დაახლოებით ერთ წელზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტრომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მსურველთათვის პროცედურაზე ხელმისაწვდომობა გაართულა. თუ მანამდე ქალებს შეეძლოთ, მოსაფიქრებელი 5-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ პირდაპირ სერვისის მიღებისთვის მიემართათ სამედიცინო დაწესებულებისთვის, ახლა პროცედურამდე სავალდებულო კონსულტაცია უნდა გაიარონ ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან.
უფლებადამცველები კანონში ცვლილებების შესვლისთანავე საუბრობდნენ დამატებით ბარიერებზე, რომელიც სახელმწიფომ ახალი რეგულაციებით აბორტის საჭიროების მქონე ქალებს შეუქმნა, მაშინ, როცა მათ ისედაც უჭირთდათ სერვისზე ხელმისაწვდომობა ფინანსური მდგომარეობის გამო. ამჟამად, პროცედურის საფასურს თავად პაციენტი იხდის, რადგან სერვისი არც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაშია გათვალისწინებული და მას არც კერძო დაზღვევა ანაზღაურებს. იმის გათვალისწინებით, რომ აბორტის ხარჯი ბევრი ქალისთვის არ არის ხელმისაწვდომი, დამატებითი რეგულაციები, მათ კიდევ უფრო გაურთულებს სერვისის მიღებას, რამაც შესაძლოა, თვითნებური აბორტების რიცხვი გაზარდოს.
გასული წლის 1-ლი იანვრიდან კანონში შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მეორე ულტრაბგერითი კვლევის ვალდებულებას პირველის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ. ამასთან, 10 კვირამდე ვადაზე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონარებთან არის დაკავშირებული, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული. აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეუზღუდა ქალებს სერვისის მიღების გეოგრაფიული არეალი. პროცედურის ჩასატარებლად მათ გაცილებით დიდი მანძილის გავლა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
რა ვითარებაა ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ?
უფლებადამცველების თქმით, რეგულაციებმა კიდევ უფრო გაამყარა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და აბორტის მიმართ სტიგმა და ქალებს სამედიცინო სერვისების მიღება შეუზღუდა.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების მკვლევრის, მედეა ხმელიძის თქმით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არ არსებობს აბორტის პროცედურის ჩატარების წინ ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან სავალდებულო გასაუბრების პრაქტიკა. აღნიშნული სერვისი ადამიანმა შეიძლება მიიღოს სურვილით და, ძირითადად საჭიროება დგება იქ, სადაც მაღალია აბორტთან ასოცირებული სტიგმა და საზოგადების განსჯითი დამკიდებულება რეპრდუქციულ არჩევანთან მიმართებაში. შესაბამისად, მკვლევრისთვის გაუგებარია, რას ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონსულტაციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით.
„მსგავსი რეგულაცია არ ეფუძნება სამედიცინო მტკიცებულებებს და საერთაშორისოდ აღიარებულ სერვისის ხარისხის სტანდარტს, შესაბამისად გაუგებარია მიზნებიც. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული კოალიცია, ვცდილობდით ჯანდაცვის სამინისტროსგან მოგვეპოვებინა ინფორმაცია ექსპერტებზე, ვინც ამ რეკომენდაციების შემუშავებაში იყო ჩართული, მაგრამ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, გვითხრეს რომ ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია. კოალიციაში ამ სფეროში მომუშავე თითქმის ყველა ექსპერტი იყრის თავს და ჩვენგან არავინ იყო ჩართული. შესაბამისად, სრულიად არა გამჭვირვალე და გაუგებარი პროცესი იყო თავიდანვე. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების უკუსვლის ფონზე, გასაკვირი მგონი არცაა“, - აღნიშნა მკვლევარმა.
მისი შეფასებით, აბორტის საკითხი ფსიქოლოგის შესაფასებელი და გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. როგორც მედეა საკითხზე მომუშავე ექსპერტი აღნიშნავს, ამ რეგულაციას შეიძლება ჰქონდეს დადებითი მომენტები, თუ მას არ აქვს სავალდებულო ხასიათი, თუ ის მხოლოდ ქალის მოთხოვნით ხდება და ემსახურება ქალების ემოციური მხარდაჭერის გაძლიერებას:
„მაგრამ საქართველოს კონტექსტში, ის შეიძლება აღქმული იყოს ბარიერად და ხელოვნურად გაწელილ პროცესად, რაც ზრდის სტრესს და სტიგმას, აგრეთვე მომსახურების საფასურს. ეფექტური შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგების როლი მკაფიოდ განისაზღვროს და მათი ჩართვა მიმართული იყოს ქალის მხარდაჭერაზე, და არა განსჯაზე. იმ პირობებში როდესაც, ფსიქოლოგია, როგორც დისციპლინა, არ არის რეგულირებული, არ არსებობს ხარისხის შეფასების მექანიზმები და წარმოუდგენელია ასეთი მაღალი სტიგმის პირობებში, რომელსაც თავად სერვისის მიმწოდებლებიც ხშირად აწარმოებენ, დამატებითი რგოლის სავალდებულოდ ჩართვამ, მოიტანოს დადებითი შედეგები“, - განმარტა მედეა ხმელიძემ.
მკვლევარი თავისი პრაქტიკიდან იხსენებს რამდენიმე პაციენტის გამოცდილებას, რომლებმაც ფსიქოლოგთან კონსულტაციისას თავიანთ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მცდელობა ან განსჯა იგრძნეს:
„იმ კონკრეტულ შემთხვევებში რომელიც ჩვენთან მოვიდა, ბენეფიციარებმა დადებითად შეაფასეს უშუალოდ გინეკოლოგის მომსახურება, მაგრამ აღნიშნეს მასტიგმატიზებელი კითხვები და განწყობა რომელიც იგრძნობოდა ფსიქოლოგებისაგან, (მაგ, მიზეზებში ჩაძიება/მიზეზის ვალიდაცია, "რას გრძნობდი როდესაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდა?" "როგორ ფიქრობ დრო რომ გავა არ ინანებ?" ) თუმცა ყველამ აღნიშნა რომ ფსიქოლოგებიც ცალსახად ეუბნებოდნენ რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათი უნდა ყოფილიყო“, - გვიამბობს ის.
სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე მკვლევარი საუბრობს შედეგებზე, რომელიც აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ გამოიწვია:
„როგორც ვვარაუდობდით აბორტის სერვისის რეგულირების დამატებითი ბარიერების გამო გართულდა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება: ექიმებს პროაქტიულად უწევდათ გარკვევა, რას ნიშნავდა ეს რეგულაციები და მანამ სანამ არ ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია, მათი გარკვეული ნაწილი, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უარს ამბობდა სერვისის გაწევაზე და ეს ტენდენცია დღემდე გაგრძელდა.
საინტერესოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსაფრთხო აბორტთან თავის რეკომენდაციებში ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის სავალდებულო კონსულტაციას არ მოიაზრებს. შესაბამისად, უცნობია, რა ტიპის პრაქტიკას ეყრდნობა მისი საკანონმდებლო დონეზე მიღება.