ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად მშობლები ყველაფრისთვის მზად არიან. იმაზე დიდი შვება მშობლისთვის არაფერია, როცა პატარა ძალიან იშვიათად ავადობს და ისიც, მსუბუქად. სამწუხაროდ, ასპროცენტიანი რეცეპტები იმუნიტეტის ასამაღლებლად არ არსებობს. სამაგიეროდ, სპეციალისტები ბავშვის ასაკის ყველაზე გარდამტეხ პერიოდებს ასახელებენ, როცა იმუნიტეტის შედარებით სუსტია.
4-6 თვის ასაკში დედის ორგანიზმიდან გამოყოლილი ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. როცა მიკროორგანიზმები შეუტევენ, პატარას ორგანიზმს საპასუხო რეაქციის გაცემა უკვე შეუძლია. თუმცა მაინც არსებობს მაღალი რისკი, რომ ინფექცია ბავშვის ორგანიზმში შეაღწევს.
სიცოცხლის მეორე წლისთვის იმუნიტეტი საკმაოდ მომძლავრებულია. პათოგენურ მიკროორგანიზმებზე კარგად რეაგირებს, თუმცა ჯერ "იმახსოვრებს" მათ. ბავშვი უკვე ფართოდ ეცნობა გარემომცველ სამყაროს და ირგვლივ მყოფი ვირუსების მიმართაც მგრძნობიარეა.
6 წლის ასაკში აქტიური ზრდის ფონზე იმუნური სისტემა სუსტდება. ამ ასაკში მატულობს კანზე ალერგიული გამონაყარი, პარაზიტული დაავადებები.
რისთვის არის სჭირო გაკაჟება?
ადამიანის სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსია. სწორედ ეს ტემპერატურაა საჭირო შინაგანი ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამიტომ როცა გვცხელა, სხეული ოფლს გამოყოფს და ამით გრილდება. როვა გვცივა, გვაკანკალებს, ვმოძრაობთ, რათა სხეულმა მეტი სითბო გამოიმუშავოს. თუ სითბოს ვერ შევინარჩუნებთ, გავცივდებით. ავად რომ არ გავხდეთ, ამისთვის მხოლოდ თბილად კი არ უნდა ჩავიცვათ, ჩვენი სხეულის უჯრედები უნდა მივაჩვიოთ ტემპერატურის ცვლილებაზე სწრაფ რეაგირებას. სწორედ ამისთვისაა საჭირო გაკაჟება.
გაკაჟება შეგიძლიათ, წლის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სეზონზე დაიწყოთ. საფრთხილოა წლამდე ასაკის ჩვილი, ერთიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის კი კონტრასტული მეთოდების გამოყენებაც შესაძლებელია, თუმცა არა პირველსავე ეტაპზე.
სისტემატურად შეასრულეთ დილის ვარჯიშები, ეს გაკაჟების საუკეთესო კომპონენტია. ვარჯიშები ღია ფანჯარასთან (არა ორპირში) უნდა შეასრულოთ. ადგილზე სირბილი, გადახრები, ბუქნები, თავისა და კიდურების ბრუნები... ვარჯიშს ეფექტი მაშინ აქვს, თუ ყოველდღე, რეგულარულად ტარდება.
ბავშვს ხელ-პირი ცივი წყლით დაბანეთ - ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური პროცედურაა. პატარა ხშირად დაზილეთ სველი პირსახოცით. წყლის გამაკაჟებელი პროცედურებიდან ეს ყველაზე მსუბუქი პროცედურაა. ჯერ ხელ-ფეხი დაუზილეთ თითებიდან ზედა მიმართულებით, შემდეგ - გულ-მკერდი და ზურგი.
გრილი წყლით დაუზილეთ კისერი, მკერდი და მხრები. კისერსა და მკერდზე ბევრი რეცეპტორია განლაგებული, რომლებიც ტემპერატურის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამ რეფლექსური ზონების სტიმულირება გაკაჟების საუკეთესო ხერხია. თუმცა საწყის ეტაპზე მის გამოყენებას არ გირჩევთ.
ყელში გამოვლეთ გრილი წყალი - ესეც ეფექტური საშუალებაა, თუმცა წყლის ტემპერატურა 26 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. პროცედურა ერთი წუთის განმავლობაში გრძელდება. თანდათან 2 წუთამდე გაზარდეთ და გრადუსსაც დაუკელით.