"არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე..." - ბაჩო ქაჯაია - მშობლები

"არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე..." - ბაჩო ქაჯაია

2025-01-22 12:56:29+04:00

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძემ გადაწყვეტილების გამოცხადება 23 იანვრამდე გადადო.

ქაჯაიას თქმით, ის დაელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს.

"მტკიცებულებაში იყო ორი ვიდეო, ერთი საერთო და ერთი, რომელშიც იდენტიფიცირება ხდება, ანუ მთლად ისე არ არის, რომ ვერ ხერხდება ჩემი იდენტიფიცირება, უბრალოდ იქ დროში იყო აცდენა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს, რომ ბევრი ხალხი ვართ და მე ვდგავარ ამ ხალხში.

ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ დღეს არ გამოგვიცხადა გადაწყვეტილება.

დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს და შემდგომ გავაკეთებ შეფასებას”, - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

გარდა ამისა, მან სასამართლოზე თქვა:

"ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში - ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს".