უწყვეტი პროტესტის მე-60 დღე გაილია.
ჟურნალისტი და მზია ამაღლობელის კოლეგა ნინა ბაიდაური სოციალურ ქსელში წერს:
"მეთექვსმეტე დღე დაიწყო, მზია ამაღლობელი ივანიშვილის ტყვეა.
მე-16 დღე დაიწყო, შიმშილობს.
შიმშილობის მე-15 დღის ბოლოს ვეღარც თავს მოვიტყუებთ და ვეღარც სხვას, რომ მზია მხნედაა და „სტაბილურად გამოიყურება”.
არ ვიცით, მზია როგორაა.
როგორ „სტაბილურადაც“ არ უნდა გამოიყურებოდეს დღეს, საათი წიკწიკებს.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების მთავარი რედაქტორები პარლამენტის წინ დგანან ღამის ორ საათზე – თავისუფლება მზიას.
ქოცებზე კი არა, ყველაზე ვბრაზობ, საკუთარ თავზე, ჩვენზე, პროტესტზე, პროტესტის ყველა კრეატიულ იდეაზე, განხორციელებულზე და განსახორციელებელზე, პროტესტის ყველა კრიტიკაზე.
მზიაზეც კი, რომ ის ასეთი შეუვალი, პრინციპული და თავგანწირულია და მე ვერაფერი მომიფიქრებია, გარდა იმისა, რომ დღეები ვუთვალო, აბააა, რამდენი ხანია ებრძვის რეჟიმს და უსამართლობას იმ ერთადერთი გზით, რაც დაუტოვეს – ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.
მზიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ივანიშვილის სხვა ტყვეები – ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე. ამათი საათიც აწიკწიკდება.
და მაგ დროს, რომელ მარშზე რომელი ბანერი რომლის გვერდით დადგეს და რომელი საინფორმაციოს პირდაპირ ეთერს დაემთხვეს სტარტი, მაგაზე ვიკამათებთ ისევ რუპორებში?"