არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი გარკვეული ტიპის ქონებას ფლობს, მაგრამ არც შვილი ჰყავს და არც დაქორწინებულია, ანუ არ ჰყავს პირდაპირი მემკვიდრე. რა ხდება მისი გარდაცვალების შემდეგ, ვის გადაეცემა ეს ქონება მემკვიდრეობით, რამდენ ხანს შეიძლება კონკრეტული ქონება გარდაცვლილის სახელზე იყოს და რა შემთხვევაში რჩება ის სახელმწიფოს ან ნათესავებს - აქტუალურ თემაზე ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი გვესაუბრება:
- არ არის აუცილებელი, ადამიანი დაქორწინებული იყოს და საკუთარი ოჯახი ჰყავდეს. კანონით ხუთი რიგის მემკვიდრე არსებობს. მემკვიდრეობა რიგითობის მიხედვით ისაზღვრება. თუ წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე არსებობს, მაშინ ის სხვა რიგის მემკვიდრეებზე ვერ გადავა. მაგალითად, თუ გარდაცვლილს და-ძმა ჰყავს, მაშინ ქონება დეიდაშვილებზე, მამიდაშვილებზე ვერ გადავა და ასე შემდეგ.
პიროვნების გარდაცვალების შემთხვევაში ქონების სხვა პირზე გადასვლის ორი სახე არსებობს: კანონით ან ანდერძით. თუ ანდერძი არ არსებობს, მემკვიდრეობა კანონით განსაზღვრულ პირთა წრეზე გადადის. როგორც აღვნიშნე, ხუთი რიგის მემკვიდრეები არსებობენ:
პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები. თუ მამკვიდრებლის შვილი გარდაცვლილია, მის ადგილს შვილიშვილი იკავებს.
მეორე რიგის მემკვიდრეები არიან: დები და ძმები. თუ ისინი ცოცხლები არ არიან, მათი შვილები.
მესამე რიგის მემკვიდრეები არიან: ბებია და პაპა.
მეოთხე რიგის მემკვიდრეები არიან: ბიძები, დეიდები და მამიდები.
მეხუთე რიგში არიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები.
ამის შემდეგ ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ და ადამიანს სიცოცხლეში ქონება არავისთვის უჩუქებია, არც ანდერძი არსებობს, მაშინ ქონება სახელმწიფოს რჩება. სამკვიდრო პირის გარდაცვალებიდან, 6 თვის შემდეგ იხსნება. თუ 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ ქონებაზე მემკვიდრე არ გამოჩნდა, სახელმწიფოს შეუძლია, მასზე მოთხოვნა გამოაცხადოს.
- სანამ საკუთრების საკითხი არ გაირკვევა, ქონება გარდაცვლილის სახელზე იქნება. თუ დადგინდა, რომ მას მემკვიდრეები არ ჰყავს, მაშინ სახელმწიფოს სახელზე გადადის. მაგრამ, პრაქტიკაში უამრავი ასეთი მაგალითია: კონკრეტულ სახლში გარდაცვლილის მემკვიდრეები ცხოვრობენ, მაგრამ ქონება მის სახელზეა. იმისათვის, რომ მემკვიდრემ ქონება გადაიფორმოს, ცვლილება საჯარო რეესტრში უნდა მოხდეს. თუ საჯარო რეესტრს არავინ მიმართავს, ის ქონება გარდაცვლილის სახელზე დარჩება.
საჯარო რეესტრს გარდაცვალების საბუთი სჭირდება. სხვაგვარად ის როგორ გაიგებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა? თუ გარდაცვალების საბუთი დაფიქსირებული არ არის, იქამდე, სანამ არ გაირკვევა, ვინ არის კონკრეტული ქონების მემკვიდრე, ის გარდაცვლილის სახელზე იქნება.
თუ სახელმწიფო დაიწყებს მოკვლევას და დადგინდება, რომ სახლში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით მემკვიდრეობა არ ეკუთვნით, ხუთი რიგის მემკვიდრეებიდან, არც ერთის არარსებობის შემთხვევაში, მისი წაღების უფლება ექნება. პირდაპირი მემკვიდრე სახელმწიფო გამოდის.
ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, 6 თვეში სამკვიდროს გახსნა ხდება. თუ ადამიანი გარდაიცვალა, მის მემკვიდრეებს აქვთ ვალდებულება, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსს მიმართონ. თუ კაცს ორი შვილი ჰყავს. გარდაცვალების შემდეგ ერთმაც რომ მიმართოს სამკვიდროს მიღებასთან მიმართებაში, საკმარისი იქნება - მან უნდა მიუთითოს, რომ ჰყავს და ან ძმაც, ისინი არიან მემკვიდრეები და სხვას ინტერესი არ აქვს. ნოტარიუსი 6 თვის განმავლობაში სხვა მემკვიდრეებს ელოდება, სამკვიდროსთან დაკავშირებით გამოხატავს თუ არა ვინმე ინტერესს. 6 თვის შემდეგ სამკვიდრო გაიხსნება. ეს ის ვადაა, როცა მემკვიდრეებს აქვთ საშუალება, საკუთარი პრეტენზია წამოაყენონ.
- თუ პირის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მემკვიდრე ქონებაზე პრეტენზიას არ განაცხადებს, მაგრამ ცხოვრობს იმ სახლში ან იყენებს სხვა ტიპის ქონებას, ნოტარიუსს უნდა მიმართოს და ეს დაამტკიცოს. ნოტარიუსი თუ უარს ეტყვის, მაშინ სასამართლოს უნდა მიმართოს და ქონება სასამართლოს წესით დაირეგისტრიროს.
- სახელმწიფო განკარგავს იმ მიზნებით, რა მიზნებითაც დასჭირდება. კონკრეტული დანიშნულება განსაზღვრული არ არის. ეს და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩემს წიგნში - "100 მარტივი სამართალი" შეგიძლიათ, წაიკითხოთ. წლების განმავლობაში არაერთი საინფორმაციო ვიდეო ჩავწერე და უამრავ სამართლებრივ საკითხზე ვისაუბრე. ყველა ინფორმაცია გავაერთიანე და წიგნად შევკარი. ეს იურიდიული კარაბადინია. მარტივ, გასაგებ ენაზეა გადმოცემული ყველაფერი, რაც შეიძლება, ადამიანებს მემკვიდრეობასთან, ოჯახურ სამართალთან, ბავშვთა უფლებებთან, ძალადობასთან, ბანკთან ურთიერთობასთან, გირავნობასთან და სხვა არაერთ საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით აინტერესებდეთ. გამოწერა ყველას შეუძლია.
თამარ იაკობაშვილი