მას შემდეგ, რაც ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკა წარმატებით დაინერგა, ამჯერად მსოფლიოში დაიბადა პირველი ბავშვი, რომელიც ადამიანის სხეულის გარეთ მომწიფებული კვერცხუჯრედიდან განვითარდა.
ბავშვი ქალაქ ლიმაში (პერუს დედაქალაქი) სანტა იზაბელის კლინიკაში გაჩნდა და ის დამიანის სხეულის გარეთ კვერცხუჯრედის მომწიფების ტექნოლოგიის გამოყენებით მოევლინა ქვეყანას.
Fertilo ტექნოლოგია ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Gameto-მ შეიმუშავა და ის ინ ვიტრო განაყოფიერების ახალ სახეობას (IVF) წარმოადგენს.
სტანდარტული IVF პროცედურის დროს, ქალს ჩვეულებრივ უტარდება ჰორმონალური სტიმულაცია და რამდენიმე კვირის განმავლობაში ინექციები სჭირდება განაყოფიერებისთვის შესაფერისი კვერცხუჯრედების მოსამწიფებლად, შემდეგ კი მათ იღებენ, მამაკაცისგან ასევე იღებენ სიცოცხლისუნარიან სპერმას.
მშობლების სასქესო უჯრედების გაერთიანება და ემბრიონის მიღება სპეციალურ ინკუბატორში ხდება, რომლებიც მომავალი დედის საშვილოსნოში ჩანერგვამდე ხელოვნურ პირობებში ვითარდება.
ახალი, ფერტილოს ტექნოლოგიის გამოყენებისას კი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესის უმეტესი ნაწილი ქალის სხეულის გარეთ მიმდინარეობს, მთელი პროცედურა მცირდება 2-3 კვირიდან სამ დღემდე, ხოლო ჰორმონის ინექციების რაოდენობა 80%-ით მცირდება. ეს ნაკლებ ზიანს აყენებს ქალის ორგანიზმს, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ჰორმონალური თერაპია უკუნაჩვენებია. რა თქმა უნდა, სტანდარტული IVF შეიძლება გაკეთდეს ბუნებრივ ციკლში ჰორმონის ინექციების გარეშე, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება და დაორსულებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
Fertilo ტექნოლოგია გულისხმობს კვერცხუჯრედის მომწიფებას ქალის სხეულის გარეთ, ღეროვანი უჯრედებიდან ლაბორატორიაში მიღებული ეგრეთ წოდებული საკვერცხის დამხმარე უჯრედების გამოყენებით.
პერუში ამ გზით დაბადებული პირველი ბავშვი, შეიძლება ითქვას, ექსპერიმენტული შემთხვევაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია ახლახან ამთავრებს კლინიკურ კვლევებს და ტექნოლოგია პრაქტიკაში გაცილებით გვიან ამოქმედდება. მაგრამ კლინიკები ბევრ ქვეყანაში უკვე დაინტერესდნენ Fertilo ტექნოლოგიით, მათ შორის ავსტრალია, იაპონია, მექსიკა, არგენტინა და პარაგვაი.