"მინდა, მათემატიკა და ფიზიკა, ღრმად შევისწავლო, რომ ტექნოლოგიების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. შემდეგ, ჩემს საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო" - რას ამბობს გიორგი ბრეგვაძე, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა - მშობლები

"მინდა, მათემატიკა და ფიზიკა, ღრმად შევისწავლო, რომ ტექნოლოგიების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. შემდეგ, ჩემს საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო" - რას ამბობს გიორგი ბრეგვაძე, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

2025-04-03 09:57:50+04:00

გიორგი ბრეგვაძე ბრაუნის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ის გამოყენებით მათემატიკას ისწავლის და როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებს, უნდა ტექნოლოგიების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კი საქართველოს მოახმაროს. გიორგის არაერთი მიღწევა აქვს და საკუთარი წარმატებების შესახებ ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად უყვება:

- მე-10 კლასიდან 80%-იანი გრანტით ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ვსწავლობ. სკოლამ გამოცდების საფუძველზე ბავშვების მიღება გამოაცხადა. თემა ავთანდილზე დავწერე და გამოვხატე მოსაზრება, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა ისწავლებოდეს "ვეფხისტყაოსანი". ამან მეორე ეტაპზე გადამიყვანა. შემდეგ საგნებში გამოცდები ჩავაბარე. მესამე ეტაპი კი სკოლის დირექტორთან გასაუბრება იყო. ასე მოვხდი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, სადაც მოსწავლეზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი გარემოა.

- ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, სრული დაფინანსებით. რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე?

- ბრაუნში მოხვედრა იყო ჩემი ოცნება. იქ ყურადღებას SAT გამოცდის შედეგებს აქცევენ. ამ გამოცდაზე სამჯერ გავედი. ამასთან, დავწერე ესსე, რომელიც ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობას ასახავს. ამ თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

- კლასგარეშე აქტივობების შესახებაც მოგვიყევით, რა პროექტებში ჩაერთეთ იქამდე, ვიდრე თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი თქვენი მიღების გადაწყვეტილებას მიიღებდა?

- კლასგარეშე აქტივობები მნიშვნელოვანია. მაგალითად, თბილისსა და დიდ ბრიტანეთში გაეროს მოდელირებულ საერთაშორისო კონფერენციებში მივიღე მონაწილეობა. ჩემი დაწერილი თემით და ჩართულობით საუკეთესო დელეგატის სტატუსი მოვიპოვე.

- ოჯახის მხარდაჭერა რამდენად გეხმარებოდათ?

- მშობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი უპირობო მხარდაჭერა და მონდომება, დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ უფრო მეტი შევძლო.

- ხომ არ გექნება რჩევა იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება?

- შეავსეთ აპლიკაცია. დაწერეთ თქვენზე, თქვენს მეგობრებზე და ოჯახზე. თქვენ აუცილებლად გაგიგებენ და დაგიძახებენ.

- სამომავლოდ რას გეგმავთ, რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას?

- თანამედროვე ტექნოლოგიები მათემატიკისა და ფიზიკის კანონებით შექმნილი მოწყობილობებია. მე მინდა, ეს ორი მეცნიერება, მათემატიკა და ფიზიკა, ღრმად შევისწავლო, რომ ტექნოლოგიების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. შემდეგ ჩემს საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო.

თამარ იაკობაშვილი

ნამდვილად გამიმართლა მშობლებში. ოჯახის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - გაიცანით მანო კვარაცხელია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა