ბავშვთა ინფექციები, რომლებიც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ - როგორ შეიძლება მძიმე შედეგების თავიდან აცილება - მშობლები

ბავშვთა ინფექციები, რომლებიც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ - როგორ შეიძლება მძიმე შედეგების თავიდან აცილება

2025-02-07 11:54:38+04:00

"ბავშვთა ინფექციებს", ე.წ. ბატონებს,, უწოდებენ ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვებში გვხვდება: წითელა, ჩუტყვავილა, წითურა, ყივანახველა და ყბაყურა. უფროსებში ეს დაავადებები, რომლებიც ბავშვებს სკოლიდან ან ბაღიდან მოქვთ, ხშირად უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო ხშირად ახლავს გართულებები და შეიძლება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. მით უმეტეს, რომ გარკვეულ ასაკში ადამიანებს უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები, რაც ასევე ართულებს ინფექციის მიმდინარეობას.

რატომ იზრდება მოზრდილებში დაავადების შემთხვევები საერთო ავადობის შემცირების ფონზე? იმიტომ, რომ შესუსტებულია ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი. დროთა განმავლობაში ის მცირდება, ხოლო ბუნებრივი იმუნიტეტი არ გამომუშავებულა, რადგან ბავშვობაში არ გადაუტანიათ დაავადება.

ბავშვთა ინფექციები განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის. ასეთმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა გვიან ვადებში ან ჩანასახში თანდაყოლილი დეფექტებისა და დაავადებების მიზეზი გახდეს.

  1. წითურა მწვავე ინფექციური დაავადებაა, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მეშვეობით. სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, სურდო, თავისა და კუნთების ტკივილი, წითელი გამონაყარი (თავდაპირველად ჩნდება სახესა და თავზე, შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება).

მოზრდილებში დაავადება ხშირად მიმდინარეობს ხანგრძლივი სიცხით, სახსრებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით.

ორსულობის ადრეულ ვადებში ნაყოფის დაინფიცირება წითურას ვირუსით იწვევს სხვადასხვა განვითარების მანკებს: თავის ტვინის ზომის შემცირებას, თანდაყოლილ კატარაქტას, გულის მანკებს, თანდაყოლილ სიყრუეს, ასევე თავის ტვინის ანთებით დაავადებებს. ორსულობის გვიან ვადებში იზრდება ახალშობილში სმენის დარღვევის (ან სრული დაკარგვის), თვალებისა და გულის დაზიანების საფრთხე.

მნიშვნელოვანია! ორსულობის დაგეგმვისას აუცილებელია წითურას ანტისხეულებზე ანალიზის ჩაბარება. ეს გამოკვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა თქვენი და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად. წითურას საწინააღმდეგო გეგმიური ვაქცინაცია უტარდებათ 18-25 წლის გოგონებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ დაავადება და არ აქვთ აცრა.

  1. წითელა ვირუსი გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით და ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7-დან 17 დღემდე, რის შემდეგაც ჩნდება სურდო, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, კონიუნქტივიტი, ლიმფური კვანძების ანთება, სიცხე, ლაქები ლოყების შიდა ზედაპირზე, ღრძილებზე და წვრილი წითელი გამონაყარი კანზე.

მოზრდილებში წითელას ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრონქიტი და პნევმონია. ორსულობის დროს ინფიცირება ზრდის თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და დაბადებისას დაბალი წონის რისკს.

მნიშვნელოვანია! გეგმიური ვაქცინაცია წითელას წინააღმდეგ უტარდებათ მოზრდილებს, რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული აცრა, არ აქვთ ინფორმაცია გაკეთებული აცრების შესახებ და არ გადაუტანიათ ბავშვობაში. ეპიდემიური ჩვენების მიხედვით (ანუ თუ იყო კონტაქტი დაავადებულთან) აცრის გაკეთება აუცილებელია შესაძლო ინფიცირებიდან პირველი 72 საათის განმავლობაში.

  1. ყბაყურა ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადებას აქვს მწვავე დასაწყისი - 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ტკივილი ღეჭვისა და საუბრის დროს. ვითარდება ყურის ახლოს სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.

მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანება (პანკრეატიტი), ხოლო მამაკაცებში - სათესლე ჯირკვლების ანთება (ორქიტი), რასაც შეიძლება მოჰყვეს უნაყოფობა.

მნიშვნელოვანია! გეგმიური ვაქცინაცია, ხოლო ადრე ერთჯერადად აცრილთათვის - რევაქცინაცია. იგი ყბაყურას წინააღმდეგ უტარდებათ სკოლის მოსწავლეებს და საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების 1-2 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ "ყბაყურა". ეს დაკავშირებულია ბოლო წლებში ინფექციის მნიშვნელოვან "დაბერებასთან". დღეს მოსწავლეები შეადგენენ ყველა დაავადებულის თითქმის ორ მესამედს, ხოლო დარჩენილი მესამედი მოდის მოზრდილებზე.

  1. ჩუტყვავილა გადაეცემა საყოფაცხოვრებო კონტაქტითა და ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსი აზიანებს კანის საფარველს და ნერვულ სისტემას. ვითარდება სიცხე, ჩნდება წითელი გამონაყარი ბუშტუკებით.

მოზრდილებს იშვიათად აავადებს, დაახლოებით შემთხვევათა 2%-ში. თუმცა სწორედ ისინი იძლევიან ამ დაავადების ლეტალური გამოსავლის 25-50%-ს.

თუ დაავადება განვითარდა ორსულობის მე-13-20 კვირაზე, არსებობს მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი ჩუტყვავილას სინდრომით ბავშვის დაბადების რისკი - მრავლობითი სიმახინჯეებით.

ხანდაზმულ ასაკში და იმუნიტეტის დასუსტებისას, ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს სარტყლისებური ჰერპესის სახით, რომელიც დაკავშირებულია ნერვული ბოჭკოების დაზიანებასთან და ვლინდება მტკივნეული გამონაყარით, რომელიც რამდენიმე კვირას გრძელდება, ხოლო ტკივილის სინდრომი შეიძლება თვეებისა და წლების განმავლობაში არ გაიაროს.

მნიშვნელოვანია! პროფილაქტიკური აცრების მოქმედ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრების მიღება შესაძლებელია ფასიანად. უახლოეს მომავალში იგეგმება "ჩუტყვავილას" ვაქცინის ჩართვა გეგმიურ აცრებში ან ეპიდემიური ჩვენებით ჩასატარებელ აცრებში.

  1. ყივანახველა აზიანებს ზედა სასუნთქ გზებს, ვითარდება ძლიერი შეტევითი ხველა, სიმპტომები შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

ალბათ, ერთადერთი ბავშვთა ინფექციაა, რომელიც მოზრდილისთვის ნაკლებად საშიშია, ვიდრე ბავშვისთვის. მოზრდილებში დაავადება მიმდინარეობს სპაზმური ხველის შეტევების გარეშე და ვლინდება ხანგრძლივი ბრონქიტის სახით ზოგადად დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ფონზე.

მნიშვნელოვანია! ვაქცინაცია ყივანახველას წინააღმდეგ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ კონტაქტი გქონდათ დაავადებულთან? მძიმე შედეგებისგან თავის დასაცავად, აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება კონკრეტული ინფექციის ანტისხეულებზე. მათი არარსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე.

არ უნდა დაგავიწყდეთ არასპეციფიკური დაცვის ზომებიც. თუ ოჯახში არის "ბავშვთა" ინფექციებიდან რომელიმეთი დაავადებული და არ იცით თქვენი იმუნიტეტის მდგომარეობა ან არ გაქვთ გადატანილი, შეეცადეთ არ იმყოფებოდეთ ავადმყოფთან ერთ ოთახში, შეზღუდეთ კონტაქტები, დაიცავით კარანტინი. უმეტეს შემთხვევაში ამ ინფექციების გამომწვევები ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი ან კონტაქტური გზით, ამიტომ ნუ ისარგებლებთ დაავადებულთან საერთო საყოფაცხოვრებო ნივთებით და რეგულარულად გაანიავეთ ოთახები.