სკოლებში სწავლის ხარისხით უამრავი მშობელია უკმაყოფილო. ძალიან ხშირად ისმის უკმაყოფილება მასწავლებლების მისამართითაც. დავინტერესდით, თავად მასწავლებლებს რა მიაჩნიათ საჭიროდ სწავლის ხარისხის ასამაღლებლად და რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ მშბლებისგან. გთავაზობთ მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენმა მკითხველებმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარეს:
- "დისციპლინა უნდა იყოს სკოლებში. არავითარი ტელეფონები. მშობლებმაც უნდა აღზარდონ შვილები ისე, რომ ზრდილობა ოჯახიდან მოდიოდეს. უფროს-უმცროსის პატივისცემა უნდა იცოდეს ბავშვმა, მასწავლებლის ხათრი უნდა ჰქონდეს და მასწავლებელსაც უნდა უყვარდეს მოსწსვლეები. მშობლებსა და პედაგოგებს შორის ორმხრივი პატივისცემა უნდა იყოს და არა საჩუქრებით და გამორჩევით."
- "გაკვეთილი გაკვეთილს რომ დაემსგავსება და მასწავლებელი ბავშვების დაწყნარებაში არ ხარჯავდეს დროს, იქნებ ეშველოს. ბავშვებს ზრდილობა და უფროსის პატივისცემა ასწავლეთ."
- "ბავშვები უნდა იყვნენ იმდენად შეგნებულები, რომ გაკვეთილზე არ იხმაურონ და ხელი არ შეუშალონ სწავლების პროცესს. ამ მხრივ მასწავლებლების ფუნქცია შეზღუდულია. ზედმეტად შენიშვნას ვერ მისცემ. უფლებებს ასწავლიან და მოვალეობებს არა. ყველა მასწავლებელი ერთნაირი არ არის. იმის ნაცვლად რომ თემა ახსნას მშვიდად, უნდა იყვიროს. მე რეპეტიტორი ვარ და ამის გამო არ მინდა სკოლაში მუშაობა. ნამდვილად არ მაქვს იმის თავი, ვიყვირო და ვაჩუმო ბავშვები. დისციპლინა და ზრდილობა აუცილებელია კარგი სასწავლო პროცესისთვის. წიგნებს შევცვლიდი ბევრ საგანში. მე-3 კლასამდე უცხო ენას არ ვასწავლიდი, წერით მაინც."
- "დაუბრუნონ მასწავლებელს ავტორიტეტი და მოსწავლისთვის ნათქვამი ყოველი სიტყვისთვის მშობლების მხრიდან ამბოხებას მხარი არ უნდა დაუჭირონ. ბავშვის უფლებები მოვალეობებზე აქცენტებით ჩაანაცვლონ. ესაა ხსნა, სხვა შემთხვევაში ვერც ულტრა თანამედროვე სასწავლო გარემო და რესურსები გვიშველის."
- "მშობლებმა უნდა ასწავლონ ელემენტარული ჩვევები. აღზარდონ, ესაუბრონ, მეტი დრო გაატარონ შვილებთან, დაუმეგობრდნენ მათ, დაეხმარონ ადამიანებთან ურთიერთობის უნარჩვევების გამომუშავებაში, ასწავლონ უფროსების პატივისცემა და თავიანთი მოვალეობები. მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს საგანი. ბავშვს უნდა უხაროდეს გაკვეთილზე შესვლა. "
- "დავუბრუნოთ ბავშვს და მშობელს მოვალეობის შეგრძნება და არა ამდენი უფლებები!"
- "მასწავლებელი როდესაც ყოველდღიურად გიხსნის და გადმოგცემს ცოდნას, მოსწავლე უფრო მეტს უნდა მუშაობდეს, რომ ხვალინდელი უკეთესი იყოს. თუ ეს პირიქით ხდება, მაშინ მასწავლებლის ნაშრომი მიზანს ვერ მიაღწევს".
- "საჭიროა, მშობელი იყოს ჩართული და ზრუნავდეს შვილის პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, კულტურაზე და დისციპლინაზე."
- "მთავარი მშობელია და გარემო, სადაც ბავშვი იზრდება. არასწორი მენტალიტეტისა და აღზრდის ნაყოფს მასწავლებელი ვერაფერს უზამს, სამწუხაროდ."
- "უნდა აიკრძალოს ტელეფონები სკოლაში და მშობლებს დაევალოთ შვილების კონტროლი რომ ღამის 3 საათამდე ტელეფონში არ ისხდნენ და არ ითამაშონ პაპ ჯი, პლეისტეიშენი და არ უცქირონ აგრესიულ ფილმებს."
- "პირველ რიგში უნდა გაერთიანდეს ყველა პედაგოგი და თქვას თავის სათქმელი. გააპროტესტოს ის საშინელება, რაც ხდება განათლებაში. ერთი და ორი ამას ვერ იზამს, ყველა უნდა გაერთიანდეს".
- "ჰქონდეთ დრო შვილებისათვის და დაწყებითი კლასის ბავშვს დედა ან მამა მიუჯდეს გვერდით და არა რეპეტიტორი."
- "პირველ რიგში უნდა შემცირდეს კლასში ბავშვების რაოდენობა 20-მდე"
- " სკოლაში შვილს რომ მოაცილებს დედადა ეტყვის, მასწავლებელს დაუჯერეო,აი აქ იწყება ურთიერთანამშრომლობა."
- "მოვითხოვოთ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, ეს აუცილებელია! 2. გაიმართოს ინფრასტრუქტურა, რესურსი რაც ასევე აუცილებელია! 3.მეტი ყურადღება დაეთმოს არაფორმალურ განათლებას, საამისოდ დაფინანსდეს სკოლები. 4. განიტვირთოს პროგრამა. 5. გაუქმდეს 12 კლასი! ეს ხუთი სასწრაფოდ და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემა. შემდეგ შეიძლება ფიქრი შიდა სასკოლო გამოცდებზე რაღაც ფორმით და აუცილებლად ქცევას ზღვარს გადასული მოსწავლის, რომელსაც არანაირი რჩევა დარიგება და საერთოდ არაფერი ესმის, არც უნდა გაიგოს არც მას, არც მის მშობელს, იღუპავს მომავალს, ღუპავს სხვას ! ცალკე გაეწიოს შესაბამისი სწავლება თუ დახმარება რეალური და არა ყალბი, ვითომ სოც. მუშაკი და ფსიქოლოგი,რომელიც რეალურად არც არსებობს, არც არაფრის მომცემია!"
- "ვისურვებდი, ნებისმიერი მშობელი, რომელსაც მხოლოდ მასწავლებლის მიმართ აქვს მოთხოვნები და კრიტიკული დამოკიდებულება, თუნდაც მხოლოდ ერთი კვირით ამუშავა სკოლაში მასწავლებლად."
- "შესაცვლელია სწავლის ხარისხი,მეთოდიკა და სასწავლო პროგრამა მთლიანად."
- "დააბრუნეთ ობიექტური გამოცდები ყველა კლასში."
- "მშობლებმა, პირველ რიგში, ტელეფონები ჩამოართვან პატარებს! მოსწავლე რომ ღამეს ათენებს ტელეფონთან და გაკვეთილზე ეძინება, ამ დროს რას მოიმოქმედებ?! დაუყვირებ? -ვერა. შენიშვნას მისცემ? -ვერა! მიეფერები?-უშედეგოა"
- უამრავი რამეა შესაცვლელი, მაგრამ პირველ რიგში სახელმძღვანელოები უნდა შეიცვალოს, გამარტივდეს და გასაგები ენით დაიწეროს".
- "პროგრამის განტვირთვა, გამართული სახელმძღვანელოები, სკოლების აღჭურვა ტექნიკით და სასწავლო რესურსებით. მშობლის ჩართულობის გაზრდა."
- "მოწესრიგებული ლაბორატორიები რომ ჰქონდეს ყველა სკოლას და ცდებს ატარებდნენ, ცოტა პრაქტიკაც შეჰქონდეთ სკოლაში, კარგი იქნება. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს მოსავლის მოყვანა, ხეზე მუშაობა, ქსოვა და კერვა, სურვილის მიხედვით, ვისაც რა უნდა. ფიზკულტურასა დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. ბავშვებს თავისი აზრის გამოთქმა უნდა შეეძლოთ, უნდა იყოს მოსწავლეებთან შეხვედრები ადმინისტრაციის. ფინური სკოლის სწავლების მეთოდები ძალიან მომწონს და მსგავსი სისტემა რომ იყოს ჩვენთან, კარგი იქნება. დამუშავდეს, რომ მოერგოს ჩვენს ქვეყანას."
- "ერთერთი გამოსავალია გახანგრძლივებული ჯგუფების შექმნა, რადგან მიტოვებულ ბავშვებს ცოტა ხნით ეშველებათ, სწავლის ხარისხიც ამაღლდება.
- "კატის გამოცდები დააბუნონ სკოლებში და ყველაფერს დალაგდება თავისით."
- "რომელ ხარისხზეა საუბარი, როდესაც ბავშვი არ ჰგავს მოსწავლეს, მასხარად იგდებს დამლაგებელს, ზიანს აყენებს მის შრომას. არ გვაძლევენ უფლებას, ბავშთან ცოტა სიმკაცრე გამოვიჩინოთ. გვერდით ვდგავართ და ნაგავს ცხვირწინ გვიყრიან. აზიანებენ და ანგრევენ აშენებულს. არაფრად აგდებენ არც მასწავლებელს და არავის. თუ სკოლებში არ დადგა საკითხი მოსწავლისთვის პასუხის მოთხოვნაზე, არანაირი ხარისხი არ იქნება სკოლებში.