რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, რა დროა თითოეული გამოცდისთვის გათვალისწინებული და რამდენია მაქსიმალური შეფასება - დეტალები - მშობლები

რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, რა დროა თითოეული გამოცდისთვის გათვალისწინებული და რამდენია მაქსიმალური შეფასება - დეტალები

2025-02-19 10:26:32+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისათვის 2025 წლის დამხმარე კრებულები გამოაქვეყნა. კრებულში მოცემულია ნიმუშები, რომელთა მსგავსი დავალებების შესრულება აბიტურიენტებს წლევანდელ გამოცდაზე მოუწევთ.

გარდა ნიმუშებისა, თითოეული საგნის მიხედვით, განსაზღვრულია, რა ტიპის დავალებებს შეიცავს ტესტი, რა დრო ეძლევა აბიტურიენტს და რამდენია მაქსიმალური შეფასება:

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში არის შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი და უპასუხოთ ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და წერითი დავალება (უნდა იმსჯელოთ დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც აირჩიეთ წაკითხულის გააზრების დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.

მათემატიკა

საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის. ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით დადებითი შეფასების მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრული გზის ჩაწერაც. ტესტის ამ ნაწილის 38 და 39 ამოცანა ფასდება 3 ქულით, 40 და 41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51.

ისტორია

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

  • 35 დახურული ტიპის დავალება
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით)
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება
  • ისტორიული წყაროს ანალიზი

ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

  • 35 დახურული ტიპის დავალება - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ - 35 ქულა;
  • ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ - 6 ქულა;
  • ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 5;
  • ისტორიული წყაროს/ტექსტის ანალიზი (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 14.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ქიმია

ტესტის მაქსიმალური ქულაა 63;

საგამოცდო დრო 3 საათია.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 25% (მინიმალური გამსვლელი ქულაა 16). ტესტში იქნება 30 დახურული (არჩევითპასუხებიანი) და 10 ღია დავალება. ამ ფორმატის საგამოცდო ტესტის ნიმუში შეგიძლიათ ამავე კრებულში იხილოთ.

სამოქალაქო განათლება

ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

  • არჩევითპასუხებიანი დავალებები მაქსიმალური ქულა - 24);
  • შესაბამისობის დადგენა (მაქსიმალური ქულა -2);
  • შეცდომის გასწორება (მაქსიმალური ქულა -11);
  • სასკოლო პროექტი (მაქსიმალური ქულა - 4);
  • ილუსტრაციის ანალიზი (მაქსიმალური ქულა - 4);
  • არგუმენტირებული მსჯელობა (მაქსიმალური ქულა - 4);
  • წყაროს ანალიზი (მაქსიმალური ქულა -11).

ერთიანი ეროვნული გამოცდების სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა - 3 საათი და 10 წუთი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ინგლისური ენა

ინგლისური ენის ტესტი ამოწმებს აბიტურიენტის მოსმენის, კითხვის და წერის უნარებსა და ლექსიკურ-გრამატიკულ კომპეტენციას. ტესტური მასალის სირთულის დონე არის B1, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ადეკვატურია. ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის 7. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

ვრცლად თითოეული საგნის მიხედვით ნიმუშებს, დავალების ტიპებსა და გამოცდასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე:

თამარ იაკობაშვილი