ბოლო წლებია, რაც საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის 90-იან წლებში დაწყებული სქემა გაიშიფრა. უკვე არაერთი ისტორია მოვისმინეთ როგორ ყიდდნენ სამშობიაროდან ბავშვებს უშვილო წყვილებზე. ბიოლოგიურ მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი დაიღუპა და თავად დაკრძალავდნენ. იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახი გარდაცვლილი ჩვილის ცხედარს ოჯახი დაჟინებით მოითხოვდა, ექიმები მათ გადარწმუნებას ცდილობდნენ.
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებთ, რომ ყველა ჩვილი, რომელიც წლების წინ გარდაცვლილად გამოცხადდა, გაყიდულია. თუმცა ჩვილებით ვაჭრობის საქმემ მართლაც შემზარავი მასშტაბები მიიღო. თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში "ვეძებ“ თვეში რამდენიმე ოჯახი პოულობს გაშვილებულ შვილს, რომელიც წლების განმავლობაში გარდაცვლილი ეგონათ.
ამჯერად ზესტაფონში მცხოვრებ ოჯახზე მოგიყვებით. როგორ იპოვათეო სირაძემ29 წლის წინ მოპარული ძმა. ისტორია მძიმე წასაკითხია, ქალი ჰყვება, რომ მათ მდგომარეობაში ბევრი ოჯახია, თუმცა სირაძეების ოჯახს გაუმართლა და შვილი დაიბრუნეს, თუმცა ეს გზა მარტივი არ ყოფილა.
ეს ისტორია არ არის მხოლოდ ტკივილის, განშორებისა და უსამართლობის შესახებ - ესაა ისტორია სიყვარულის, რომელიც გზას ყოველთვის პოულობს.
თეო სირაძე:
- დედაჩემის მეორე შვილი - ჩემი ახლახან ნაპოვნი ძმა, გიორგი ზესტაფონის საავადმყოფოში შეეძინა. მესამე დღეს ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა და სამშობიაროდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა. სამშობიაროში უთხრეს, რომ მიცვალებულს თავად მიხედავდნენ. სადღაც ერთ კვირაში იმავე სამშობიაროს გინეკოლოგს მაცივარში მკვდარი ჩვილი უპოვეს, იმ შემთხვევისთვის ჰქონდა შენახული, თუ ვინმე მოპარული ჩვილის ცხედარს მოითხოვდა. ამ ამბის გარკვევის შემდეგ, იმავე სამშობიაროში მომუშავე ერთ-ერთმა პედიატრმა, რომელიც ბაბუას იცნობდა, მოაკითხა და უთხრა, თქვენი შვილიშვილი ცოცხალია და ქუთაისშია გაშვილებულიო.
ოჯახმა ძებნა დაიწყო, იმჟამინდელ პოლიციას მიმართეს და კვალი მართლა ქუთაისზე გავიდა, მაგრამ საქმე მალე შეწყვიტეს, უთხრეს, რომ კვალი დაეკარგათ. დედას და მამას საქმის დახურვაზე ხელი მოაწერინეს და ასე დასრულდა ეს ამბავი. შემდეგ ბაბუა ცდილობდა თავისი ძალებით მოეძებნა ბავშვი, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო, რამდენიმეჯერ მუქარის წერილი დახვდა, მანქანაზე, სახლის კართან, რომ ძებნისთვის თავი დაენებებინა.
- როგორი იყო ამ პერიოდში თქვენი დედ-მამის ემოციური მდგომარეობა?
- თავისი ძალებით ჩუმად მაინც აგრძელებდნენ ძებნას. შემდეგ დედმამიშვილები რომ წამოვიზარდეთ, მოგვიყვნენ, რომ კიდევ ერთი ძმა გვყავდა ქუთაისში. 29 წელი სულ ძიებაში ვიყავით. ჯერ მე დავიბადე, შემდეგ ჩემი მოპარული ძმა და კიდევ ორი და-ძმა გვყავს. განაგრძეთ კითხვა