რატომ ემუქრებათ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს პათოლოგიური თანკბილვა და კიდევ რა მიზეზები აქვს ამას - მშობლები

რატომ ემუქრებათ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს პათოლოგიური თანკბილვა და კიდევ რა მიზეზები აქვს ამას

2015-04-07 17:57:15+04:00

"შაქარი კბილის მინანქრის ყველაზე დიდი მტერია!" - ორთოდონტის აუცილებელი რჩევები და გაფრთხილება მშობლებს

არასწორი თანკბილვა დღეს ბევრ დიდს თუ პატარას აწუხებს. რით არის ეს გამოწვეული, როდის შეიძლება კორექციის დაწყება და როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა, რომ შვილებს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი ჰქონდეთ, ამ თემაზე ორთოდონტი ნინო ბერიძე გვესაუბრება.

- ყველაზე ხშირად რით არის გამოწვეული არასწორი თანკბილვა?

- ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება იწყება უკვე ჩვილობის პერიოდში. პათოლოგიური თანკბილვა ხშირად უვითარდებათ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ახალდაბადებული ბავშვების ქვედა ყბა გაცილებით პატარაა, ვიდრე ზედა ყბა. ეს ანატომიური თავისებურებაა, რომელიც ბუნებრივი კვების პირობებში, ერთი წლის ასაკისათვის სწორდება. ძუძუთი კვებისას ბავშვი იძულებულია გამოსწიოს ქვედა ყბა და ამუშაოს სახის კუნთები, ხოლო მატყუარას წოვის დროს, რომელსაც დიდი ნახვრეტი აქვს, ბავშვი უბრალოდ სწრაფად ყლაპავს რძეს. ამ შემთხვევაში წოვის პროცესი არ ხდება, ქვედა ყბა და სახის კუნთები არ მუშაობს და შესაბამისად არც ვითარდება.

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზი), ენდოკრინოპათიები, დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლეტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ჰყოფნით.

ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს, ბავშვს მუდმივად უწევს პირით სუნთქვა. პირით ხანგრძლივად სუნთქვა იწვევს სახის ქალის ძვლების არასწორ განვითარებას. ნორმაში ენა განლაგებულია ზედა კბილთა რკალში, ენის წვერი კი უნდა მდებარეობდეს სასასთან ახლოს. აქედან გამომდინარე ზედა ყბას აქვს ელიფსის ფორმა ენის შესაბამისად. ლოყები გარედან აწვებიან კბილებს, ენა კი შიგნიდან აკომპენსირებს ამ დაწოლას. როცა ბავშვი სუნთქავს პირით, ენა ქვევით იწევს და ლოყების ზეწოლა არ კომპენსირდება, რასაც მოჰყვება ზედა კბილთა რკალის შევიწროება. შედეგად ზედა ყბა ელიფსის ნაცვლად იღებს სამკუთხა ფორმას. U-ს ნაცვლად იგიიღებს V-ს ფორმას. პირით სუნთქვის შედეგად ქვედა ყბის განვითარება ნელდება, ზრდის ვექტორი იცვლება ვერტიკალური მიმართულებით, ვითარდება თანკბილვის ანომალია.

თანკბილვის ანომალიების გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის მავნე ჩვევებს, სუნთქვას, დგომას, მატყუარას ხმარების ხანგრძლივობას, ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. რიგი პრობლემებისა შესაძლოა აღმოჩენილ იქნას სამშობიაროშიც.

- თუ მაინც დაირღვა თანკბილვა, რომელი ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ კორექცია?

- ორთოდონტთან პირველი ვიზიტი სასურველია შედგეს 3-4 წლის ასაკში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მისი ყბა-სახის სისტემა სწორად ვითარდება. 5-11 წლის ასაკში, როდესაც ხდება სარძევე კბილების გამოცვლა, მუდმივი კბილებით მიმდინარეობს ყბების აქტიური ზრდა, უკვე შესაძლებელია მკურნალობის დაწყება.

- რომელი ასაკია უკვე „დაგვიანებული“?

- თანამედროვე ორთოდონტიის პირობებში მკურნალობის ზედა ზღვარი არ არსებობს, ანუ პაციენტს ნებისმიერ ასაკში შეუძლია გაისწოროს კბილები. თუმცა, რაც ადრე მოხდება ექიმის ჩარევა, მკურნალობის ეფექტურობა იზრდება და დროის ხანგრძლივობაც შესაძლოა შემცირდეს.

- რა მეთოდებით ხდება თანკბილვის კორექცია?

- თანკბილვის კორექციისათვის დღეისათვის არსებობს რამდენიმე სახის აპარატი. მათი დაყოფა ხდება 2 ძირითად ტიპად - ეს არის მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები. მოსახსნელ აპარატებს მიეკუთვნება მოსახსნელი ფირფიტები და გამჭვირვალე კაპები. მოსახსნელი ფირფიტები გამოიყენება ბავშვებში სარძევე ან ცვლადი თანკბილვისას. ისინი შესაძლოა მოთავსდეს როგორც ერთ, ასევე ორივე ყბაზე. მოსახსნელი აპარატები ზეგავლენას ახდენენ ყბის ზრდაზე, ფორმირებაზე, მონაწილეობენ მავნე ჩვევების მოხსნაში.

მოუხსნელ აპარატებს მიეკუთვნება ე.წ. ბრეკეტ სისტემები. 11-13 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ბრეკეტებით მკურნალობა.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილის გახეხვა?

- კბილების გახეხვა უნდა დავიწყოთ მათი ამოსვლისთანავე. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი ვერ შეძლებს ამას თავად და ამიტომ მშობელმა უნდა გაუხეხოს კბილები. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, სასურველია მშობლის კონტროლის ქვეშ მოხდეს კბილების გამოხეხვა, ასაკობრივი კბილის პასტის და ჯაგრისის გამოყენებით. მინდა აღვნიშნო სპეციალური მარკერი ტაბლეტების არსებობა, მათი გამოყენების შემდეგ იღებება კბილები, რომლებზეც არ მოხდა ნადების მოცილება. ასეთი საშუალებების გამოყენება აორმაგებს კონტროლს და უფრო ეფექტურს ხდის პირის ღრუს ჰიგიენას.

- რას ურჩევთ მშობლებს? როგორ უნდა იზრუნონ, რომ მათ შვილებს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი ჰქონდეთ?

✔ ბავშვის კბილებზე ზრუნვა სჯობს დავიწყოთ მუცლადყოფნის პერიოდიდან ან უფრო ადრე ორსულობის დაგეგმარებით.

✔ სასურველია, ფეხმძიმობის პერიოდი მიმდინარეობდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესების სრული დაცვით და გართულებების გარეშე.

✔დაბადების შემდეგ ყურადღება ექცევა ჩვილის კვებას. ყბა-სახის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ძუძუთი კვება.

✔ როგორც მშობლის, ასევე მომავალი ბავშვის სწორ კვებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

✔პირველი კბილების ამოჭრისთანავე საჭიროა მათი წმენდა.

✔ ცვლადი ანუ სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბების - 2-3 წლის ასაკში სასურველია ბავშვი პირველ პროფილაქტიკურ ვიზიტზე მივიყვანოთ ბავშვთა სტომატოლოგთან.

✔კბილების ხეხვა უნდა მოხდეს სპეციალური ასაკის შესაბამისი კბილის ჯაგრისის და კბილის პასტის გამოყენებით.

✔ჰიგიენური პროცედურები ჯობს მოხდეს მშობლის კონტროლის ქვეშ, ამისათვის მშობელმაც უნდა იცოდეს გამოხეხვის წესები.

✔დაიმახსოვრეთ, რომ შაქარი მინანქრის ყველაზე დიდი მტერია. შეზღუდეთ შაქრის შემცველი სითხეების და საკვების მიღება, განსაკუთრებით ძილის წინ.

✔ პროფილაქტიკური ღონისძიებები სასურველია ჩატარდეს 6 თვეში ერხელ.

ესაუბრა სალომე გორგოშიძე