სავაჭრო ცენტრის სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ამ კადრების დათვალიერებისას ისე ჩანს, თითქოს ორ უფროს ძმას უმცროსი საყიდლებზე მიჰყავს.
კადრები 1993 წლის 12 თებერვალს ბრიტანეთშია გადაღებული, მაგრამ ახლაც, 30 წლის შემდეგ, ეს ფოტო საშინელებას აღძრავს იმ ადამიანებში, რომლებმაც ამ ფოტოს ისტორია იციან.
ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი, რომლებსაც პატარა ჯეიმს ბალგერი ხელჩაკიდებული მიჰყავდათ, უამრავმა ადამიანმა დაინახა როგორც სავაჭრო ცენტრში, ასევე სადგურთან ახლოს. თვითმხილველების თქმით, ჯეიმსი შეშინებული ჩანდა, ზოგიერთმა კი შენიშნა, რომ ჯონი და რობერტი ბავშვს უბიძგებდნენ და ეჯიკავებოდნენ. თუმცა არავინ ჩარეულა. ასევე აღარავის უნახავს ცოცხალი, ორი წლის ჯეიმს ბალგერი.
ჯონმა და რობერტმა ჯეიმსი 12 თებერვალს ნაშუადღევს უოლტონში მდებარე სავაჭრო ცენტრში ნახეს. ბიჭები ერთად აცდენდნენ სკოლას და მაღაზიებში დახეტიალობდნენ წვრილმანების მოსაპარად.
სამი ათეული წლის შემდეგაც კი დაუდგენელი მიზეზით, ჯონმა და რობერტმა ბავშვის მოპარვა გადაწყვიტეს. ვისი იდეა იყო, გაუგებარი დარჩა, რადგან დაკავების შემდეგ ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ჯეიმსი არ იყო პირველი ბავშვი, რომლის გატაცება სცადეს. მანამდე კინაღამ ორი სხვა ბავშვი გახდა მათი მსხვერპლი. იმ ბავშვების დედამ შეამჩნია ორი საშუალო სკოლის ასაკის ბავშვი, რომლებიც მისი შვილების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სამი წლის გოგონა და ორი წლის ბიჭი მხედველობის არედან გაუჩინარდნენ.
ქალმა სწრაფად იპოვა ქალიშვილი, მაგრამ მისი ვაჟი დაიკარგა. როდესაც გოგონას ჰკითხა, სად იყო მისი ძმა, უპასუხა, რომ "ის ბიჭთან ერთად გავიდა გარეთ". შეშფოთებულმა დედამ დაიწყო შვილის ძახილი და გარეთ გაიქცა, სადაც დაინახა ვენეიბლსი და ტომპსონი, რომლებიც მის შვილთს ესაუბრებოდნენ. როდესაც ვენეიბლსმა ბავშვის დედა შენიშნა, ის და ტომპსონი სწრაფად გაიქცნენ. ამ ბავშვს ძალიან გაუმართლა ჯეიმსისგან განსხვავებით.
ბიჭები ტკბილეულის დახლის ირგვლივ ტრიალებდნენ, ახლოს მდგარი ჯეიმსი შენიშნეს. როგორც კი ჯეიმსის დედა, დენიზი, წამიერად მოდუნდა, ჯონ ვენეიბლსმა ჯეიმსი ხელში აიყვანა და წაიყვანა.
სანამ დენიზმა შენიშნა, რომ მისი შვილი დაკარგული იყო, ბიჭებმა მოახერხეს იმ დროისთვის სავაჭრო ცენტრიდან გასვლა. ქალი მაშინვე დაუკავშირდა სავაჭრო ცენტრის დაცვას, აუხსნა როგორ გამოიყურებოდა ბიჭუნა და და რა ეცვა. მაგრამ ჯეიმსის კვალი არ ჩანდა.
როგორც კი ბავშვები საკმარისად დაშორდნენ სავაჭრო ცენტრს, ჯეიმსმა ტირილი დაიწყო და დედას ეძახდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ და წინ მიარბენინებდნენ. ბავშვის ტირილით თავმობეზრებულმა ვენეიბლსმა ბიჭს ხელი კრა. პატარა დაეცა დაეცა და თავი დაარტყა. გამვლელმა ქალმა ყველაფერი დაინახა, მაგრამ არ ჩარეულა.
ჯეიმსს თავზე კაპიუშონი გადააცვეს - ბიჭის შუბლზე ნაიარევი და ნაკაწრები ეტყობოდა - სვლას აგრძელებდნენ, გაიარეს საკმაოდ დატვირთული ქუჩა. მთელს ამ ამბავში შემზარავია არამარტო მომხდარი ფაქტი, არამედ ადამიანური გულგრილობა: უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახეს, როგორ ჩაარტყა ვენეიბლსმა ჯეიმსს, რათა გაეჩუმებინა, მაგრამ არავინ ჩაერია.
ერთი-ორჯერ სცადეს მათი შეჩერება - ხანშიშესულმა ქალმა ჰკითხა, რატომ ტიროდა ბავშვი, რაზეც პიჭებმა უთხრეს, რომ დაკარგული იყო და პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ. კიდევ ერთმა ქალმა თავად მოისურვა ჯეიმსის წაყვანა, მაგრამ ბავშვებმა მოახერხეს თავის დაღწევა და ბავშვიც გაიყოლეს.
როგორც კი ხალხის თვალს მოეფარნენ, ვენეიბლსმა და ტომპსონმა ჯეიმსის დამცირება და წამება დაიწყეს. თვალში მაღაზიიდან მოპარული საღებავი შეასხეს და შემდეგ ცემა დაუწყეს .
ეს მათთვის საკმარისი არ ჩანდა: ბავშვს წიხლები ურტყეს, ქვები და აგურები დაუშინეს. ამის შემდეგ ვენებლესმა ამოიღო ბატარეები, რომლებიც ასევე მაღაზიიდან მოიპარა და ჯეიმსის პირშსა და ანუსში მოათავსა.
საბოლოოდ მათ იქვე იპოვეს მძიმე რკინის ჯოხი, რომლითაც ჯეიმსს თავში ურტყამდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ ბავშვს სახის, თავისა და სხეულის 42 დაზიანება დაუფიქსირა. ჯეიმსი იმდენად მძიმედ სცემეს, რომ სასამართლო ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა დაზიანებებმა გამოიწვია მისი სიკვდილი.
შეამჩნიეს, რომ ჯეიმსი აღარ მოძრაობდა, ცხედარი რკინიგზის ლიანდაგზე დადეს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბავშვის სიკვდილი შემთხვევითობას დაბრალდებოდა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ, მატარებელმა ცხედარს გადაუარა.
ბავშვის გაუჩინარებაში პირველი ეჭვმიტანილები მისი მშობლები იყვნენ. მაგრამ სათვალთვალო კადრებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. მასზე ნაჩვენები იყო ორი ბავშვი, რომლებსაც ბიჭუნა სავაჭრო ცენტრიდან გამოჰყავდა.
რალფი, ჯეიმსის მამა, თავიდან დამშვიდდა, როცა გაიგო, რომ ბავშვი სხვა ბავშვებს გაჰყვა: "ის კარგად იქნება, დენიზ, ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს. ბავშვებთანაა და კარგად იქნება-მეტქი." - იხსენებდა ჯეიმსის მამა. ბიჭუნას ცხედარი ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის ბავშვებმა იპოვეს, რომლებიც იქვე თამაშობდნენ - პოლიციის განყოფილებიდან სულ რაღაც 180 მეტრში.
პოლიციამ თითქმის მაშინვე იპოვა ყველა ის ნივთი, რომლითაც ბავშვი აწამეს - რკინის ჯოხი, ქვები და აგური. ყველა მათგანი ჯეიმსის სისხლით იყო დაფარული. იქვე ახლოს ლურჯი საღებავის ქილაც იდო.
გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ ჯეიმსის მკვლელები ბავშვები იყვნენ, ამიტომ მათ ჯერ მიმდებარე სკოლების შემოწმება დაიწყეს, რათა გაეგოთ, ვინ არ იყო იმ დღეს. მაგრამ ეს არ დაეხმარა მათ - ერთ დღესაც პოლიციაში ანონიმური ზარი გაისმა და ადამიანმა, რომელმაც უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე, აცნობა ჯონ ვენაბლესის და რობერტ ტომპსონის შესაძლო მონაწილეობა ჯეიმს ბალგერის მკვლელობაში.
პოლიციამ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია და თითქმის მაშინვე მიიღო მტკიცებულება - ჯეიმსის სისხლი ტომპსონის ჩექმებზე, ხოლო ლურჯი საღებავი ვენაბლესის ქურთუკზე.
მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა, პოლიციას გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ ჯეიმსი მოკლა 10 წლის ბიჭებმა მოკლეს. კამერის კადრებში ბიჭები 13-14 წლისას უფრო ჰგავდნენ და არა 10-ისას, როგორც ვენებლსი და ტომპსონი.
თუმცა ბავშვებმა თავი მაშინვე გასცეს - დაკითხვისას ჯერ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ყველაფერში, შემდეგ კი ჯონ ვენეიბლსმა აღიარა. ”მე ის მოვკალი... დედას ეტყვი, რომ მართლა ვწუხვარ?” -თქვა მან ერთ-ერთი ჩვენების მიცემისას.
მისგან განსხვავებით, ტომპსონი ასე სწრაფად არ აპირებდა დანებებას. ფილ რობერტსი, რომელიც აწარმოებდა საქმეს, იხსენებდა, რომ ბიჭი "სრულიად უარყოფდა ყველაფერს". მან თავი შემთხვევით გასცა და დეტალურად უამბო, რა ეცვა ჯეიმსს. მაგრამ ამის მიუხედავად, ათი წლის ტომპსონი აბსოლუტურად მშვიდად იყო მთელი გამოძიების განმავლობაში. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც შეარქვეს "ბიჭი, რომელიც არ ტირის" .
სასამართლო პროცესზეც ზუსტად ასე მოიქცა, რამაც პრესას და ხალხს საფუძველი მისცა ეფიქრათ, რომ ის იყო მკვლელობის ინიციატორი. თუმცა ვერც ფსიქიატრებმა და ვერც ხელისუფლებამ ვერ გაიგეს ბიჭების მოტივები.
ორივე გაასამართლეს და ბრიტანეთის ბოლო 250 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავეები გახდნენ . მათ მიესაჯათ რვა წელი. სასჯელი18 წლამდე უნდა მოეხადათ რის შემდეგაც სასამართლო მათ საქმეს განიხილავდა და გადაწყვეტდა, სახიფათონი იყვნენ თუ არა საზოგადოებისთვის. ვენეიბლსი და ტომპსონი ციხიდან 2001 წელს გაათავისუფლეს.
ამბავი ამით არ დასრულებულა. ორივე მათგანს საბუთები შეუცვალეს, რათა თავიდან აეცილებინათ დევნა და შურისძიება. ამის მიუხედავად, ჯეიმსის მამამ 2004 წელს ტომპსონის პოვნაც მოახერხა და შვილის მკვლელს პირისპირ შეხვდა, მაგრამ არაფერი მოუქმედებია.
მას შემდეგ რობერტ ტომპსონისგან არავის არაფერი სმენია – მან, ალბათ, მოახერხა საზოგადოებაში ასიმილაცია და ახალი ცხოვრების დაწყება. იგივეს ვერ ვიტყვით ვენეიბლსზე: 2010 წელს ის ბავშვთა პორნოგრაფიისთვია გაასამართლეს. მან ციხეში სამი წელი გაატარა და 2013 წელს პირობით გაათავისუფლეს. ჯეიმსის მამამ, რალფმა, იმ დროს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მისი შვილის მკვლელები ციხეში უნდა იყვნენ.
ვენეიბლსი 2017 წელს კვლავ გაასამართლეს: ამჯერად პოლიციამ მის კომპიუტერში ბავშვთა პორნოგრაფიის ფოტოები იპოვა, ასევე სახელმძღვანელო პედოფილებისთვის დეტალური ინსტრუქციებით.
2023 წლის სექტემბერში ვენეიბლსი კვლავ გამოჩნდა: მან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვა. ჯეიმსის მშობლები და ოჯახი შეშინებულები იყვნენ და კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადება, რომ ისეთი საშიში კრიმინალი, როგორიც ჯონ ვენეიბლსი იყო, ციხეში უნდა მჯდარიყო. ამჯერად სასამართლომ მათი მხარე დაიჭირა - 2023 წლის 13 დეკემბერს მისი ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ის საზოგადოებისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს.