ქართული კინოს მშვენება კირა ანდრონიკაშვილი წელს 80 წლის ხდება, თუმცა ისეთივე მშვენიერი, აქტიური და მოთხოვნადია, როგორც წლების წინ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმში ითამაშებს. სარეკლამო შეთავაზებები და გადაღებები კი სულ აქვს და ახალ-ახალ საინტერესო პროექტებში ჩნდება.

ეს-ესაა შვილიშვილთან - ტელეწამყვან ლიკა ევგენიძესთან და მის ქალიშვილ სოფიასთან ერთად გამოჩნდა მორიგ სარეკლამო კამპანიაში. სამი თაობის ქალბატონებმა საოცარი ტანდემი შექმნეს.

ქალბატონ კირას ორი ქალიშვილი ჰყავს, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ამბობს, რომ არასოდეს არ უგრძნია თავი განსაკუთრებულად. ხოლო რაც შეეხება საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას, ასეთია მისი პასუხი:
" სულაც არ არის საამაყო, როცა ქალი ამბობს, არ ვზურავ გარეგნობაზე, კრემსაც არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
შენგან თუ სითბო, დადებითი მუხტი და ხალისი არ მოდის, მარტო ცუდზე ლაპარაკობ, ეს შენს სახესაც დაეტყობა. მინახავს ულამაზესი ადამიანი, რომლისგანაც კეთილგანწყობა და სითბო არ მოდიოდა და ის უბრალოდ ყინულის დედოფალს ჰგავდა.
მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი.
ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს".