევიტყვე, რომ ჯასტინი გარეგნობის გამო გააკრიტიკეს. ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც მას დასცინოდნენ, მან თქვა: "როცა ახალგაზრდა ხარ და შეყვარებული, სისულელეების კეთებისკენ ხარ მიდრეკილი." ეს მართალია. ეიფორიაში ვიყავით და ჩვენი ჩაცმულობა ამის ნათელი მაგალითი იყო.
ჩვენი ურთიერთობის დროს რამდენჯერმე გაირკვა, რომ ჯასტინმა მიღალატა. ძალიან შეყვარებული ვიყავი და არ მინდოდა, დამეჯერებინა. მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოიდები ასეთ ამბებს სულ მახსენებდნენ და ცხვირს უაზროდ ჰყოფდნენ იმაში, რაც მათი საქმე არ იყო. 2000 წელს ბოიბენდი "NSYNC" ლონდონში წავიდა. ფოტოგრაფებმა ჯასტინი მანქანაში ვიღაც გოგონასთან ერთად გადაიღეს. არაფერი მითქვამს. ერთი წელი ერთად ვიყავით. სხვა შემთხვევაც იყო - ვეგასში ჩემი გუნდის მოცეკვავემ მითხრა, რომ ჯასტინი ერთ-ერთ გოგონას ხვდებოდა და მასთან ურთიერთობა ჰქონდა. არ მინდა, დავასახელო, ვისზე თქვა. ის ძალიან პოპულარული ქალია. ასევე, დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავს. ამიტომ, ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, არ მსურს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო.
ბევრი ჭორი იყო მის ურთიერთობაზე მოცეკვავეებთან და თაყვანისმცემლებთან. ყველა ჭორს ვაიგნორებდი, მაგრამ აშკარად სხვასთან ეძინა. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერს მშვენივრად ხვდები, მაგრამ ჩუმად ხარ, არ გინდა, გაიგო... მეც სულ ვბრუნდებოდი. მხოლოდ ერთხელ, უეიდ რობსონთან ვიყავი. ერთ დღეს ერთად ვსეირნობდით და ესპანურ ბარში შევედით. ვცეკვავდით, დავლიეთ და იმავე ღამეს მასთან დავიძინე. მრავალი წლის განმავლობაში ჯასტინის ერთგული ვიყავი. მხოლოდ ერთხელ ვუღალატე და ისიც ვაღიარე. მაგრამ, ჩვენ ეს ღალატი დავძლიეთ და ურთიერთობა შევინარჩუნეთ. მეგონა მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. სწორედ ამის იმედი მქონდა. სანამ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით, ჯასტინისგან დავორსულდი. მოულოდნელი იყო, მაგრამ ტრაგედიად არ აღმიქვამს. მე ის ძალიან მიყვარდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნამდვილი ოჯახის შექმნას შევძლებდი. მაგრამ ჯასტინს ორსულობის ამბავი სულაც არ გაუხარდა. მან თქვა, რომ ბავშვის გაჩენისთვის მზად არ ვიყავით. ჯასტინი ამბობდა, რომ ძალიან პატარები ვიყავით.... ამის გაგება არ შემეძლო. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო. ჯასტინს კი არ სურდა, მამა გამხდარიყო. ამიტომ, დავთანხმდი, ბავშვი მომეშორებინა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აბორტის გაკეთებას გადავწყვეტდი. მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ იყო.
არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა. არჩევანი მხოლოდ ჩემი რომ ყოფილიყო, ამას არასდროს გავაკეთებდი. მაგრამ ჯასტინი აგრძელებდა და მუდმივად ამბობდა, რომ არ სურდა, მამა გამხდარიყო. კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც ვნანობ. ჯასტინის თქმით, არავის უნდა გაეგო, რომ ორსულად ვიყავი და აბორტს ვიკეთებდი. ამიტომ, ეს ყველაფერი სახლში მოხდა... ჩემი ოჯახისთვისაც კი არ მითქვამს. სახლში მხოლოდ ჯასტინი და ჩემი თანაშემწე, ფელიცია იყვნენ. ფელიცია, სულ ჩემთან იყო. დანიშნულ დღეს, როცა სახლში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით, პატარა აბები დავლიე. მალევე მტანჯველი კრუნჩხვები დამეწყო. სააბაზანოში შევედი და რამდენიმე საათი იქ დავრჩი, იატაკზე ვიწექი, ვტიროდი და ტკივილისგან ვყვიროდი. ტკივილგამაყუჩებელი მჭირდებოდა. ექიმთან წასვლა მინდოდა და ძალიან მეშინოდა. უბრალოდ ვიწექი და ვფიქრობდი, მოვკვდებოდი თუ არა. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ტკივილი, რომელსაც იმ დღეს განვიცდიდი. ჯოჯოხეთი იყო. კარგა ხანს ვერ ვმოძრაობდი. დღემდე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. საავადმყოფოში არ წამიყვანეს. ჯასტინი აბაზანაში შემოვიდა და ჩემს გვერდით იატაკზე დაწვა. რაღაც მომენტში იფიქრა, რომ მუსიკა ყურადღებას გადამატანინებდა. ამიტომ გიტარა აიღო და დაკვრა დაიწყო...
ტირილი გავაგრძელე. რამდენიმე საათი ვტიროდი. არ ვიცი, როდის და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. მაგრამ, ის ტკივილი და შიში ოცი წლის შემდეგაც კარგად მახსოვს. ამის შემდეგ განადგურებული ვიყავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯასტინი ჯერ კიდევ ძალიან მიყვარდა. სიგიჟემდე მიყვარდა... მაგრამ სასწაული არ მოხდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი დასასრული გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ დავბრმავდი..."