ექიმ პაატა წამალაშვილს სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი იცნობს. ძირითადი პროფესიის პარალელურად, ის ცხოველთა მოყვარულებს საკუთარ ბლოგზე "Pawcast - პლატფორმა ცხოველების შესახებ" აერთიანებს და მათ არაერთ მნიშვნელოვან რჩევასა და საინფორმაციო ვიდეოს უზიარებს. პლატფორმა პანდემიის შემდეგ შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში, ადამიანებმა ბევრი საჭირო რჩევა მიიღეს. მშობლებს, ხშირად აქვთ შეკითხვა, ბავშვიან ოჯახებში რომელი ძაღლის მიყვანაა უფრო უსაფრთხო, ზოგადად, რა უნდა გაითვალისწინონ ცხოველთან ურთიერთობისას და რატომ შეიძლება, ძაღლი აგრესიას გამოხატავდეს. აქტუალურ შეკითხვებზე პაატა წამალაშვილი გვესაუბრება:
- არსებობენ თმიანი და ბეწვიანი ძაღლები - ანტიალერგიულები და ისეთები, რომლებიც ბეწვს იცვლიან. პირველ რიგში, იმ ოჯახებისათვის, სადაც პატარა ბავშვები ჰყავთ, ყველაზე მისაღებია კლასი, რომელსაც აქვს თმა და არა ბეწვი. ანტიალერგიულია პუდელი, მალტეზები, იორკიშ-ტერიერი, შიცუ - როგორც ადამიანებს ეზრდებათ თმა, მათაც ასე ეზრდებათ. სწორი მოვლის პირობებში, მათ თმა არ სცვივათ. მათ შორის, მე პირადად, პუდელს გამოვარჩევდი. პუდელი ძალიან ჭკვიანი ძაღლია და კარგი წვრთნის პირობებში, ამ ჯიშის ყოლა უბრალოდ, საოცრებაა. შეიძლება, ბეწვიანი ძაღლიც მიიყვანონ, როგორიცაა, მაგალითად, ლაბრადორ რეტრივერი, გოლდენ რეტრივერი, თუნდაც გერმანული ნაგაზი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ძაღლებს ენერგიის დახარჯვა განსაკუთრებით სჭირდებათ და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, იმისათვის, რომ მათ ბეწვი არ დასცვივდეთ, ამისათვის პატრონმა პროფესიონალებისაგან რჩევები უნდა მიიღოს, შესაბამისად დავარცხნოს, სწორად გამოკვებაზე იზრუნოს. თუ ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ძაღლი აიყვანოს, შემიძლია, ვთქვა, რომ მეტისი არავისზე ნაკლებია. შესაბამისად, არჩევანი მრავალფეროვანია. თუმცა, ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანია.
- მეძებარი, მონადირე კლასის ძაღლები, ნაგაზები - მებრძოლ ძაღლებს, რომლებსაც სისხლში, გენეტიკურად აქვთ, რომ დამცველები უნდა იყვნენ, თუ მათ სახლის პირობებში, უძრავად დიდხანს გავაჩერებთ, მათ ფსიქიკას სერიოზულ პრობლემას შევუქმნით. მაგალითად, პიტბული, როტვეილერი, ან თუნდაც გერმანული ნაგაზი, ბელგიური მალინუა - ამ ძაღლებს სოციალიზაცია სჭირდებათ. სახლის პირობებში მათ ყოფნას ვერ და არ გავუწევდი რეკომენდაციას. შეიძლება, მიეჩვივნონ, მაგრამ მათ გარეთ ენერგიის დახარჯვა განსაკუთრებით სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ შედეგს მივიღებთ. ოჯახის წევრის დაზიანების მცდელობა იქნება თუ სხვა ადამიანის, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, ეს უშუალოდ აგრესიის გამოხატვა არ არის. მისთვის ეს თავდაცვითი ფორმაა. ცხოველს აგრესია არ გააჩნია. ის ყოველთვის თავს იცავს. რაც ნაკლები სოციალიზაცია ექნება, მისთვის, გარემოდან გარკვეული დეტალების მიღება მით უფრო ახალი და უჩვეულო გახდება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, თავდაცვითი პოზიცია განსაკუთრებით ძლიერდება. თუ ძაღლს სოციალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, ენერგიას ვერ ხარჯავს, პატრონი მის გარეთ გაყვანას ვერ ახერხებს, ოჯახის რომელიმე წევრსაა "მიწებებული", ოჯახის მეორე წევრის ისეთი ქცევაც კი, რაც აქამდე არ უნახავს, შესაძლოა, მისთვის უცხო აღმოჩნდეს, თავდასხმად აღიქვას და თავის დაცვა აგრესიის გამოვლენით გადაწყვიტოს. ასეთ დროს, შეიძლება, ოჯახის წევრს, სხვა ადამიანს თავს დაესხას, სახლიდან გაიქცეს, ავეჯი დააზიანოს და ასე შემდეგ. ავეჯის დაზიანებაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ცხოველს ენერგიის დახარჯვის შესაძლებლობა არ აქვს და იწყენს.
- შემიძლია, პირადი მაგალითი გაგიზიაროთ: ეზოში ორი ძაღლი მყავს. რა თქმა უნდა, ამ ძაღლებმა ყეფა იციან. ღამის საათებშიც ყეფდნენ, თუმცა პრობლემის მოგვარება შევძელი, რაც არც ისე მარტივი იყო. ძაღლს ბიოლოგიური საათი და ასოციაციური მეხსიერება გააჩნია. ბიოლოგიური საათისა და ასოციაციური მეხსიერების ერთმანეთთან მიმართება ასე იკვეთება: პირობითად, მე 12 საათის შემდეგ არ მინდოდა, ჩემს ძაღლებს ეყეფათ. გარშემო მეზობლები არიან და ვიღაცას შეიძლება, აწუხებდეს. შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ პერიოდში ჩემს ძაღლებს ყეფა ავუკრძალე. როგორც კი მცდელობა ექნებოდათ, რომ დაეყეფათ, მაშინვე წინააღმდეგობას გამოვხატავდი, ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყვნენ. თავიდან ვერ ხვდებოდნენ, შემდეგ ისევ ყეფას რომ დააპირებდნენ, იგივე რეაქცია მქონდა. მთავარია, ცხოველს გარკვეულმა სიგნალმა აგრძნობინოს, რომ ის, რასაც აკეთებს, პატრონისთვის მისაღები არ არის. თავიდან, როგორც აღვნიშნე, რთული იყო. თუმცა, შემდეგ ქცევა შეცვალეს. ეს ყველაფერი რომ ერთსა და იმავე დროს ხდებოდა, ბიოლოგიურმა საათმა აიძულა, მიმხვდარიყვნენ, რომ სწორედ იმ პერიოდში არ ჰქონდათ ამის უფლება. მნიშვნელოვანია, ქცევის კორექტირება საწყის ეტაპზე შევძლოთ. ასეთ დროს შედეგი გაცილებით უკეთესია.
- ყმუილს ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე დიდი მიზეზი მაინც მოწყენაა. ცხოველი ამ გზით ცდილობს, გარშემო მყოფებს თავი შეახსენოს. შესაძლოა, ყმუოდეს მაშინ, როცა მარტოობას განიცდის. საქართველოში აქტიურადაა გავრცელებული მოსაზრება, რომ როცა ადამიანს რაიმე უჭირს, ან ვინმე კვდება, ძაღლი მაშინ ყმუისო. მეცნიერულად ამას ახსნა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ვიდეოც მქონდა. მაგრამ, იმდენმა ადამიანმა თქვა, რომ ძაღლი სწორედ იმ პერიოდში ყმუოდა, როცა ოჯახს განსაცდელი უახლოვდებოდა, ამ ფაქტის გამოკვლევა ნამდვილად საინტერესოა და ვაპირებ კიდეც. მეცნიერული თვალსაზრისით, პირველი მიზეზი, რის გამოც ძაღლი ყმუის, გარემოსთვის საკუთარი თავის შეხსენებაა. ასევე, ყმუილი ენერგიის ვერდახარჯვასთანაცაა დაკავშირებული. როცა ძაღლი გარემოში თავს მარტო გრძნობს, ყმუილით მოწყენას გამოხატავს.
- პირველ რიგში, მუნიციპალურ სამსახურთან უნდა გაარკვიონ, რამდენად აქვთ ამის უფლება. როგორც წესი, ადამიანებს ქუჩიდან ძაღლის აყვანის უფლება აქვთ. შემდეგ უნდა დაარეგისტრირონ, ჩიპი ჩაუდგან, სახელი მისცენ. ასევე, არ ვიცით, ქუჩიდან აყვანილ ძაღლს იქამდე რა სტრესი შეხვდა და სახლში რა ტიპის ქცევას გამოავლენს. ამიტომ, ყველა ვარიანტში ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს ოქროს წესი: მას დომინანტობა არ უნდა ვაგრძნობინოთ. საწყის ეტაპზე ძალიან ფრთხილად და მსუბუქად უნდა მოვეპყროთ. შემდეგ უკვე სიტუაცია გამოავლენს, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. მთავარია, მშვიდად ვიყოთ და ნაკლებად ვინერვიულოთ. რადგან ის ამ ემოციას აუცილებლად გაიგებს. ქუჩიდან აყვანილი ძაღლი, მით უმეტეს, თუ ეს მეტისია, გარემოს ადვილად ეგუება. მეტისი ძალიან ჭკვიანი ძაღლია და ხვდება, რომ უკეთეს გარემოში მოხვდა. მადლიერების გრძნობაც აქვს. ოღონდ, მადლიერების გრძნობა რომ აღიქვას, სტრესისგან უნდა გათავისუფლდეს. თავიდან სიფრთხილე გამოვიჩინოთ, შემდეგ პროცესი გვეტყვის, როგორ უნდა მოვიქცეთ.
ქუჩიდან ძაღლის აყვანის შემთხვევაში, პირველ რიგში, ვფიქრობ, ვეტექიმთან მიყვანა და შემოწმებაა აუცილებელი. ვეტექიმი პატრონს შესაბამის ინფორმაციას მიაწოდებს და ურჩევს, როგორ უნდა მოიქცეს. თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ძაღლის აყვანას გადავწყვეტთ, მაშინ ვეტექიმიც უნდა გვყავდეს, რომელსაც პერიოდულად დავუკავშირდებით ხოლმე. ძაღლზეც უნდა ვიზრუნოთ ზუსტად ისე, როგორც ოჯახის სხვა წევრებზე ვზრუნავთ. აცრების, ჭიაზე დამუშავების, კვების შერჩევის და დაავადებებზე პრევენციის გზების შესახებ სწორედ ვეტექიმი გვესაუბრება.
- უცხო ძაღლთან სიფრთხილე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ის მშვიდად გამოიყურება თუ აგრესიულად. დომინანტობა არ უნდა ვაგრძნობინოთ და გარკვეული დისტანცია დავიცვათ. რაც არ უნდა გვარწმუნებდნენ, რომ უსაფრთხოა, აგრესიას არ გამოავლენს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ის როგორ გადათარგმნის კონკრეტულ მოქმედებას, ამას წინასწარ ვერავინ გაიგებს.
როგორც წესი, ის ძაღლები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და რომლებსაც ყურზე სპეციალური ნიშანი აქვთ, მუნიციპალურ სამსახურს აღრიცხული ჰყავს, კასტრაცია და შესაბამისი აცრები ჩატარებული აქვთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სიფრთხილე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიჩინოთ.
- მინდა, ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: ძაღლის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება, აიყვანოთ ლეკვი, ზრდასრული ან მოხუცი ძაღლი. ნუ აჰყვებით სტერეოტიპებს, რომ გაზრდილ ძაღლს ვერ გაწვრთნით. ნებისმიერი ასაკის ძაღლის გაწვრთნაა შესაძლებელი ისე, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდეთ.
როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ვალდებულია, იზრუნოს მასზე, ვინც მოიშინაურა, პასუხისმგებლობას ხაზს ვუსვამთ. თუ ვიღებთ ძაღლის აყვანის პასუხისმგებლობას, მასზე სათანადოდაც უნდა ვიზრუნოთ. ოჯახის წევრს რომ რაღაც სჭირდეს, მას ექიმთან აუცილებლად მივიყვანთ. შინაური ცხოველის შემთხვევაშიც ასე უნდა მოვიქცეთ.
გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა ცხოველის სახლში მოვლა, თუკი ჩვენ მეცნიერებას მეტად ვენდობოდით და მის მდგომარეობას საკუთარ პრიზმაში ნაკლებად გავატარებდით. ჩემს ბლოგშიც ამაზე ხშირად ვსაუბრობ და მინდა, სტერეოტიპები დავამსხვრიო. რაც უფრო მეცნიერული სიზუსტით მივუდგებით ცხოველის მდგომარეობას, მით მეტად გავაბედნიერებთ. ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისთვის კარგია, სულაც არ იყოს ასე. ამიტომაც, როდესაც ძაღლის აყვანას გადავწყვეტთ, მასზე ინფორმაცია მოვიძიოთ, სპეციალისტს ვკითხოთ რჩევები და შესაბამისად მოვიქცეთ.
თამარ იაკობაშვილი