როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანები საპენსიო ასაკს აღწევენ, ბევრისთვის ეს ცხოვრების რაღაც ეტაპის დასრულებაა, სახლის ცხოვრებაზე ერთვებიან, თავს ასაკოვნად მიიჩნევენ და მუშაობის გაგრძელებაზე, მეგობრებთან ერთად სეირნობასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზე ხომ არც კი ფიქრობენ. ზოგსაც მუშაობის გაგრძელება უწევს, თუმცა არა მისი სურვილით, საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობს და საკუთარი თავისთვის დრო აღარ აქვს...
დღეს 2 შვილის დედასა და 4 შვილიშვილის ბებიას, 66 წლის მანანა ცნობილაძეს გაგაცნობთ. მან პანდემიის დროს ახალი მეგობრები შეიძინა, რომლებთან ერთადაც ხშირად სტუმრობს მუზეუმებსა და გალერეებს, დადის ექსკურსიებზე, სეირნობს და კარგ მოგონებებს აგროვებს. პარალელურად, დასაქმებულია და ცდილობს, აქტიური ცხოვრება შეინარჩუნოს. როგორც თავად გვეუბნება, ცხოვრების ასეთი სტილი ენერგიითა და სიხალისით ავსებს და განვლილ რთულ დღეებს ავიწყებს:
- პატარა საკანცელარიო მაღაზიაში ვმუშაობ. წლების განმავლობაში მიწათმოწყობის საპროექტო ინსტიტუტში ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების კანცელარიაში გადავედი, სადაც 20 წელი საქმის მწარმოებლად ვიმუშავე. პენსიაში რომ გავედი, გადავწყვიტე, მუშაობა კვლავ გამეგრძელებინა და როგორც გითხარით, ახლა მაღაზიაში ვარ დასაქმებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სახლში ბიჟუტერიას ვაკეთებდი და ვყიდდი. პანდემიის დროს, გარეთ რომ ვეღარ გავდიოდით, სათამაშოების ქსოვა დავიწყე. იმ პერიოდში 100-მდე სათამაშო მოვქსოვე. ნელ-ნელა დავხვეწე და ვფიქრობ, კარგი გამოვიდა. ჩემმა შვილიშვილმა ინტერნეტში დამადებინა და სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდდი. რაკი მაღაზიაში სამსახური ვიშოვე, ქსოვას თავი დავანებე, რადგან ის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
პანდემიის დროს, სახლში რომ ვისხედით, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე გვერდი "ცოდნის კაფე". "ცოდნის კაფე" წნორში აქვთ გახსნილი და შესანიშნავ საქმეს აკეთებენ. მათ სწორედ პანდემიის პერიოდში ჰქონდათ ასეთი ღონისძიება: "60+ ჯერ გვიანი არ არის." მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონიდან ჯგუფში 60 წელზე მეტი ასაკის ქალები გავწევრიანდით. ღონისძიების ავტორებს თავიანთი პროგრამა ჰქონდათ შემუშავებული. Zoom-ის მეშვეობით სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, პოეტებს, მსახიობებს, მომღერლებს, ექიმებს გვახვედრებდნენ. შეგვეძლო, სპეციალისტებთან ვირუსის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრა, შეკითხვები დაგვესვა. კორეაში მცხოვრები ქართველ ბლოგერთან, სოფია კვინიკაძესთან გვქონდა შეხვედრა. ის კორეის კულტურაზე გვესაუბრა. არაერთი ცნობილი ადამიანი გავიცანით. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ლაშქრობის შესახებ ვისაუბრეთ. მოწვეულმა სტუმრებმა გვითხრეს, რომ მათ 60 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის სპეციალური ტურები აქვთ და ნაკლებ მანძილზე დადიან. როცა რეგულაციები მოიხსნა და გარეთ გასვლა შეგვეძლო, გამიჩნდა იდეა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ჯგუფში იყვნენ გაწევრიანებულები, შემეკრიბა და ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი. თავისუფლების მოედანზე შევხვდით. პირველად 6 ქალბატონი მოვიდა. 2021 წელი იყო. ერთ-ერთ ერთი მათგანი ახლა 81 წლისაა. ჯგუფში ყველაზე პატარა 64 წლის გვყავს. გალერეებში სიარული ძალიან მიყვარს. როდესაც ქალები მოვიდნენ, ერთ-ერთ გალერეაში წასვლა შევთავაზე. გადავიღეთ ვიდეო, უამრავი ფოტო და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მერე კიდევ რამდენიმე ადამიანი მოგვემატა და ცალკე დახურული ჯგუფი შევქმენით. ახლა 10 მეგობარი ვართ. ერთად წავედით კოჯორში. კოჯრის ციხეზე ფეხით ავედით. ამის შემდეგ ექსკურსიები დავგეგმეთ და ბევრი ადგილი მოვინახულეთ. ხშირად დავდივართ მუზეუმებში, გალერეებში. კარგი ამინდი რომ გამოვა, კიდევ ვაპირებთ წასვლას. პენსიონერებს მსგავს ადგილებში შეღავათები გვაქვს. ერთმანეთის დაბადების დღეებზე მივდივართ და ერთად აღვნიშნავთ. 10 სხვადასხვა ასაკის ადამიანი ვმეგობრობთ, ერთმანეთს ვურეკავთ, ვსაუბრობთ, დღესასწაულებს ვულოცავთ და ერთად შეკრებებსაც ვგეგმავთ. "ცოდნის კაფეშიც” ჩავედით. დიდი სიხარულით დაგვხვდნენ. შესანიშნავად გაგვიმასპინძლდნენ და იქიდან გახარებულები წამოვედით.
- ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა. ვიბადებით, ვიზრდებით და შემდეგ სიბერეში გადავდივართ. ამას ვერ გავექცევით. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გარდაუვალი ციკლია. არ უნდა დავითრგუნოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა დღე. 66 წლის ვარ, მაგრამ არავინ მეუბნება, რომ ამ ასაკის ვარ. განა მარტო იმიტომ, რომ აქტიური ცხოვრება მიყვარს. ცხოვრებაში ბევრი სიმწარე ვნახე, მაგრამ მივედი იმ დასკვნამდე, სულ რომ მეტირა, ვერც ჩემს შვილებს გავაბედნიერებდი და ვერც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდი. ყველა შვილს უნდა, გახალისებული დედა ნახოს. ქვრივი ქალი ვიყავი და 2 შვილს მარტო ვზრდიდი. მხოლოდ დედა მეხმარებოდა. უშუქობისა და გაჭირვების პერიოდი გამოვიარეთ. ერთხელ ჩემი შვილი სკოლიდან მოვიდა და მითხრა: "დედა, შენ იცი, თურმე თმის საღებავი იყიდება?” მაშინ მივხვდი, რომ ბავშვს არ მოსწონდა დედა, რომელიც დათრგუნული, თეთრი თმებით იყო… ყველა ადამიანს საკუთარი დარდი და პრობლემა აქვს. მაგრამ, სახლიდან გაღიმებული გავდივარ. ვცდილობ, ჩემი თავი თავად გავიხალისო. იყო შემთხვევები, როდესაც დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ ავმდგარვარ, ჩამიცვამს, წითელი ტუჩსაცხი წამისვამს, ავტობუსში ჩავმჯდარვარ და ბოლო გაჩერებამდე წავსულვარ. შემდეგ მეორე ავტობუსს უკან გამოვყოლივარ. ასე ვცდილობდი განტვირთვას. რუსთაველზე გავსულვარ, ცოტახანს მივლია და უკან დავბრუნებულვარ. ბევრისთვის მითქვამს, რომ ასეთ დროს სახლიდან აუცილებლად გავიდნენ. შეიძლება ვერავის მიადგე, ვერც შვილს, ვერც მეგობარს, მაგრამ მარტო ისეირნო. შენს თავს თავად უნდა უშველო და რთული პერიოდი გადალახო. ქუჩაში ვინმე შეგხვდება, მიესალმები, რაიმეს დაათვალიერებ... რა თქმა უნდა, პრობლემები არსად ქრება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ჩვენი თავი თავად გადავარჩინოთ. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.
- მე მათ ვეტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში სახლში არ უნდა დასხდნენ. ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ექმნება და მათ ნამდვილად აღარ შეუძლიათ, მუშაობა. მაგრამ, 60 წლის ადამიანი არ არის ისე დაუძლურებული, რომ საქმის გაკეთებაზე უარი თქვას. მე ვფიქრობ, ეს ცხოვრებას ახანგრძლივებს. თუმცა, ისიცაა, რომ ზოგჯერ ამპარტავნობას ვერაფერს ვუხერხებთ. არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კარგ სამსახურში მუშაობდნენ და შემდეგ სხვაგან მუშაობა ეთაკილებათ. მინდა, სწორად გამიგოთ - 20 წელი სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი და კაბინეტში ვიჯექი. ახლა გამყიდველად ვმუშაობ. რომ დამჭირვებოდა, დამლაგებლადაც ვიმუშავებდი. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ეთაკილებათ. უნდა მოვძებნოთ საქმე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გააქტიურებს და სახლში არ დავსხდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან ვხალისობთ. ამხელა ადამიანები ბაღში ერთად ვსხედვართ და მთელი გულით ვიცინით, ერთმანეთს რაღაცებს ვუყვებით. ეს ყველაფერი გვაბედნიერებს და გვაახალგაზრდავებს. თითქოს, ბავშვობაში გადავდივართ. ძალიან დიდ ენერგიას გვაძლევს. ეს ჩვენთვის აუცილებელია.
- აქამდეც აქტიური ვიყავი, თუმცა ძალიან მხიარული გავხდი. ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოვრების ხალისზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და როგორც გითხარით, ენერგიით გვავსებს. განსაკუთრებით ველოდები ხოლმე, როდის შევიკრიბებით, ერთმანეთთან ვისაუბრებთ და დროს მხიარულად გავატარებთ.
- მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. არასდროს არავისი შეშურდეთ. სიკეთე აკეთონ და უკეთესი ცხოვრება ექნებათ. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების. ბევრი სირთულე ვნახე, მაგრამ მაშინ ხელი რომ ჩამექნია და შემშინებოდა, ვერაფერს გავაკეთებდი. ყოველი ცუდი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. ნუ დაითრგუნებით. წინ იარეთ და იყავით ლაღები. მინდა, ყველას ბედნიერება და ჯანმრთელობა გისურვოთ.
თამარ იაკობაშვილი