თოვლი თითქმის მთელ საქართველოში მოვიდა და ბევრი ოჯახი ემზადება ბავშვების ქალაქგარეთ გასაყვანად. რა სარგებლობა მოაქვს თოვლიან ამინდში ბავშვის გარეთ ყოფნას, ამის შესახებ Mshoblebi.ge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.
- თოვლი წმენდს ჰაერს და მტვრის ნაწილაკებს, მეტალებსა თუ ორგანიზმისთვის სახიფათო ელემენტებს აცილებს მას. ამიტომ, როცა თქვენ მთის კურორტზე ხვდებით და იქ თოვლი მოდის, ჩათვალეთ, რომ სუნთქავთ ქალაქთან შედარებით გაცილებით სუფთა ჰაერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სასუნთქი სისტემის გაჯანსაღებას.
მეორე, ზამთრის კურორტზე ბავშვები არ უნდა ჩაიკეტონ ოთახებში, სასარგებლო აქტიური დასვენებაა და ამის მაგალითი თუნდაც თოვლში სიარულია, რომელიც მოითხოვს გაცილებით მეტ ენერგიასა და ძალას. თოვლში მოძრაობა კუნთებისთვის სერიოზული დატვირთვაა, ის ავარჯიშებს და აძლიერებს კუნთოვან სისტემას, განსაკუთრებით ქვემო კიდურების კუნთებს, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს მეტი წინააღმდეგობა დაძლიოს. ადამიანის ორგანიზმს მეტი ენერგიის გამომუშავება უწევს სიცივის გამოც, ასე რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, ეს ორივე ფაქტორი - რომ თოვლში მოძრაობა და სიცივე, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, ნებისმიერი სახის სპორტით დაკავების იდენტურია, რასაც ბავშვები ხშირად მოკლებულნი არიან.
მესამე, ითვლება, რომ თოვლი და, ზოგადად, ცივი ჰაერი იმუნური სისტემისთვის ბიძგის მიმცემია, რაც ორგანიზმის დაცვით ძალებს აძლიერებს.
ასევე, თუ თქვენი შვილი თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზე, მზიან გარემოშია, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს. მზის სხივების ზემოქმედება D ვიტამინის მასტიმულირებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, არა მარტო კალციუმის ცვლის მოწესრიგების, არამედ სხვა ორგანოების და სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თოვლი და სიცივე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ძილის მოწესრიგებისთვის, მადის მომატებისთვის, თავის ტვინის უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ხასიათის გაუმჯობესებისთვის.
კიდევ ერთი, რაც ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ზამთრის და თოვლის ბავშვის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან,მისი, ერთი შეხედვით, უცნაური დამოკიდებულებაა ინფექციებთან. ზოგადად, ითვლება, რომ ზამთარში ინფექციური დაავადებების რისკი მატულობს, მართლაც ასეა. ინფექციური დაავადებების რისკი მატულობს იმის გამო, რომ ბავშვებს ზამთარში უფრო მეტი დროის გატარება უწევს დახურულ სივრცეში, საკლასო თუ ბაღის ოთახებში, რომლებიც ცუდად ნიავდება, რაც ზრდის რესპირაციული ინფექციის გადაცემის რისკს. თუ დღის დიდ ნაწილს ბავშვი გაატარებს ოთახს გარეთ, თოვლიან გარემოში, ვირუსული ინფექციების განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება.
ბოლოს, თოვლში, სხვა ბავშვებთან ერთად თამაში სოციალურ განვითარებასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს. თამაში ასწავლის ბავშვებს ჯგუფში მუშაობას, რაც სასარგებლოა მოლაპარაკების და კონფლიქტის მოგვარების უნარების განვითარების თვალსაზრისით, ხელს უწყობს ბავშვებს გახდნენ თავდაჯერებულნი და გამძლეები.
ანუ თუ შევაჯამებთ, ზამთარში, თოვლში დასვენება სასარგებლოა ბავშვისთვის როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ემოციური და სოციალური განვითარების კუთხითაც.
- დასვენების პერიოდს ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად განსაზღვრავს, მაგალითად, ბავშვისათვის აუცილებელია ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობა ზოგ ქვეყანაში 6 კვირაა, ქვეყანათა უმრავლესობაში 8-12. ზამთრისთვის ეს პერიოდი უფრო მოკლეა, მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენი შვილის ორგანიზმი მთის კურორტზე დასვენებისას პოზიტიური გავლენის ქვეშ იყოს,მინიმუმ ორკვირიანი პერიოდით უნდა წაიყვანოთ.