"რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ - 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერ-კალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია… უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…“ - ნაზი შამანაურის დღიურიდან
საბჭოთა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ნაზი შამანაურის სახელი და გვარი პირველად რომ გავიგე - მასზე ტელევიზიით გადმოსცეს. მახსოვს, ოჯახში როგორ განიხილავდნენ მის ამბავს ჩემი ექიმი დედა და ჟურნალისტი დეიდა. შეგრძნებაც მახსოვს, როგორ მეშინოდა ფსიქიატრიულ კლინიკასთან ჩავლის, რადგან დეიდა-ბიძისგან ვიცოდი, რომ სახელმწიფოსთვის არასასურველ პირებს სწორედ იქ უკრავდნენ ხოლმე თავს და აწამებდნენ.
სამწუხაროდ, წლებია, დღემდე, ჩვენს ქვეყანაში აღარც ადამიანების წამება გვიკვირს და, საუბედუროდ, წამებას არც ახლა ვთაკილობთ. თანაც ამისთვის კარგა ხანია, აღარც ფსიქიატრიული კლინიკაა აუცილებელი, ალბათ, რამდენიმე წლის წინ ამიტომაც დაანგრიეს, კლინიკის გარეშეც შეძლებულა ხალხის წამება!
ახალგაზრდა, კაფანდარა ქალი ნაზი შამანაური - საბჭოთა ჟურნალისტი დუშეთიდან, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სული წამებით ამოხადეს, ჩემთვის მაინც ჩვენი დროის პირველ მოწამედ რჩება - საკუთარ დედასთან ერთად მან 5 გაუსაძლისი თვე გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, 70 დღის განმავლობაში იშიმშილა და იმ დროისთვის "ბუნდოვან ვითარებაში“ დაიღუპა.
როგორ შეიძლებოდა, პაციენტის მკურნალობა წამებად ექციათ ექიმებს? არადა, ფაქტია, რომ ნაზი შამანაურის ცხოვრება საბჭოთა პერიოდის ფსიქიატრიამ მართლაც წამებად აქცია. ნაზის თავს გადახდენილ ამბებს დღეს ექიმებიც კი ქართული ფსიქიატრიის ისტორიის შავ ლაქად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, იმხანად ფსიქიატრიას ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური ტერორის იარაღად.