"როდესაც დედა წამართვეს, მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა... მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა... მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს..." - სანდრო ცნობილაძის ქალიშვილი - მშობლები

"როდესაც დედა წამართვეს, მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა... მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა... მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს..." - სანდრო ცნობილაძის ქალიშვილი

2025-02-24 20:13:22+04:00
ცნობილი კომენტატორი სანდრო ცნობილაძე, დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს:
"ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა".
მოგვიანებით ფაქტს სანდროს ქალიშვილი ნატა ცნობილაძეც გამოეხმაურა ვრცელი პოსტით:
"ვინც მამაჩემს იცნობს მჯერა გავრცელებულ ინფორმაციას ( გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში), არავინ დაიჯერებს.
მამაჩემი არის კაცი, რომელმაც როდესაც დედა წამართვეს, მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა, თეთრი არ დაიშურა იმაში, რომ შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით. მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა და არავის გააბედინა რამე ზედმეტი ეთქვა.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს და თავისუფალი დრო როგორც კი გამოუჩნდება, აქციაზე დგას.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ათასი სიბინძურე ნახა, და მაინც არის შესანიშნავი პიროვნება.
სანდრო ცნობილაძე, მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც კბილებით დაგვიცვა მე და ჩემი ძმა, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, ოჯახისთვის.
ჩვენი ოჯახის ისტორია ვინც იცით, ყველა ხვდებით ვინ არის მამაჩემი.
რაც ვარ, ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ სანდრო ცნობილაძეა მამაჩემი და რამდენი ბრძოლაც არ უნდა დამჭირდეს, მის სახელს არავის შევალახინებ.
ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ მაგრად ვართ, ისე როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერება".
როგორც ცნობილია, დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სპორტული კომენტატორისსანდრო ცნობილაძის სახლში შევიდნენ და ჩხრეკა აწარმოეს. მოგვიანებით უწყებამ განცხადებაც გამოაქვეყნა:
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს
გამოძიებით დგინდება, რომ 2022 წლიდან, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. კომუნიკაციისას, უცნობი პირი დაზარალებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, პირმა წაშლის სანაცვლოდ შეხვედრა და ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სხვადასხვა დროს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციითა და „META“-დან მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ა.ც.-ის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ა.ც.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს. ასევე გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაზარალებულის და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გავასაჯაროოთ საქმის სხვა მტკიცებულებები".