ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში გაიხსნა. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.სტუდენტთა პირველი თაობა გამოუშვა 1922 წელს, ბევრი მათგანი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. მათგან: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, ვერა ბარდაველიძე, თამარ ლომოური, ანასტასია ივანიცკი, თამარ კალაშნიკოვა, სერგი მაკალათია, გიორგი ჯაკობია...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტების შესახებ, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი:
-1918 წლის 8 თებერვალს ქართული უნივერსიტეტი დაარსდა, როგორც კერძო უმაღლესი სასწავლებელი. ამიტომაც, თავდაპირველად, სწავლა ფასიანი იყო. იმავე წლის 1 თებერვალს დაიწყო სასწავლო სემესტრი, ირიცხებოდა 310 სტუდენტი და 96 თავისუფალი მსმენელი, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა თანდათანობით მატულობდა... ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, გავიხსენოთ, თუ ვინ იყო ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. ამის თაობაზე არსებობს ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ცნობა.ერთი ცნობის თანახმად, ვახტანგ პარკაძე თავის წიგნში ("მოგონებები ქართველ მეცნიერებზე") აღნიშნავს - "1918 წლის იანვარში, როცა ახლად გახსნილ უნივერსიტეტში საბუთების მიღება გამოცხადდა, მატრიკული №1 (სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი) - ნიკო კეცხოველმა მიიღო, მაგრამ მის შემდეგ მდგომ ქალიშვილს, მომავალში ბოტანიკოს ქსენია ცხაკაიას დაუთმო, როგორც ჯენტლმენმა". აქვე დავსძენ, რომ ნიკო კეცხოველი, რომელიც იმ პერიოდში "არტილერიის ჯარისკაცი" (გაზეთი "საქართველო", 1919, № 26) იყო, მომავალში გახდა დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხოლო 1945-1953 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
მეორე ცნობის თანახმად, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი მედეა ღამბაშიძე (1899-1975) გახლდათ. 1928 წელს გამოცემულ საიუბილეო წიგნში ("ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 -1928"), რომელიც უნივერსიტეტის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა, ვკითხულობთ: "პირველი მსმენელი, რომელმაც განცხადება შემოიტანა უნივერსიტეტში შემოსვლის შესახებ და თანაც, ასი მანეთი - სწავლის ფული გადაიხადა, იყო მედეა ღამბაშიძე". ასე იყო, თუ ისე, ფაქტია, რომ ჩვენი ალმა-მატერის პირველ სტუდენტთა შორის სწორედ ზემოხსენებული "შესანიშნავი სამეული" უნდა მივიჩნიოთ.
ნანული ზოტიკიშვილი