სკოლის ნიშნები რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე გავლენას მოახდენდა, ეს თემა გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წამოჭრა. მან განაცხადა, რომ სამინისტრო სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე მუშაობდა და სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ალტერნატივა გახდებოდა. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 2024 წლის სექტემბერში გადადგა და მისი ინიციატივის შესახებ განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ დაუზუსტებიათ.
ეს თემა ამჯერად ახალ, 2025-2028 წლის სამთავრობო პროგრამაში გამოჩნდა, რომელიც 2024 წლის ნოემბრით თარიღდება. დოკუმენტში ვკითხულობთ:
"პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები." - აღნიშნულია პროგრამაში, თუმცა როდის და რა ფორმით იგეგმება ცვლილებები, დღესაც უცნობია. სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა ამბავი, რომ უნივერსიტეტებში ჩაბარებაზე სკოლის ნიშნები იმოქმედებენ. წყაროდ კი ზემოთ ნახსენები დოკუმენტი სახელდება.
ინფორმაცია ბევრმა ადამიანმა გააზიარა და უამრავი უარყოფითი კომენტარი გამოიწვია. მშობლები, ძირითადად, კორუფციის რისკებსა და არაობიექტურობაზე ღელავენ.
გადავწყვიტეთ, ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურთან კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტროს ცხელ ხაზზე კი განგვიცხადეს, რომ ამ მიმართულებით თუკი რაიმე სიახლე იქნება, მათ ვებგვერდზე ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.
ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა ინფორმაციის გავრცელებისთანავე მშობელთა ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარა და მათ მოსაზრებებს გაეცნო. გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს. მეგი კავთუაშვილი გვესაუბრება, რა რისკებს შეიცავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად სკოლის ნიშნების გათვალისწინება:
- მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არც განხილვები დაწყებულა, იმდენად მყიფე დემოკრატია გვაქვს, რომ შეიძლება, ცვლილება სრულიად მოულოდნელად განახორციელონ. ამიტომაც, მშობლებთან გამოკითხვა გავაკეთე და მოვიძიე, თუ რას ფიქრობენ ისინი. ჩვენი მონაცემებით, ინიციატივას მხოლოდ 8% უჭერს მხარს. ხოლო, 92% წინააღმდეგია. კომენტარებში ყველა მათგანი განმარტავს, რომ დღეს სისტემა ამისთვის მზად არ არის. თუ სამომავლოდ მთელი რიგი საკითხები დარეგულირდება, ამ შემთხვევაში მიესალმებიან. წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. მშობლები ამბობენ, რომ თუ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები არ მოხდება, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად კორუფციის მიზეზი გახდება. პირველი მიზეზი, რის გამოც ისინი წინააღმდეგნი არიან, არის ის, რომ სკოლებში პედაგოგებს ან არ აქვთ შეფასების კრიტერიუმები, ან თუ აქვთ, ეს ბავშვებისა და მშობლებისათვის ბოლომდე ცხადი არ არის. განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები, მასწავლებლებიც კი ამბობენ, რომ შეფასება ამ სისტემის ,,აქილევსის ქუსლია“. ამ პირობებში, როცა შეფასების კრიტერიუმები და კომპონენტები ცხადი არ არის, ხშირ შემთხვევაში მოსწავლემ არ იცის, რის გამო იღებს კონკრეტულ შეფასებას. როგორც წესი, მოსწავლის შეფასება სუბიექტური და შედარებითია. კლასში ყველაზე კარგად ვინც სწავლობს, ის უმაღლეს ქულას იღებს. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ კლასი სხვანაირად რომ იყოს დაკომპლექტებული, მოსწავლეებმა განსხვავებული შეფასებები მიიღონ. ამიტომ, შეფასების კრიტერიუმებისა და კომპონენტების ან არარსებობა ან კიდევ გაურკვევლობა, სერიოზული პრობლემაა.
მოსწავლეთა მშობლებისგან საჩუქრების აღება, ასევე, საკუთარი მოსწავლეების მომზადება გავრცელებული პრაქტიკაა. რეგულირებადი არც ერთი მათგანია. მშობელს შეუძლია, მასწავლებელს იმდენჯერ და იმ რაოდენობის საჩუქარი გაუკეთოს, რამდენიც თავად მოუნდება. მასწავლებელს საკუთარი მოსწავლეების მომზადებასა და მათგან ფულის აღებას არავინ ედავება. ოდესღაც მასწავლებლის ეთიკის კოდექსში ეწერა, რომ საკუთარი მოსწავლის მომზადება არ შეიძლება. ეს ჩანაწერი ახლაც არის, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. ხშირად ის მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტული საგნის მასწავლებელთან ემზადებიან, უპირატეს მდგომარეობაში არიან იმ მოსწავლეებთან შედარებით, ვინც არ ემზადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც არ ემზადება, ის არ სწავლობს. ზოგჯერ ასეც ხდება, ბავშვმა შემაჯამებელ დავალებაში რაც უნდა შეასრულოს, ის წინა დღეს საკუთარ მასწავლებელთან, სახლში, გავლილი აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებს ქმნის. აღნიშნული პრაქტიკა ყველაზე უკეთ მშობლებმა იციან და ამიტომაც არიან წინააღმდეგნი. თუ სკოლის შეფასებები უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხვაზე გავლენას მოახდენს, მასწავლებლებისათვის საჩუქრების გადაცემის ჩვევა და სკოლის მასწავლებლებთან ბავშვების მომზადება, იმისთვის, რომ მაღალი ქულა მიიღონ, სავარაუდოდ, ამ პირობებში, კიდევ უფრო გაძლიერდება.
უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესი სუბიექტური გავლენებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული მონაპოვარია და ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა სიტუაციაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ შემადგენლობას, ვინც ახლა განათლების სისტემას მართავს, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ ცვლილებები განახორციელოს.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება ვთხოვეთ განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას:
"ზოგადად, რაც უფრო მეტი კრიტერიუმებით ჩაირიცხებიან სტუდენტები უნივერსიტეტებში, ეს სისტემა მით უფრო სამართლიანი იქნება. ერთი და იგივე გამოცდაზე სხვადასხვა პირობის მქონე ბავშვების შეფასება ვფიქრობ, სამართლიანი არ არის. ზოგიერთ მოსწავლეს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ გამოცდისთვის მოემზადოს, ზოგს - ნაკლები. მაგრამ, იმისათვის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პირობები მრავალფეროვანი იყოს და მათ შორის, სკოლის ნიშანიც განსაზღვრავდეს, ბევრი სხვადასხვა დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. მაგალითად, სკოლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ამ შეფასებების დროს რა უნდა გაითვალისწინონ. თუ ყველა მოსწავლეს ერთი და იგივე, მაღალი ნიშანი ექნება, ეს უნივერსიტეტებისთვის პრობლემა იქნება. ასევე, ვფიქრობ, თავად უნივერსიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ, აბიტურიენტის ჩარიცხვისას სკოლის შეფასებას გაითვალისწინებენ თუ - არა. სახელმწიფო კი არ უნდა აგროვებდეს სკოლებიდან ნიშნებს, არამედ უნივერსიტეტებში უნდა იყოს დამატებითი კრიტერიუმები, როგორიც, მაგალითად, სახელოვნებო და სასპორტო მიმართულებებზეა. იქ ხომ უნივერსიტეტები დამატებით შემოქმედებითი ტურის გავლას ითხოვენ. ამის მსგავსად, შესაძლოა, უნივერსიტეტმა კიდევ თქვას, რომ აინტერესებს, აბიტურიენტი რომელ სკოლაში სწავლობდა და როგორი იყო მისი აკადემიური მოსწრება.
გარდა ამისა, თავად სკოლის შიგნით უნდა არსებობდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს კორუფციისაგან დაიცავს. არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მოსწავლეს არასამართლიანად, მიკერძოებულად დაუწერონ შეფასება. თუ შეიზღუდება ბავშვების რაოდენობა, ვისაც შეიძლება მაღალი ქულა ჰყავდეს, მერე ბავშვებს შორის კონკურენცია დაიწყება და ეს სკოლაში ურთიერთობებს აუარესებს. თუ მოსწავლე თავის ნიშანს ასაჩივრებს, უნდა იყოს მექანიზმი, რომ მას საკუთარი ქულის გაუმჯობესების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ასევე, ნიშნებს შორის განსხვავებაა. მაგალითად, კომაროვის სკოლის მათემატიკის 10 ქულა და საჯარო სკოლის 10 ქულა ერთნაირია? ერთნაირ ცოდნას გამოხატავს? ესეც გასათვალისწინებელია. ან იმ მოსწავლეს, რომელსაც 8-იანი ჰყავს, ნიშნავს იმას, რომ იმაზე ნაკლები ცოდნა აქვს, ვისაც 10-იანი დაუწერეს? ერთი მოსწავლე შესაძლოა, ძალიან მომთხოვნ სკოლაში სწავლობდა, მეორე კი უფრო მარტივად ახერხებდა შეფასების მიღებას.
ამიტომ, სკოლაში კონტროლის მექანიზმების დანერგვისა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინების გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს." - ამბობს სიმონ ჯანაშია.
როგორც აღვნიშნეთ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსგან ჯერჯერობით კომენტარი არ მიგვიღია.
თამარ იაკობაშვილი