"გიზიარებთ ჩემს გულისტკივილს, რომელიც ალბათ ბევრს არც მოეჩვენება გულისტკივილად, მაგრამ ძალიან დავიღალე ასე ცხოვრებით და იქნებ ვინმემ დამამშვიდოს ან იქნებ სხვაც არის ჩემს მდგომარეობაში...
დაახლოებით ექვსი თვეა, მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში. სახლი არ გვაქვს, ქირით ვცხოვრობთ და გადაწყვიტა, რომ ასე უფრო დააგროვებს სახლის ფულს. მე არ მინდოდა, მერჩივნა აქ გვეწვალა ორივეს, მაგრამ არ მომისმინა და მაინც წავიდა. თავიდან გაუჭირდა სამსახურის მოძებნა. ახლა, რამდენიმე თვეა, კურიერად დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა აეწყო. ყოველთვიურად გზავნის ფულს, რომლიდანაც ნაწილს ხარჯებისთვის ვიყენებ, ნაწილს კი სახლისთვის ვაგროვებ.
ორი შვილი გვყავს, ერთი ბაღში დამყავს, მეორე - სკოლაში. მე სტაბილური სამსახური არ მაქვს, პერიოდულად ვიღებ შეკვეთებს ტექსტების აკრეფაზე ან თარგმნაზე. თავიდანვე ასე დააყენა საკითხი ჩემმა მეუღლემ, რომ მე სახლში უნდა ვყოფილიყავი ბავშვებთან და თავად ყოფილიყო "შემომტანი". ბავშვებს დედა სახლში სჭირდებათო და მეც ბედნიერი ვიქნები, შინ დაბრუნებულს ცხელი კერძი რომ დამხვდებაო...
არ გამიპროტესტებია, შევეგუეთ ასე ცხოვრებას. ახლაც თითოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს - მუშაობს, გზავნის, არ გვიჭირს, აწყობილი გვაქვს რეჟიმი ბავშვების... მაგრამ...
ფაქტობრივად, 24-საათიანი ლაივი მაქვს ჩართული. ითხოვს, რომ ნებისმიერ წამს, როცა დარეკავს, კამერა ჩავრთო და ველაპარაკო, ვაჩვენო სად ვარ, რას ვაკეთებ. სულ ერთია მისთვის, ტრანსპორტში ვარ, სკოლაში ვარ ბავშვთან, ბაღში თუ სად. როცა თავად დრო აქვს და მეც სახლში ვარ, აუცილებლად ლაივში უნდა მქონდეს ტელეფონი და ხედავდეს, როგორ ვართ სახლში, რას ვაკეთებთ, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის სტუმრად და ა.შ. თავიდან თითქოს არ ვიძაბებოდი ასე, ვფიქრობდი, რომ თავადაც უკეთ გრძნობდა თავს, თითქოს ისევ შინ იყო და მეც უფრო იოლად გადავიტანდი იმ ფაქტს, რომ ქმარი გვერდით არ მყავს. მაგრამ ეს რეჟიმი ჩემთვის უკვე აუტანელია. სულ დაძაბული ვარ, თითქოს მითვალთვალებენ და მაკონტროლებენ, თითქოს არ მენდობიან. ეს "ლაივში ცხოვრებაც" არ მსიამოვნებს, რეალურ შოუში მგონია საკუთარი თავი. ქუჩაშიც მრცხვენია, მშობლებთანაც, ნებისმიერ წუთს, როცა დარეკავს, უნდა ვუპასუხო და ჩავერთო, სულ ერთია, რას ვაკეთებ. ერთი-ორჯერ რომ ვუსაყვედურე და ვთხოვე, გარეთ რომ ვარ, მაშინ მაინც არ არის საჭირო ამ დოზით საუბარი-თქო, გადაირია. მიმალავო რამესო? დავანებე მერე თავი, მაგრამ ვერ აგიწერთ, როგორი დაძაბული და დასტრესილი ვცხოვრობ...
დედამისს შევჩივლე ერთხელ და ისე მისაყვედურა, რა გინდაო, უყვარხარო და ენატრებითო, უნდა, რომ სულ თქვენთან იყოსო. აბა ის გირჩევნია, არ მოგიკითხოსო? ნუთუ აუცილებელია ეს მეორე უკიდურესობა? მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?"
ნინა, 32 წლის