პროდუქტი, რომელიც ბავშვის ქცევასა და სოციალურ უნარებზე მოქმედებს - მშობლები

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელიც ბავშვის ქცევასა და სოციალურ უნარებზე მოქმედებს: "შეინიშნება ქცევითი თავისებურებები, რომლებიც არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს"

2025-03-14 10:34:12+04:00

ყველა მშობელი განსაკუთრებული ყურადღებითა და ზრუნვით ეკიდება შვილის კვების საკითხს. დედები და მამები ცდილობენ მენიუ სასარგებლო და მრავალფეროვანი, ამავდროულად ნოყიერი და გემრიელი გახადონ. ბრიტანელი მეცნიერების უახლესი კვლევა გვირჩევს, თუ რომელი პროდუქტი უნდა მიიღონ ბავშვებმა რეგულარულად, რათა კარგი ჯანმრთელობა და ენერგიულობა შეინარჩუნონ.

საქმე თევზს ეხება. ბრისტოლის უნივერსიტეტის კვების კათედრის დოცენტი, დოქტორი კეროლაინ ტეილორი აცხადებს, რომ დაკვირვების შედეგების მიხედვით, ის ბავშვები, რომლებიც თევზს მიირთმევენ კვირაში სულ მცირე ორჯერ, უფრო კომუნიკაბელურნი, კეთილგანწყობილნი არიან და ხალისით ერთვებიან ახალ წამოწყებებში.

არაა საიდუმლო, რომ თევზი ნამდვილი "ჯადოსნური აბია" ნებისმიერი ადამიანისთვის. ის წარმოადგენს სასარგებლო ნივთიერებების წყაროს, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, სელენი, იოდი, რკინა, ფოსფორი, ამინომჟავები და D ჯგუფის ვიტამინები. ეს მიკროელემენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტვინის განვითარებასა და კოგნიტურ ფუნქციებში.

ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვებში, რომლებიც არ ჭამენ თევზს, 35% შემთხვევაში შეინიშნება ქცევითი თავისებურებები, რომლებიც არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს. ცხრა წლის ასაკისთვის ეს მაჩვენებელი 43%-მდე იზრდება.

მეცნიერებმა შეისწავლეს თითქმის 7-დან 9 წლამდე ასაკის ექვსი ათასი ბავშვის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მათი 28.9% ჭამდა საკმარისი რაოდენობის თევზს კვირის განმავლობაში. თითქმის 64% მოიხმარდა რეკომენდებულ ნორმაზე ნაკლებს, ხოლო 7%-ზე ოდნავ მეტი საერთოდ არ ჭამდა მას.

საინტერესოა, რომ ბავშვების უმეტესობა თევზს მოიხმარდა ნახევარფაბრიკატების სახით, მაგალითად, თევზის ჩხირების სახით, რაც ზღვის პროდუქტების საერთო მოხმარების 46%-ს შეადგენდა. თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი პროდუქტები ყოველთვის ვერ ჩაანაცვლებენ ახალ თევზს სხვადასხვა დანამატების შემცველობის გამო, რომლებიც ამცირებენ სასარგებლო ნივთიერებების დონეს.

რა რაოდენობის თევზი უნდა დავამატოთ ბავშვის რაციონში?

ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ბავშვის რაციონში შეიტანოთ კვირაში სულ მცირე ორი ულუფა თევზი. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანი, მაგალითად, ორაგული, სკუმბრია ან სარდინი. თუმცა, თევზში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობაზე შემაშფოთებელი ინფორმაციების გამო, პედიატრები და ბავშვთა ნუტრიციოლოგები ურჩევენ შეზღუდოთ მისი მოხმარება: ბიჭებისთვის - კვირაში არაუმეტეს ოთხი ულუფისა, გოგონებისთვის - არაუმეტეს ორისა. ასევე ბავშვების რაციონიდან საჭიროა გამოირიცხოს თინუსი, ხმალთევზა.

გაითვალისწინეთ: ზღვის პროდუქტების ერთჯერადი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მუშტის ზომას.

როგორ დავაბალანსოთ ბავშვის რაციონი

სწორედ დაბალანსებული კვებაა ბავშვის ჯანმრთელი განვითარების საფუძველი. წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, ბავშვების რაციონი უნდა მოიცავდეს:

  • ხილსა და ბოსტნეულს- დღეში სულ მცირე ხუთი ულუფა;
  • სახამებლიან ნახშირწყლებს- კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, პური (უპირატესობა ენიჭება მთლიანმარცვლოვან პროდუქტებს);
  • უჯრედისს- დღეში დაახლოებით 20 გ;
  • რძის პროდუქტებს ან მათ ალტერნატივებსდაბალი ცხიმისა და შაქრის შემცველობით;
  • ცილებს- ლობიო, პარკოსნები, კვერცხი, ხორცი და თევზი (კვირაში ორი ულუფა, რომელთაგან ერთი უნდა იყოს ცხიმიანი);
  • სასარგებლო ცხიმებს- უჯერი ზეთები მცირე რაოდენობით;
  • წყალს- დღეში არანაკლებ 5 ჭიქა;
  • მარილის შეზღუდვას - დღეში არაუმეტეს 5 გ 7-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის.

თევზის რეგულარული მოხმარება ეხმარება ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ასევე აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, ამცირებს ალერგიის, ასთმისა და ბავშვთა სიმსუქნის რისკებს. ზღვის პროდუქტების უდავო სარგებლის გათვალისწინებით, წამყვანი სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ იზრუნონ იმაზე, რომ მათი შვილის რაციონში იყოს საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი და სწორად მომზადებული თევზი.