რატომ იმატებენ წყვილები ქორწინების შემდეგ წონაში - ზაზა თელია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს - მშობლები

რატომ იმატებენ წყვილები ქორწინების შემდეგ წონაში - ზაზა თელია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს

2025-03-20 09:26:27+04:00

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება ქორწინების შემდეგ წონაში მომატების მიზეზი იყოს:

- ცხოვრების წესის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ შორის, აღსანიშნავია:

  • გაზრდილი კომფორტი და დასვენება: ქორწინებას ხშირად მოაქვს სტაბილურობისა და კომფორტის გრძნობა. ამან შეიძლება, მოტივაციის დაქვეითება გამოიწვიოს და მკაცრი ფიტნეს რუტინა ვერ შევინარჩუნოთ. ფიზიკური აქტივობა ქვეითდება.
  • გაზიარებული კვება და კვების ჩვევები - აქ საღამოს, 6 საათის შემდეგ კვება უნდა აღინიშნოს. უმოძრაო ცხოვრების წესი.
  • ნაკლები ფოკუსირება "მიმზიდველობაზე" - ქალები უფრო მეტად მაინც ცდილობენ, მიმზიდველები დარჩნენ მეორე ნახევრისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. მამაკაცები ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
  • გაზრდილი სოციალური შეკრებები - ახალდაქორწინებულ წყვილს ხშირად სტუმრობენ მეგობრები და თავადაც ხშირად ეპატიჟებიან სტუმრად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საკვებისა და ალკოჰოლის მიღებასთან ასოცირდება და წონაზეც აისახება.

ჰორმონალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც უნდა ვისაუბროთ:

  • ე.წ. ბედნიერი წონა: ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ბედნიერება და კმაყოფილება წონის მატებას ხელს უწყობს. როდესაც ადამიანები შეუღლდებიან, არიან ბედნიერები და ეს ბედნიერება ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას განაპირობებს.
  • სტრესის შემცირება: ვიცით, რომ სტრესი ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და ზოგჯერ, წონის კლებასთანაა ასოცირებული. არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სტრესის დროს უფრო მეტ საკვებს მიირთმევენ და წონაში იმატებენ.
  • ცვლილებები პრიორიტეტებში: აქტივობაზე დახარჯული დრო იცვლება. მჯდომარე, მწოლიარე პოზიცია უფრო ხშირია. სპორტდარბაზებში გატარებული დრო მცირდება.
  • ორსულობა, მშობიარობა: ქალებში წონის მატებას ხელს უწყობს. ხშირად ქალებს მშობიარობის შემდგომ სასურველი ფორმის დაბრუნება უჭირთ.