შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგნების მიხედვით, საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა. საგამოცდო პროგრამებში, კონკრეტულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში რამდენიმე ის თემა, რაც წინა წლებში იყო, აღარ გვხვდება. მაგალითად, ამოღებულია "ხევისბერი გოჩა", "ბახტრიონი", "განდეგილი" და კიდევ სხვა ნაწარმოებები. აღნიშნულ ცვლილებას საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა პროტესტი გამოხატა. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი გადაცემაში "იმედის დილა" განმარტავს, რა შეიცვალა საგამოცდო პროგრამების თვალსაზრისით:
- ილია, ვაჟა, აკაკი, ჩვენი კლასიკოსები ის უმთავრესი საზრდოა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგვყვება. ჩვენს მოსახლეობას მიაწოდეს, რომ ილია, ვაჟა და აკაკი აღარ ისწავლება და აღარ არის საინტერესო. ინფორმაციის ასე გავრცელებამ ძალიან ბუნებრივი უკმაყოფილება გამოიწვია. მეგობრებო, ილიაც, ვაჟაც, აკაკიც, "მე და ღამეც", "განდეგილიც", "მთაწმინდის მთვარეც", "მგზავრის წერილებიც", "სტუმარ-მასპინძელიც"და სხვა ჩვენი მთავარი საზრდოა. რასაკვირველია, ისევ ისწავლება და ჩვენს პროგრამაში ყოველთვის იქნება. გამორიცხული ამბავია, რომ ეს ასე არ იყოს. მაშინ მართლა აპოკალიფსი იქნება. სასწავლო პროგრამაში ყველაფერია და მას არავინ შეხებია. მაშ, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი?
პირველ რიგში, როდესაც სასწავლო პროგრამასა და ზოგად განათლებაზე ვსაუბრობთ, 12 წლის ბოლოს გავცემთ ატესტატს, რითაც სასწავლო პროგრამის გავლას ვადასტურებთ. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ ისწავლა ყველაფერი, რაც ჩვენ სკოლაში შევთავაზეთ.
რაც შეეხება უმაღლეს გამოცდასა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ პროგრამას, რომელსაც ყოველწლიურად აცხადებს და ყოველწლიურად იცვლება ეს პროგრამა - ეროვნული გამოცდები ერთგვარი საშვი და გასაღებია უმაღლესი განათლებისკენ და მას აინტერესებს, გაქვთ თუ არა შესაბამისი ცოდნა, კომპეტენცია და უნარები და შეძლებთ თუ არა უმაღლეს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას. ამისთვის ჩვენი ექსპერტები (ნებისმიერ საგანს ეხება) აიდეტინფიცირებენ მასალას, რომლითაც გაზომავენ იმ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციას, რომლებიც უმაღლესი განათლებისაკენ გასაღები იქნება.
ისტორიიდან საკითხებზეც გავრცელდა ინფორმაცია. ეს თემა თითქოს კარგი იარაღი გახდა. მავანმა იცოდა, რომ კარგად "გაიყიდებოდა". პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდაზე ისტორიის საგამოცდო პროგრამაში არათუ რამე ამოვიღეთ, საკითხები დაემატა.
სასწავლო პროგრამაში არაფერი შეცვლილა. ვსწავლობთ ყველაფერს, რასაც აქამდე ვსწავლობდით. ჩვენ იმიტომ არ ვსწავლობთ ილიას, აკაკის, ვაჟასა და დიდ კლასიკოსებს, რომ ვიფიქროთ, გამოგვადგება თუ არა ეს გამოცდაზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რა ლიტერატურული ნაწარმოებებით უნდა გაიზომოს კომპეტენცია და უნარები? - მაგალითად, "კაცია-ადამიანი?!", რა თქმა უნდა, საგამოცდო პროგრამაშია. თუ აბიტურიენტს ეს თემა მიუვა და უნდა იმსჯელოს - თუ არ იცის "ბედნიერი ერი" და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები, ამ მსჯელობას ვერ გაშლის. ესსე იქნება თუ თავისუფალი თემა, არის თუ არა კონკრეტული ნაწარმოები საგამოცდო პროგრამაში, თუ არ იცის, თემას უბრალოდ ვერ გაშლის.
გამოცდა ეყრდნობა ლოგიკას, თუ რა მასალა უნდა შეარჩიოს სასწავლო პროგრამიდან, რომ შემდეგ აბიტურიენტმა მისი განვრცობა მოახერხოს და ანალიტიკური უნარები დაადასტუროს. ტესტი დაეყრდნობა იმ ლიტერატურას, რომელიც საგამოცდო პროგრამაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს სკოლაში რა ცოდნაც აქვს მიღებული, ვერ გამოიყენებს.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისტორიის გამოცდიდან საქართველოს ისტორიის საკითხები შემცირდა. ბოლო ორი წელია, გარდა იმისა, რომ საშუალო საფეხურზე მსოფლიო და საქართველოს ისტორია ისწავლება, საქართველოს ისტორია ცალკე შევიტანეთ. გამოცდების ეროვნული ცენტრი ორივე სახელმძღვანელოს დაეყრდნო. შესაბამისად, პროგრამა კი არ შემცირდა, გამდიდრდა. მაგალითად, ხაზი შემდეგ საკითხს გაუსვეს - ადრე საგამოცდოდ აჯანყებები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მე-19 საუკუნეში იყო და ახლა აღარ არისო. ხაზგასმით ვამბობ: თემა რჩება, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, სადაც 1802, 1804, 1819, 1820 წლის აჯანყებები, რა თქმა უნდა, აბიტურიენტს მოეთხოვება, მათ შორის, საგამოცდო პროგრამით. ცალკე გამოვიტანეთ 1832 წლის შეთქმულება - ანუ თემა დაემატა კიდევაც. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თავში, სადაც აბიტურიენტებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემის ცოდნას ვთხოვთ, 1802, 1804, 1819, 1820 წლის აჯანყებებიც შედის. 1832 წლის შეთქმულება კიდევ ცალკეა გამოყოფილი.
თამარ მახარაშვილმა ამავე გადაცემაში თქვა, რომ მასწავლებლებთან კიდევ ექნებათ კომუნიკაცია, რომ ეს საკითხები მათთვისაც ბოლომდე ცხადი გახდეს.