11 წლის საბამ უმცროსი დისთვის დამოუკიდებლად შექმნა საგანმანათლებლო აპლიკაცია, რომელსაც სხვა ბავშვებსაც უზიარებს - ერთი ნიჭიერი ბიჭუნას ამბავი - მშობლები

11 წლის საბამ უმცროსი დისთვის დამოუკიდებლად შექმნა საგანმანათლებლო აპლიკაცია, რომელსაც სხვა ბავშვებსაც უზიარებს - ერთი ნიჭიერი ბიჭუნას ამბავი

2025-02-21 14:30:49+04:00

11 წლის საბა კვერენჩხილაძე ციფრულ სამყაროზეა შეყვარებული. ციფრული ხელოვნება, კოდირება, გრაფიკული დიზაინი აინტერესებს, დამოუკიდებლად სწავლობს და საინტერესო რესურსებს ქმნის. საბამ 5 წლის დისთვის, ელენესთვის, მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციით პატარებს შესაძლებლობა აქვთ, ანბანი, რიცხვები, ფერები, წელიწადის დროები, გეომეტრიული ფიგურები ისწავლონ და პარალელურად, დრო სახალისოდ გაატარონ. საბას დედა, ეკატერინე დვალი უფრო ვრცლად გვესაუბრება აპლიკაციის შექმნის იდეასა და შვილის წარმატებებზე:

saba-kverenchxilaze3-1740134254.jpg

- საბა დიდი ხანია სწავლობს დამოუკიდებლად კოდების წერასა და სხვადასხვა აპლიკაციის შექმნას, მცირე ანიმაციურ აპლიკაციებს აკეთებს, პატარა თამაშებს ქმნის, ხელოვნური ინტელექტით აწყობს ვიდეოებს, გამუდმებით ხატავს და ეს საქმე ძალიან უყვარს. რაკი მას ეს მიმართულება მოსწონს და უყვარს, შევთავაზე, არსებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა. ჩემი უმცროსი შვილი, ელენე, ხშირად მულტფილმებს უყურებს, ინგლისურენოვანი ვიდეოების დახმარებით, ანბანს თამაშითა და სახალისო მეთოდებით სწავლობს. მსგავსი ქართულენოვანი აპლიკაცია, რომ ტელეფონში ჩაგვეწერა და რაღაცები ესწავლა, არ არის. ამიტომ, საბას შევთავაზე, 3 თვის განმავლობაში გარკვეული სამუშაო საათები გაგვეწერა და ელენესთვის საბავშვო აპლიკაცია გაეკეთებინა. საბას ეს იდეა ძალიან მოეწონა. სულ ელენეს გვერდითაა, ერთად თამაშობენ, ერთმანეთი ძალიან უყვართ... დას რომ ანბანის სწავლასა და ასოების გამოთქმაში დახმარებოდა, აპლიკაციის შექმნა დაიწყო. თავიდან მხოლოდ ანბანი ააწყო. ელენეს ძალიან მოეწონა, პარალელურად, რაღაცებს უსწორებდა. შემდეგ საბამ ანბანის ასოები გაახმოვანა. საკუთარი ხმა ჩაწერა და დაამუშავა, რომ ბავშვური ჟღერადობა მიეცა. შექმნა გმირი. პატარა პინგვინი აარჩია. მას ჩოხა ჩააცვა და თავზე სვანური ქუდი დაახურა. ფოტოშოპში ააწყო. პინგვინს პინო დაარქვა.

saba-kverenchxilaze-1-1740133969.jpg

ანბანის შემდეგ, ციფრები შექმნა და კიდევ მეტად საინტერესო გახადა. აპლიკაციას დაემატა ფერები, წელიწადის დროები, გეომეტრიული ფიგურები, რაც სკოლამდელ ასაკში ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

საბა თავისით სწავლობს. რამდენიმე სხვადასხვა ტრენინგი გაიარა. დამოუკიდებლად ეძებს ინფორმაციას, საკუთარი ფანტაზიით გმირებს ქმნის. მოსწონს, როდესაც მისი შექმნილი გმირები მოძრაობენ, რაღაცას აკეთებენ...

ელენე ბაღში დადის. როგორც გითხარით, პროცესში ისიც ჩართული იყო. აპლიკაცია საკმაოდ მარტივია და თამაშით სწავლის შესაძლებლობას იძლევა...

საბა ძალიან კარგი მოსწავლეა. პირველი კლასიდანვე ენციკლოპედიებს კითხულობს, უამრავი წიგნი აქვს წაკითხული. ბევრი რამ აინტერესებს, ინგლისური შესანიშნავად იცის. ინგლისური წიგნის კითხვის კლუბშია გაწევრიანებული და სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობა.

მის მიერ შექმნილი აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. You-Tube-ზე საკუთარი არხი გააკეთა. აპლიკაციის მიმოხილვების გარდა, შემეცნებითი კონტენტი აქვს და სხვადასხვა თემაზე საგანმანათლებლო, საინფორმაციო შინაარსის ვიდეოებს წერს.

როგორც გითხარით, უყვარს გრაფიკული დიზაინი, ხატვა, ქმნის გმირებს, აპლიკაციებს, შემოქმედებითი ადამიანია და ამ მიმართულებით სურს განვითარება.

თამარ იაკობაშვილი