ფალსიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. დღეს, როდესაც ბაზარზე უამრავი სახის პროდუქტი იყიდება, საკვების ფალსიფიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ზოგიერთი მწარმოებელი არაბუნებრივ, ქიმიურ დანამატებს ხშირად იყენებს, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში დანამატები საკვებში - თემის შესახებ გადაცემაში "შუადღე" მაყურებელს საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარეს:
რძე - იმის გარკვევა, თუ რამდენადაა რძე ნატურალური, ფინჯნის დახმარებით შეგვიძლია. რძე სწორზედაპირიან ჭურჭელზე, მაგალითად, ფინჯანზე უნდა დავაწვეთოთ. როდესაც კიდეზე დავაწვეთებთ, ნაკვალევი უნდა დატოვოს. ეს ნიშნავს, რომ რძე ნატურალურია და არ არის ფალსიფიცირებული. თუ რძე დაუყოვნებლივ ჩამოიღვრება და კვალს არ ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ ფხვნილითაა გაკეთებული.
წითელი წიწაკა - შეგვიძლია, ცოტა წყალი ცარიელ ჭურჭელში ჩავასხათ. ჩავყაროთ წითელი წიწაკა და დავაკვირდეთ. თუ ზოლები გაიკეთა და წყალს მარტივად შეერია, ეს ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებულია. თუ ზოლები არ გაიკეთა და წყალსაც მარტივად არ შეერია, ეს ნიშნავს, რომ წიწაკა სინთეტიკური საღებავების გარეშეა დამზადებული.
მწვანე ბოსტნეული - ძალიან ხშირად მწვანე ფერის ბოსტნეულს მალაქიტის მწვანეთი ღებავენ. ეს არის ერთ-ერთი ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, მწვანე ბოსტნეული ხომ არ არის შეღებილი, დაგვჭირდება ზეთი და ბამბის დისკი. ბამბის დისკი ზეთში დავასველოთ და წავუსვათ მწვანე ბოსტნეულს, მაგალითად, კიტრს. თუ ბამბაზე მწვანე ფერი არ გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილი არ არის.
ზაფრანა, იგივე ყვითელი ყვავილი - დაახლოებით, წიწაკის შემოწმების მსგავსი ხერხი გამოგვადგება. დაგვჭირდება წყალი. ჩავყაროთ ზაფრანა. წყალმა ფერი არ უნდა შეიცვალოს და არც მარტივად შეერიოს. თუ შეერევა და წყალსაც ფერი შეეცვლება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი შეღებილია.
დარიჩინი - არსებობს კასიის ქერქი, რომელიც დარიჩინს ძალიან ჰგავს. ეს საკმაოდ საშიში ნაერთია და შეიძლება, როგორც თირკმელები, ასევე ნაღველი დაგვიზიანოს. როგორ გავარჩიოთ, დარიჩინის ჩხირს ვყიდულობთ თუ კასიის ქერქს? შეგვიძლია, სურნელით ვიხელმძღვანელოთ. დარიჩინს უფრო ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს. ეს სუნი შემაწუხებელი არ არის. კასიის ქერქს უფრო მძაფრი, არასასიამოვნო სუნი აქვს. კასიის ქერქი უფრო სქელია და ვიზუალურადაც მეტად უხეში.
ყავა - ყავაში შესაძლოა, ციკორის ფხვნილი იყოს გარეული. ციკორის ფხვნილი ჩვენი ორგანიზმისთვის არც თუ ისე საშიშია. უბრალოდ, კოფეინს არ შეუცავს. თუ გვინდა, რომ დილით ყავა გამოფხიზლების მიზნით დავლიოთ, ყავა, რომელიც ციკორის ფხვნილს შეიცავს, არ გამოგვაფხიზლებს. შესამოწმებლად ცარიელი ჯამი და წყალი დაგვჭირდება. წყლიან თასში 1 კოვზი უნდა ჩავყაროთ. თუ მარტივად გაიხსნა და ყავისფერი ლაქა დატოვა, ეს ნიშნავს, რომ ციკორის ფხვნილს შეიცავს. ცდას ხსნად ყავაზე ვატარებთ.
თაფლი - ხანდახან თაფლს შაქრის სიროფს უმატებენ. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თაფლი ნატურალურია თუ შაქრის სიროფს შეიცავს, დაგვჭირდება ხელსახოცი. პატარა ნაწილზე თაფლი დავასხათ და ცეცხლი წავუკიდოთ. თუ თაფლის ნაწილზე ცეცხლი მარტივად მოეკიდა, ესე იგი, ის შაქრის სიროფს შეიცავს. თუ თაფლს ცეცხლი არ წაეკიდა, ეს ნიშნავს, რომ ნატურალურია.
კარაქი - იმისათვის, რომ გავარჩიოთ, კარაქი ნატურალურია თუ არაბუნებრივი მარგარინით დამზადებული, დაგვჭირდება დანა და ხელის გული. კარაქის პატარა ნაჭერი ხელის გულზე უნდა დავიდოთ. ნატურალური კარაქი მარტივად უნდა დადნეს. თუ კარაქი ნატურალური არ არის, მას ხელზე დნობა გაუჭირდება.