"მთელს ოჯახს მაღალი სიცხეები გვაქვს. მინდოდა, ფილტვები მოესმინა ექიმს, რომ ანთება არ გამოგვპარვოდა. ამ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავდგებოდი პოლიკლინიკის ექიმის რიგში და სასწრაფო გამოვიძახე. სხვა დროსაც გამომიძახებია. ამჯერად, რომ ვუთხარით, რომ სიცხეებს ვერ ვუგდებდი პაციენტს, მითხრეს, რომ სიცხის გამო ვერ მოვლენ და ოჯახის ექიმთან გადამამისამართეს. ოჯახის ექიმი მოვა ბინაზე?" - ამ შეკითხვით ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვმართა. ვინაიდან მსგავსი პრობლემა ბევრს აწუხებს, გადავწყვიტეთ კითხვაც და მასზე გაცემული პასუხიც გამოვაქვეყნოთ.
როცა ვირუსები მაღალი სიცხეებით მიმდინარეობს და ექიმთან პაციენტს თავისი ფეხით მისვლა არ შეუძლია, ან შაბათ-კვირაა და ოჯახის ექიმი ხელმისაწვდომი არ არის, ფილტვებში მოსასმენად და გართულების გამოსარიცხად ბევრი საასწრაფო დახმარებას იძახებს. ბოლო დროს სოციალურ ქსელში რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ 112-ის სამსახურში გამოძახებაზე უარი უთხრეს და ოჯახის ექიმთან გადაამისამართეს. რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარება მართლაც პირველ რიგში გადაუდებელი ვითარების დროს არის საჭირო, თუმცა ისიც ცხადია, რომ მაღალი სიცხეებისა და გართულებული სიმპტომების მქონე პაციენტს ექიმის ბინაზე გამოძახებაც სჭირდება.
დავინტერესდით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასეთ შემთხვევებში მართლაც უარს ამბობს თუ არა და როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ თავისი ფეხით ექიმთან ვერ მიდის - შეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ცხელ ხაზზე განგვიმარტეს:
"პირველ რიგში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას უნდა დაუკავშირდეთ. პაციენტის მდგომარეობის შეფასებისა და სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, თუ ბრიგადა ჩათვლის, რომ ადგილზე მისვლა აუცილებელია, რა თქმა უნდა, მივა. ეს ინდივიდუალურია. თუ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩათვლის, რომ მათი ადგილზე მისვლა საჭირო არ არის, მაშინ ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და კონსულტაცია გაიაროთ. ოჯახის ექიმს პაციენტთან ბინაზე მისვლის ვალდებულება არ აქვს. დეტალები პაციენტმა იმ პოლიკლინიკაში უნდა გაარკვიოს, სადაც რეგისტრირებულია. თუ სასწრაფო დახმარება ადგილზე არ მიდის, მაშინ პაციენტმა კლინიკას თავად უნდა მიაკითხოს. იმისათვის, რომ დაფინანსებით ისარგებლოთ, იმ კლინიკასა და ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ, სადაც რეგისტრირებული ხართ." - გვითხრეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.
შესაბამისად, ექიმის ბინაზე მომსახურების სერვისს ჯანდაცვის სისტემა არ გვთავაზობს, თუმცა თუ ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია თქვენთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება.
თამარ იაკობაშვილი