უმძიმესი დანაშაული 21 დეკემბერს ვარკეთილში საღამო ხანს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი ახალგაზრდა, დედისერთა ბიჭი, 23 წლის მიშო ქავთარაძე მიყენებული დაზიანებით კლინიკაში მისვლისთანავე გარდაიცვალა. ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიშოს მამა, ბესო ქავთარაძე, რომელიც ეზოში მოჩხუბრების გასაშველებლად ჩავიდა, მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კლინიკაში იმყოფება კიდევ ორი დაჭრილი ახალგაზრდა, ისინი მიშოს მეგობრები და მეზობლები არიან.
რა გახდა სისხლისღვრის მიზეზი და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, გამოძიებით გახდება ცნობილი. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ბიჭები ალბათ გამოძიებას უამბობენ რატომ მივიდა საქმე ამხელა ტრაგედიამდე. დანაშაული მათ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა და სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს საქმის ირგვლივ არაერთი პირი. სამართალდამცავებმა მომხდარზე, ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართალია, ძალოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი სხვა პირების ბრალეულობაზე, თუმცა მოკლული ახალგაზრდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ჩხუბში მხოლოდ ერთი პირი არ მოქმედებდა და რომ დამნშავეს თანამზრახვლები ჰყავს. ისინი ყველა დამნაშავის გამოვლენას და დაკავებას ითხოვენ. მოკლულის დეიდაშვილმა ანა ფაცაციამ საქმის ირგვლივ დეტალებზე ინფორმაციის მოწოდება იმიტომ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებაში უამრავი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. განაგრძეთ კითხვა