"აზროვნების აკადემია" აქვეყნებს ამონარიდს ალექსანდრე ჯეჯელავას სალონური საუბრიდან "განმავითარებელი თვითშეფასება და გარე ფაქტორების გავლენა მასზე", სადაც ტრენერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი განმარტავს, რა როლი აქვს ადამიანების წარმატებაზე სხვების მხარდაჭერას, იმედს, კომუნიკაციას, ურთიერთობებს:
-ადამიანი თუ გინდა, რომ დაანგრიო, უნდა უთხრა, რომ ცხოვრება ინდივიდუალური თამაშია. "ჩემო ძვირფასო შვილო, შვილიშვილო, იცოდე, რომ არავის უნდა დაეყრდნო. შენ ხარ და მხოლოდ შენი თავი გყავს" - ადამიანმა ეს თუ დაიჯერა, მისი ამბავი დამთავრებულია. 200 წელი რომ იცოცხლოს, დედამიწის ზურგზე ყველა მატარებელი რომ ჩამოდგეს, შესაძლებლობის თვალსაზრისით, ვერაფერს ვერ გააკეთებს. იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ინდივიდუალური სპორტია. ინდივიდუალური სპორტი არ არის. ევოლუციურად რომ შევხედოთ, - ადამიანმა ცხოველებზე უკეთესად ერთმანეთის გვერდში დგომა და დაყრდნობა ისწავლა. მე რომ ეს წაგართვა და სხვა ყველაფერი დაგიტოვო - ყველა დიპლომი, ყველა ცოდნა და სხვა ხალხის იმედი და მხარდაჭერა ამოგაცალო, მერე შემიძლია, დაველოდო, როდის დამთავრდება შენი თამაში წარუმატებლად. ჩვენ გვაქვს საოცარი უნარი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება სხვების შემონატანებზე ავაშენოთ. თქვენ დამსახურებას არ ვაკნინებ, გასაგებია, რომ ჩვენით მივაღწიეთ ყველაფერს, სადაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ძალისხმევა არ დავაკელი. მნიშვნელოვანი მეწილე ხარ შენი პიროვნების, მჯერა და ამას არ გედავები, ოღონდ სულ შენი რომ არის ეს წარმატება, არ მჯერა.