ზოგჯერ ისე ხდება, რომ რამდენიმე შვილიდან მშობლები ერთ-ერთ მათგანს ირჩევენ ფავორიტად. თითქოს ის სხვებზე ჭკვიანია, სხვებზე უკეთესი მიღწევები აქვს, უფრო მაღალი და ლამაზია... ბავშვიც ამართლებს მათ მოლოდინებს - წარმატებულია სწავლაშიც და სპორტშიც. მაგრამ წლების შემდეგ, როცა და-ძმანი იზრდებიან, სიტუაცია იცვლება. ფავორიტ ბავშვებს გაცილებით უჭირთ რეალურ ცხოვრებაში დამოუკიდებლად თავის დამკვიდრება. იგივე პრობლემებს ხშირად აწყდებიან დედისერთა ბავშვებიც. ისინი ხშირად ხდებიან მშობლების ნარცისობის მსხვერპლნი.
რა რისკები ექმნებათ ბავშვებს, რომლებსაც ოჯახებში და-ძმებისგან არჩევენ და "აღმერთებენ"?
1. ეშინია შეცდომების დაშვების
ფავირიტი ბავშვი მუდმივად აწყდება არარეალისტურ მოლოდინებს. ეს მისთვის მუდმივი ზეწოლაა — შენ უნდა იყო წარმატებული, შენ უნდა გახდე საუკეთესო, რათა შეესაბამებოდე იმ იდეალურ სურათს, რომელსაც მშობლები ბავშვზე აგებენ. ყველაფერი, რასაც ასეთი ბავშვი იწყებს, იდეალურად უნდა გამოუვიდეს. ნებისმიერი გადახვევა დასახული კურსიდან აღიქმება როგორც სრული მარცხი.
მაგალითად, ბავშვობაში მშობლები გაქებდნენ თითოეული მიღწევისთვის ისე, რომ გაგეგოთ — წარმატება არა უბრალოდ გამარჯვებაა, წარმატება არის მოცემულობა, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეთ. მსგავსი აღზრდის შედეგად მუდმივად განიცდით დაძაბულობას და გეშინიათ შეცდომის დაშვების — რადგან მაშინ აღმოჩნდება, ოჯახში შეთვისებული იდეის მიხედვით, არ ყოფილხართ კარგი და საყვარელი.
2. არ იცის, ვინ არის
ხშირად განიცდის შინაგან კონფლიქტს იმას შორის, რა შეუძლია სინამდვილეში და რას მოელიან მისგან. ნარცისულ ოჯახში გაზრდა გარშემომყოფთა სურვილებზე მორგების აუცილებლობას იწვევს.
მაგალითად, დედას ყოველთვის უნდოდა, რომ ემღერა. ამა თუ იმ მიზეზის გამო მან ვერ შეძლო თავისი ოცნების განხორციელება, მაგრამ ეჭვი არ შეაქვს, რომ მის საამაყო შვილს შეუძლია ამის გაკეთება. გოგონა, რომელსაც ასეთი ქალი გაზრდის, სავარაუდოდ, შესანიშნავად იმღერებს — მემკვიდრეობითი მონაცემები და უსასრულო ვოკალის გაკვეთილები შედეგს გამოიღებს. სავარაუდოდ, ის მუსიკალურ კარიერასაც გაიკეთებს და წარმატებასაც მიაღწევს — თუმცა, ამით საკუთარ თავს ბედნიერად ვერ იგრძნობს. იმისათვის, რომ სხვისი ოცნება აისრულოს, საკუთარ ინტერესებზე, სურვილებსა და ოცნებებზე უარის თქმა უწევს — ამიტომ, რაიმეში წარმატების მიღწევის შემდეგაც კი, ფავორიტი ბავშვი აწყდება სიცარიელეს, ცხოვრებაში იმედგაცრუებასა და იდენტობის კრიზისს.
3. მიდრეკილია ემოციური დამოკიდებულებისკენ
"გაღმერთებული" ბავშვი საკუთარი რჩეულობის დადასტურებას ჩაკეტილ წრეში გამუდმებით ეძებს, რადგან მიტოვების შიში აქვს. მას სჭირდება სხვა ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ და შეაქებენ მის მიღწევებს, რითაც უზრუნველყოფენ მისთვის ემოციურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
გაზრდისას, ასეთი ბავშვი სწავლობს მხოლოდ სხვა ადამიანებზე დაყრდნობას. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ემოციების რეგულირება და გადაწყვეტილებების მიღება, ეშინია უარყოფის და ვერ იტანს კრიტიკას. მაშინაც კი, როდესაც ასეთმა ადამიანმა ბევრს მიაღწია, ის მაინც წარუმატებლად გრძნობს თავს. შედეგად, მიდრეკილება უჩნდება, შევიდეს თანადამოკიდებულ ურთიერთობებში, რადგან მხოლოდ იქ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
4. ეშინია დამოუკიდებლობის
შიში და შფოთვა იპყრობს, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ან ცხოვრებაზე კონტროლის აღებას. ყველაფერი მარტივია — ბავშვობაში მას არ ჰქონდა არჩევანის შესაძლებლობა.
უფროსი ასაკის მიღწევისას, ის პარალიზებულია ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეშინია მარცხის ან ვინმეს იმედგაცრუების და ძალიან სჭირდება ინსტრუქციები და მხარდაჭერა.
5. თავს არიდებს პასუხისმგებლობას
პასუხისმგებლობის აღების შიში პირდაპირ მომდინარეობს დამოუკიდებლობის შიშიდან. იმის ნაცვლად, რომ აირჩიოს რაიმე და მიიღოს შედეგები, ასე აღზრდილი ადამიანი ყველა ღონეს იხმარს პასუხისმგებლობის სხვაზე გადასაკისრებლად. ბავშვობაში მას შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდა შეხება საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებთან, ამიტომ ამჯობინებს თავი აარიდოს თავად პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობას.