გიორგი გილიგაშვილი გადაცემაში "ნოესთან" სიმსივნის დიაგნოზისა და მასთან ბრძოლის გამოცდილების შესახებ საუბრობს:
- მე ვწერდი ლექსებს გარდაცვალებასთან, სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ ამით სიკვდილი ვერ გავიცანი. სანამ შენ არ გეტყვიან, რომ ავთვისებიანი კვანძები გაქვს, მერწმუნეთ, იქამდე ვისთვისაც გითქვამთ, "ვიზიარებ", "ვწუხვარ", ვერაფერს იზიარებ, ვერაფრით წუხარ მის წუხილს... დიდი წვერმოსილებით თავი მომქონდა და მომწონდა. შევამჩნიე, როდესაც ეს ყოველივე მითხრეს, სხვანაირად განვიცადე. მერე ვამხილე საკუთარი თავი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ნუგეშს ვცემდი და სიყვარულს ვეუბნებოდი, თურმე, არ ვყოფილვარ ისე, როგორც მომეთხოვება, მე, ქრისტიანს. უფალი ამბობს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი." მე ვერ მყვარებია... როდესაც პირველად გავიგე, კონსტანტინოპოლში ვიყავი, ბიოფსიის შემდეგ უსაყვარლესი თარჯიმანი მეუბნება, ბატონო გიორგი, თქვენი ნახვა ექიმს სურსო. ჩემ გვერდით ჩემი უფროსი მეგობარი იყო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ექიმთან ერთად შევედით.
დუმილითაც კი იგრძნობოდა, რომ კარგი პასუხები არ იყო. ექიმმა პირდაპირ მითხრა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. ეგრევე ყურებში რაღაც წნევა, ბრძოლის დასაწყისი იგრძნობა. გული გამალებით ჩქარდება... ჩემი მეგობარი მანუგეშებდა. მე მათი სიტყვების არ მჯეროდა ან კარგად არ მესმოდა. წარმოვიდგინე, სასახლეში, ჩოხაში შემოსილი, წვერ-ულვაშში როგორი ვიქნებოდი. პირველი ფიქრი იყო, რომ ჩემი თავი ბოლო ჟამისთვის განვამზადო.
ექიმი აგრძელებდა საუბარს, რომ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, ყელი გავჭრათ და კვანძები ამოვიღოთ. რადგან ყელთან იყო საქმე, მე ვთქვი, რომ წვერს არ გავიპარსავდი. იმიტომ, რომ საუკუნო სასთუმალთან მე წვერში მყავს ჩემი თავი დანახული, ჩოხით...
ჩემი თავის ფოტოები, მაშინდელი, რაც მაქვს, და ახლანდელი გილიგას ფოტოები ძალიან განსხვავდება. ჩემს თავს ხომ ვამჩნევ გამომეტყველებაში?!
ეს არის პოეზია, რომელიც მე გადამხდა თავს. ვიწერდი, ვინიშნავდი, ჩემს თავს ვაკვირდებოდი...
ყველა ადამიანისათვის განსაცდელი ძღვენია, თუ ამას განიცდის, მიიღებს და ფერიცვალებას შეიგრძნობს მისი ხორციცა და სულიც.
სანამ ბიოფსიიდან მეორე ავთვისებიანი კვანძების დასტური მოვიდა, ეგ იყო ის საოცარი, მადლიანი სილის გაწვნა ჩემი თავისთვის- ნუ იბრიქები, ბალღო. დადექ, რა... იმიტომ, რომ არც მოვლინებაა შენი გადასაწყვეტი და არც აღსასრული.