1 წლის ასაკიდან ბავშვი შეგიძლიათ საერთო საოჯახო კვებაზე გადაიყვანოთ. გირჩევთ, არჩევანი ბავშვს მიანდოთ. ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენმა პატარამ რომელიმე პროდუქტი ამოიჩემა ან პირიქით, რომელიმეს ცხვირი აუბზუა. თუ ბავშვმა უცებ აიკრძალა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - ის ისევ შეიყვარებს ამ ბოსტნეულს; ძალდატანებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი დაწუნება მუდმივ სიძულვილად გადაექცევა. თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორიოდე კვირას ნუღარ აჭმევთ.
თუ ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს (ასეთი რამ სიცოცხლის მეორე წლისთვის დამახასითებელია), მიეცით ის, რომელიც უყვარს. თუ ბოსტნეულს საერთოდ არ ეკარება, უფრო მეტი ხილი აჭამეთ. თუ საკმაო რაოდენობით იღებს რძის ნაწარმსა და ხილს, ბოსტნეულში არსებული ნივთიერებების დანაკლისს იოლად აინაზღაურებს. ზოგიერთ ბავშვს სიცოცხლის მეორე წელს ფაფა ბეზრდება. ჭამას ნუ აიძულებთ - გამორიცხული არ არის, გული აერიოს.
არსებობს ფაფის შემცვლელი სხვა პროდუქტები - პური, მაკარონი, კარტოფილი. რამდენიმე კვირის განმავლობაში სულაც რომ არ მიიღოს სახამებლის შემცველი სურსათი, არც ამით დაშავდება რამე. თუ პატარა რძეს საკმაო რაოდენობით არ სვამს, აცადეთ, სანამ თვითონ მოითხოვს, დანაკლისის ასანაზღაურებლად კი რძის ნაწარმი - ყველი, ხაჭო, მაწონი მიეცით. ყველი ძალიან სასარგებლოა: 30 გრამი იმდენსავე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 230გ რძე. ხაჭოში ცოტა ცხიმია, ამიტომ ორგანიზმი მას ბევრს და ადვილად ითვისებს. 300გ ხაჭო 1 ჭიქა (250მლ) რძეს უტოლდება. კარაქს პატარა თანდათან შეაჩვიეთ. შეურიეთ ბოსტნეულის პიურეში, წაუსვით პურზე ან ყველიანი ბუტერბროდი მოუმზადეთ, თან სცადეთ, სათამაშოს ან ცხოველის ფორმა მისცეთ, რომ პატარას მისთვის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს. თუ ბავშვმა რძის ნაწარმი მთელი თვის განმავლობაში არ მიიღო, ექიმს მიმართეთ. ის პატარას კალციუმს დაუნიშნავს.
ნუ დააძალებთ პატარას ჭამას. უმჯობესია მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონით უზრუნველვყოთ და ნუ გაგიკვირდებათ, როცა შეამჩნევთ, თუ როგორ ეცვლება გემოვნება. ბევრს ჰგონია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ პატარა უკეთესად შეჭამს. სინამდვილეში სეირნობის, მოძრავი, ენერგიული თამაშების შემდეგ იგი დაღლილია; საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეცია (გამომუშავება) ქვეითდება. ამიტომ ჭამამდე აჯობებს ბავშვი ცოტა ხნით დაასვენოთ. მიეცით ცოტა წყალი, ზოგჯერ ეს მადასაც აღვიძებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1 კგ-ზე 80-100 მლ-ია. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვვევაში დამტკბარი - ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას ამცირებს და მადას აუარესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია.