უკვე ერთი თვეა, ავსტრალიური მედია პოპულარული ბლოგერის ალანა ჰარისის სკანდალს განიხილავს და საზოგადოება შოკშია. ექიმებმა მის ქალიშვილს თავის ტვინზე ორი ოპერაცია გაუკეთეს, რადგანაც თვლიდნენ, რომ სასიკვდილოდ იყო ავად. მოგვიანებით, პოლიციამ ქალის სახლში აღმოაჩინა ნარკოტიკი, რომელსაც ის მცირეწლოვან შვილს ასმევდა, რომ ეპილეფსია გამოეწვია, შემდეგ საზოგადოებისათვის ეთქვა, რომ პატარა გოგონა ცუდადაა და თანხა შეეგროვებინა...
ოთხი შვილის დედამ ალანა ჰარისმა ბლოგერობა სამი წლის წინ დაიწყო. ქალი ამბობდა, რომ კორონავირუსმა ბევრ რამეზე დააფიქრა და სურდა, უფრო მეტი დრო საკუთარ ქმართან და შვილებთან გაეტარებინა. ამიტომაც, შვილებთან ერთად ვიდეოების გადაღება დაიწყო და საკუთარი დღეები, აქტივობები გამომწერებს გაუზიარა. კონტენტი იმდენად სახალისო იყო, ისე თბილად ექცეოდა ის შვილებს, დაჰყავდა სხვადასხვა ადგილზე, რომ ბევრმა ადამიანმა მოიწონა. ქალმა 6 თვეში TikTok-ზე 350 ათასი მომხმარებელი მოაგროვა.
პოპულარობის კიდევ ერთი დიდი ტალღა მაშინ მიიღო, როდესაც სოციალურ ქსელში გულწრფელად ისაუბრა, როგორ დაორსულდა მეოთხე შვილზე იმის მიუხედავად, რომ კონტრაცეპტივებს იღებდა. ვიდეოს 25 მილიონი ნახვა და უამრავი კომენტარი ჰქონდა. Tik-Tok-ის ვარსკვლავს დედები აქებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გმირი იყო, რომ ამ ბავშვის დაბადება ღმერთის სურვილი იყო და სასწაული მოხდა.
ნელ-ნელა ალანა ჰარისმა საკუთარ ბლოგზე რეკლამების განთავსება დაიწყო. პირდაპირ ამბობდა, რომ ახალ, უფრო დიდ სახლში გადასვლა უნდოდა. გარდა ამისა, საკუთარი ინსტაგრამის გამოწერა ფასიანი გახადა. გამომწერებს თვეში 8 დოლარი უნდა გადაეხადათ. სანაცვლოდ კი, ალანამ პირობა დადო, რომ გამომწერებს ყველაფერზე აბსოლუტურად გულწრფელად დაელაპარაკებოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალანამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მის პატარა შვილს მძიმე დაავადება ჰქონდა და ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა. ატირებულმა აღნიშნა, რომ ექიმებმა ერთი წლის დეიზის ტუბეროზული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც კეთილთვისებიანი სიმსივნეები ქსოვილებსა და ორგანოებში ყალიბდება და ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს.
მისი თქმით, ბავშვს კრუნჩხვები ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა და მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდებოდა. ქალი ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემას ნეგატიურად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ მათ მკურნალობის არასწორი ტაქტიკა აირჩიეს.
2024 წლის აგვისტოში ჰარისმა თქვა, რომ დეიზი კომაში ჩავარდა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. პარალელურად, შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ტვირთავდა და გულშემატკივრებს დახმარებისკენ მოუწოდებდა.
6 თვეში ბლოგერმა 60 ათასი დოლარი შეაგროვა. მისი გამომწერების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა და ქალს ყველა გულშემატკივრობდა. დეიზის ტვინზე 2 ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ალანა კი ლაივებში ტიროდა და ამბობდა, რომ დახმარება სჭირდება.
"ამ რეალობასთან შეგუება ნამდვილად გვიჭირს. დეიზიმ უკვე ორი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს." - თქვა ბლოგერმა სექტემბერში. ის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა, ამბობდა, რომ ბავშვი სახლში მიჰყავდა.
აუდიტორია მზად იყო, ქალს დახმარებოდა... მაგრამ მოულოდნელად, ალანას ქმარმა Snapchat-ზე შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა... ის ამბობდა, რომ ქალი საკუთარ მცირეწლოვან შვილს ფსიქოტროპულ საშუალებებს ასმევდა, რათა ეპილეფსიის ნიშნები გამოეწვია.
"ალანა, შენ ნამდვილი მონსტრი ხარ!" - წერდა ბლოგერის მეუღლე ბროკ ჰარისი. მათ სახლში მალევე პოლიცია გამოჩნდა. სახლში მართლაც ძლიერი ფსიქოტროპული საშუალებები იპოვეს. დეიზი კი სამედიცინო შემოწმებაზე გაგზავნეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს ნევროლოგიური აშლილობის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეზე საუბარი არ ყოფილა.
ბლოგერის სოციალური ქსელები დაიბლოკა. ქალი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია. სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ აღძრულა, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.
უკვე ერთი თვეა, ავსტრალიური მედია ამ თემაზე წერს და ამბავმა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მოიარა. ახლა მოსახლეობა არა მხოლოდ ბლოგერზეა გაბრაზებული, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარ შვილს აწამებდა და ამ გზით ფულის შეგროვებას ცდილობდა, არამედ ჯანდაცვის სისტემასა და ზოგადად, მთავრობას ადანაშაულებენ. აღსანიშნავია, რომ პატარა დეიზის ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. უცნობია, ექიმებმა რატომ ვერ დაინახეს მედიკამენტების კვალი და რატომ ჩაუტარეს ბავშვს ოპერაცია, თუ არ სჭირდებოდა. ჯერჯერობით, როგორც აღვნიშნეთ, გამოძიება მიმდინარეობს და ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები ვრცელდება.
აქტივისტებმა ასევე შექმნეს პეტიცია და ავსტრალიის მთავრობისგან პერსონალური მონაცემების შესახებ კანონების გადახედვასა და ბლოგერი მშობლებისათვის მკაცრი წესების დაწესებას მოითხოვენ, რომ ბავშვების ექსპლუატაცია თავიდან აირიდონ.