როგორ შევარჩიოთ კარგი სკოლა - ეს შეკითხვა უამრავ მშობელს უჩნდება, როცა ბავშვი სასკოლო ასაკის ხდება. რჩევების ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა ამჯერად რამდენიმე მათგანს გთავაზობთ. ეს რჩევები გამოგადგებათ არა მხოლოდ საჯარო, კერძო სკოლების არჩევის შემთხვევაშიც.
მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, აქვს თუ არა სკოლას თანამედროვე აღჭურვილობა, სპორტული დარბაზი და მოედანი, კონტროლდება თუ არა სკოლაში შესვლა-გამოსვლის რეჟიმი და უცხო პირების ვიზიტი. როგორი ბუფეტი და სასადილო აქვს. არ განსაჯოთ მხოლოდ ფასადით - ხშირად გარეგნული მოკრძალება არ ნიშნავს, რომ შიგნით ცუდი პირობებია.
ეწვიეთ რამდენიმე სკოლის ღია კარის დღეს. დაათვალიერეთ საპირფარეშოები, სასადილო და საკლასო ოთახები.
შეეცადეთ იგრძნოთ სკოლის ატმოსფერო, უბრალოდ გაიარეთ დერეფნებში. მოისმენთ როგორ ურთიერთობენ ბავშვები და მასწავლებლები, დააკვირდებით გარემოს. კარგი, კეთილგანწყობილი ატმოსფერო ყოველთვის იგრძნობა - ისევე როგორც დაძაბულობა.
გაისეირნეთ სკოლის ეზოში. კარგი ნიშანია, თუ გაკვეთილების შემდეგაც ბევრი ბავშვია ეზოში და არ ჩქარობენ წასვლას, აგრძელებენ ურთიერთობას.
ზოგიერთ სკოლაში მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე უნივერსიტეტებში. თუმცა, რაც არ უნდა პრესტიჟული და სასურველი იყოს სკოლა, მთავარია თქვენი შვილს გრძნობდეს იქ თავს კარგად. თუ ბავშვს უჭირს ჩვეულებრივი პროგრამის დაძლევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავს კომფორტულად იგრძნობს გიმნაზიაში, სადაც რაიმე საგანი გაძლიერებულად ისწავლება.
წაიკითხეთ ინტერნეტში მოსაზრებები, მაგრამ ნუ მოგერიდებათ პირადადაც გაესაუბროთ მშობლებს. ესაუბრეთ მოსწავლეებს და მშობლებს იმ სკოლაში, რომელიც მოგწონთ. მათი პოვნა არ არის რთული: ხშირად დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მშობლები, ბებიები და ბაბუები გაკვეთილების შემდეგ შენობასთან რჩებიან. კარგი მაჩვენებელია, თუ სკოლაში ბევრი და-ძმა სწავლობს. მშობლები არ მიიყვანდნენ უმცროს შვილს იქ, სადაც უფროსს არ მოეწონა.
ზოგიერთი მშობელი არჩევანს არა სკოლის, არამედ მასწავლებლის მიხედვით აკეთებს. პირველი პედაგოგის პიროვნება ბევრ რამეს განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა. თუ თქვენი შვილი მორცხვია, მისთვის უფრო კომფორტული იქნება უფრო თბილი კომუნიკაციის სტილის მასწავლებელი. თუმცა, უფრო მკაცრი სტილიც არ ნიშნავს ყოველთვის ემოციურ ჩაკეტილობას. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი მზად იყოს მოუსმინოს ბავშვებს და საჭირო მომენტში დაეხმაროს.
► სკოლა ინფორმაციულად ღია უნდა იყოს. უნდა ხედავდეთ სკოლასა და მშობლებს შორის დიალოგის შესაძლებლობას.
► მიაქციეთ ყურადღება სუნს: კარგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა იყოს არასასიამოვნო სუნი. სკოლა, რომელსაც ცუდად ასუფთავებენ, არ შეიძლება ჩაითვალოს კარგად.
► სკოლის კედლები უნდა "საუბრობდნენ". თუ მათზე მხოლოდ მეცნიერების პორტრეტები ან მოსაწყენი საინფორმაციო პლაკატებია, ეს ძალიან სამწუხაროა. სკოლის კედლებზე უნდა იყოს განცხადებები ღონისძიებების, ლაშქრობების, წრეების, მოვლენების შესახებ.
► ყურადღება მიაქციეთ თავად მოსწავლეებს. თუ ბავშვები, თქვენი არცოდნის მიუხედავად, გესალმებიან - ეს კარგი სკოლაა. თუ ბავშვები ამასთან თვალებში გიყურებენ, ეს ძალიან კარგი სკოლაა.