ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს სახელს, რა პრობლემები შეიძლება უცნაურმა სახელმა ადამიანს შეუქმნას და რატომ განსაზღვრავს კონკრეტული სახელი პიროვნების იდენტობასა და თვისებებს. "ის, თუ რა სახელს ატარებთ თქვენ, გასნაზღვრავს თქვენს იდენტობასა და პიროვნულ თვისებებს", - ამბობს ქალბატონი მარინა:
- ზოგადად, სახელდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ადამიანი ჯერ შინაარსს გაეცნობა და მერე მას სახელს არქმევს. ან პირიქით - ირჩევს სახელს და შემდეგ ხდება შინაარსის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მოვლენასაც, ვიდრე სახელს არ დაარქმევ, მანამდე შენი დამოკიდებულება მისდამი ქაოსურია. ვერ არკვევ... დიაგნოსტირება თუ არ მოხდა, რას უნდა მიხედო, არ იცი. ზოგადად, როდესაც ადამიანს სახელს არქმევენ, ეს მთელი წინარე ისტორიაა, თუ როგორ ხდება სახელის შერჩევა. დედა, მამა რას ამბობს. ზოგჯერ ძალიან საინტერესო ისტორიაა - ბიძა, ბაბუა, შეიძლება, მეზობელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილიც კი იყოს ამ პროცესში ჩართული. სახელი რაღაც წარმომავლობისაა. ის რაღაცას ნიშნავს და იმთავითვე, პატარას რაღაც ენაზე, გარკვეული ტიპის სახელს ვურჩევთ. შეიძლება ეს მშვიდობა, სიხარული, სიბრძნე იყოს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ხშირად სახელის შერჩევისას, წინაპრების სახელს ითვალისწინებენ. ეს ყოველთვის ასე იყო. ზოგჯერ გარდაცვლილი ადამიანის სახელსაც არქმევენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ვიღაცის სახელს ვარქმევთ, პირველ რიგში, ეს იმ ადამიანისადმი პატივისცემაა, რომლის სახელსაც ვარქმევთ და გარკვეულწილად, მასში რაღაც პროგრამას ვტვირთავთ. პროგრამა განაჩენი არ არის. ამის არავის უნდა შეეშინდეს. როგორ იცხოვრებს, ეს პიროვნების გადასაწყვეტია და არა სახელის.
სანამ ადამიანი თავის სახელს არ მიიღებს და თუ ვერ იღებს, მას საოცარი დისკომფორტი აქვს. ალბათ, სკოლაშიც გსმენიათ, ბავშვი თავის სახელს მალავს, გადაიკეთებს, უნდა, რომ სხვანაირად დაუძახონ. მშობლები ზოგჯერ არჩევენ ისეთ სახელს, რომელიც იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოდაშია, ტრენდშია. მაგრამ, ის სახელი შეიძლება, ისეთი ამოვარდნილი იყოს სმენისთვის, რომ ბავშვს პოზიციონირება ძალიან გაუჭირდეს. ხშირად არ ამბობს ან გთხოვს, მაგალითად: "ქეთო კი არა, ქეთა დამიძახე." თითოეულ ბგერასა და ასოს მნიშვნელობას ანიჭებს იმიტომ, რომ განიცდის იმას, რაც ჰქვია. ძალიან ბევრი მოზარდი ვიცი, რომელიც აპირებს, რომ როგორც კი სრულწლოვანი გახდება, სახელი გადაიკეთოს.
ფსიქოსომატიკაში ასეთი რამ არის ცნობილი, როდესაც ჩასახვა ხდება, მასში უკვე რაღაც პროგრამა იტვირთება. ბავშვი 23 ქრომოსომას დედისგან იღებს, 23 ქრომოსომას მამისგან. შლეიფად წინაპრების შესახებ ინფორმაცია მოგვყვება. თუ ვივარაუდებთ, რომ ჩვენს თითოეულ უჯრედში, რომელიც მილიარდობითაა, გენეტიკური ინფორმაცია რომ გავაერთიანოთ, შეიძლება, დედამიწას წრე დაარტყას, იმხელა ინფორმაციის მატარებლები ვართ. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ამ ინფორმაციასთან წვდომა არ გვაქვს. წვდომა დღევანდელობასთან გვაქვს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩასახვამდე ერთი წლით ადრე რა პროგრამებშიც, პრობლემებშიცაა დედ-მამა, თითქოს, ესეც იტვირთება. ზოგჯერ, ადამიანს აქვს განცდა, თითქოს, თავის ცხოვრებას არ გადის. თითქოს, რაღაც ისეთ შარსა და სიტუაციაშია, რომელიც მისი არჩევანი არ არის. ამ ყველაფერში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, სახელიც იღებს. მარტივ მაგალითს გეტყვით, მაგალითად, როდესაც ბავშვი კონკრეტული მიზნით ჩნდება. პირობითად, იმისთვის, რომ ქმარი არსად წავიდეს, ამ ბავშვში იტვირთება პროგრამა, რომ ის მომრიგებელ-გამშველებელი უნდა იყოს არა მარტო მშობლებს შორის, არამედ მის ცხოვრებაში შემდგომში ერთგვარი ქცევის პატერნი ხდება. თვითონაც არ იცის, რატომ აშველებს ამ ხალხს და რატომაა ამ ადამიანებს შორის. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვეძახით ჩვენ მას. ტრენინგებზე ადამიანებისათვის მიკითხავს, სადაურია მათი სახელი და რას ნიშნავს და უმეტესობამ არ იცის. მაგალითად, "თამარი" ძველ აღთქმაში ძალიან დიდი ენერგეტიკის მქონე სახელია. ის ფინიკის პალმას ნიშნავს. ასევე, სიხარულს, მშვიდობას, სიბრძნეს. ძალიან ბევრი სათნოებაა ამ სახელში გაერთიანებული. განსაკუთრებით ქართველისთვის თამარი, თამარ მეფიდან გამომდინარე, კიდევ სხვა დატვირთვასაც იძენს. ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული სახელია. რაც შეეხება "მარინას", ეს ბერძნული სახელია და ზღვას ნიშნავს. ეს ჩემთვის იმდენად თავსებადია, ზღვა და წყალი არის ის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, ისტორია, თუ როგორ გვარქმევენ სახელს, ესეც მნიშვნელოვანია. წმინდანის სახელის დარქმევა იქნება თუ წინაპრის, რაღაცით, თითქოს, მასთან აკავშირებს ადამიანს.
ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ყოველთვის ჯობს, სახელი იყოს სრული. როგორც გამოითქმება, ასე ვეძახდეთ ერთმანეთს და ძალიან კნინობითი არ იყოს. თუმცა, ეს ადამიანის არჩევანია. ნებისმიერი სახელი, რაც არ უნდა ერქვას ადამიანს, მას თავად ამშვენებს. ძალიან ბევრი უცნაური სახელი შეიძლება იმ პიროვნებით შეგიყვარდეს, რომელსაც ეს სახელი ჰქვია და შემდგომ შეიძლება, მოდაშიც შემოვიდეს. ამიტომ, ადამიანი თუ თავის სახელს იღებს, ის ახალ შინაარსს სძენს ამ სახელს. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ საკუთარი თავის მიღება, რომ შემდგომ სამყარო მიიღო. ვერ იღებ შენს თავს? ვერ იღებ სამყაროს და სულ დისკომფორტი გაქვს.
არის სახელები, რომლებიც ბავშვებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. თუ ეს ადამიანი გამორჩეული, ნიჭიერია და თავად შექმნის ეპოქას, მაშინ სახელიც ყურისთვის უფრო მისაღები და გასაგები ხდება. სახელს თავად ადამიანი ალამაზებს. სხვა შემთხვევაში, ადამიანებს უცნაური სახელების ტარება ძალიან უჭირთ. მახსოვს, ზიმლიტრისენიე იყო სახელად. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ დაარქვეს ეს სახელი, თქვა, რომ კამბოჯაში ზიმლიტრისენიე იყო მაშინო. ასეთი უცნაური წინაპირობებიც აქვს ზოგიერთ სახელს. ველოდი, არველოდი, მახარე - ესეც რაღაც შინაარსის მატარებელია. როდესაც სახელზეა უსიამოვნება და ვერ თანხმდებიან, თუ რა დაარქვან ბავშვს, შეიძლება, ადამიანს გადაუწყვეტელობის მანერა მთელი ცხოვრება გაჰყვეს, რაღაცას ვერ წყვეტდეს, ვერ იგებდეს, რა ქნას, საით წავიდეს. რა თქმა უნდა, აქ გაცნობიერებაა მთავარი.