ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რატომ არ შეიძლება ბავშვების ერთმანეთზე შედარება და რა პრობლემებს შეუქმნის ეს მათ მომავალში:
- მშობლები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ ბავშვები ერთმანეთს არ შეადარონ. არა მარტო დედმამიშვილებს, არამედ თანაკლასელებს, მეგობრებს... მშობლებმა ხშირად იციან: "ნახე, მან რა კარგად შეჭამა, შენც შეჭამე!" ან "მან დავალება გააკეთა, შენ რა დაგემართა, რატომ არ აკეთებ?!"
ერთი შეხედვით, უწყინარი ფრაზებით, ბავშვის თვითშეფასებას, ფაქტობრივად, ვანგრევთ. გამოდის, რომ ის პერმანენტულად სხვა ადამიანებს უნდა ედრებოდეს. საკუთარი თვითშეფასება თავის თავზე კი არ აქვს დამყარებული, არამედ თავისი თავი მოსწონს იქიდან გამომდინარე, სხვები როგორ ხედავენ და სხვებთან შედარებით როგორია. შესაბამისად, მომავალში ძალიან დიდ ტრავმებამდე და ბევრ ფსიქიკურ სირთულემდე მივდივართ. ამიტომ, სადაც კი შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სასურველია, ბავშვები ერთმანეთს არ შევადაროთ. მით უმეტეს, დედმამიშვილები, რომლებსაც ახლო სივრცეში დიდი დროის გატარება უწევთ. ისედაც აქვთ კონკურენცია და ჩვენ კიდევ ცეცხლზე ნავთი რომ არ დავასხათ, ჯობს, ეს არ გავაკეთოთ.