ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანი ხშირად აღნიშნავს, რომ კომუნალური გადასახადები იმაზე გაცილებით მეტი მიუვიდათ, ვიდრე გამოიყენეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში წერენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში მითითებულ მონაცემებს არ ეთანხმებით - ამის შესახებ შეკითხვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მივმართეთ:
"მომხმარებლებს შეუძლიათ, უშუალოდ მიმწოდებელ კომპანიასაც დაუკავშირდნენ და მონაცემების გადამოწმება მოითხოვონ. ასევე, შეუძლიათ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართონ, რომ დარიცხულ თანხას არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ იმაზე მეტი დაერიცხათ, ვიდრე მოიხმარეს. ჩვენგან ყველაფერი გადამოწმდება და თუ დაფიქსირდება ხარვეზი, მიმწოდებელი კომპანია შეცდომას აუცილებლად გამოასწორებს. განხილვის მაქსიმალური ვადა წინასწარ განსაზღვრული არ არის, მაგრამ 2 თვეზე მეტს არ გრძელდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ საქმე სემეკშია, მიმწოდებელ კომპანიას ევალება, თუ მომხმარებელი თანხას არ გადაიხდის, მას მიწოდება არ შეუზღუდოს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხას დაფარავს და, პარალელურად, სემეკში განიხილება საქმე, თუ ხარვეზი დაფიქსირდება, კომპანიას დაევალება, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა აბონენტს დაუბრუნოს.
მომხმარებლებს შეუძლიათ, ადგილზე მოვიდნენ და განცხადებით მოგვმართონ. მისამართი: საბურთალო, მიცკევიჩის 19 ნომერი. შეუძლიათ აბონენტებს ხელმოწერილი განცხადება ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგვიგზავნონ ან იუსტიციის სახლის რომელიმე ფილიალში მივიდნენ და იქიდან გამოგზავნონ." - გვითხრეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნომერზე: 16 216
თამარ იაკობაშვილი