სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი თვიური ანაზღაურება ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს აქვთ. აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს თვიურად, საშუალოდ, 3 800 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა 2023 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
მეორე ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია. აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 3 200 ლარზე მეტს შეადგენს.
შემდეგია პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, საშუალოდ, თვიურად 2 500 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო მშენებლობაა. სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი თვიურად 2 300 ლარზე მეტს შეადგენს.
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო თვიური ხელფასი 2 100 ლარზე მეტია.
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი მიმართულება, რასაც დასაქმებულ ადამიანებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, თვიურად 2 000 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი.
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო თვიური ხელფასი 2 000 ლარზე მეტია.
ტრანსპორტირება და დასაწყობება - საშუალო თვიური ხელფასი 1 800 ლარზე მეტია.
ხელოვნება, გართობა და დასვენება - აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 1 600 ლარზე მეტი აქვთ ანაზღაურება.
დამამუშავებელი მრეწველობა - ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს თვიურად დაახლოებით 1 600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი.
აღსანიშნავია, რომ საშუალო თვიური ანაზღაურება სქესის მიხედვით განსხვავდება.
მაგალითად, როგორც უკვე ნახეთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ყველზე მაღალანაზღაურებადი სფეროები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ქალების თვიური საშუალო ხელფასი 3 013 ლარია. ხოლო მამაკაცების - 4 500 ლარზე მეტი.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ჩართული ქალების საშუალო თვიური ანაზღაურება, დაახლოებით, 2 411 ლარია. ხოლო მამაკაცების - 4 700 ლარზე მეტი.
სქესის მიხედვით ანაზღაურება თითქმის ყველა სფეროში განსხვავებულია და უპირატესობა უმეტესად მამაკაცებს აქვთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოცემული სტატისტიკა 2023 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ვრცლად კი შეგიძლიათ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი