რას ამბობენ ქართველი მოსწავლეები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ? - "ჩემს საქართველოში უნდა დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო..." - მშობლები

რას ამბობენ ქართველი მოსწავლეები, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ? - "ჩემს საქართველოში უნდა დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო..."

2025-04-03 10:47:23+04:00

ქართველი ახალგაზრდების წარმატება საზოგადოებისთვის ყოველთვის სასიხარულო და იმედის მომცემია. დღეს გაგაცნობთ ორ ახალგაზრდას, რომლებიც მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ.

მანო კვარაცხელიამმსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, პრინსტონის უნივერსიტეტში, Civil and Environmental Engineering -ის პროგრამაზე, 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა და ჯამში, 400 000$-იანი გრანტი მოიპოვა. მანოს წარმატებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მისი ბედნიერება გაიზიარა. ის კომაროვის სკოლის მოსწავლეა. ამბობს, რომ ფიზიკა, ინჟინერია განსაკუთრებით უყვარს და სამომავლოდ, სწორედ ამ სფეროში აპირებს განვითარებას. ის საკუთარი წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- კომაროვის N199 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მათემატიკა სულ მიზიდავდა, მაგრამ კომაროვში ჩაბარების შემდეგ, ფიზიკა ძალიან შემიყვარდა, საბოლოოდ კი ინჟინერიაზე შევჩერდი. STEM( Science, Technology, Engineering, Mathematics) გაკვეთილის დასრულების შემდეგ, დამატებით ვრჩებოდით ხოლმე, რომ ჩვენი მასწავლებლისთვის კითხვები დაგვესვა და ახალი რამ გაგვეგო.

- მოგვიყევით, როგორ მოხვდით პრინსტონის უნივერსიტეტში - რა გზა გაიარეთ იქამდე, რა დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

- მეშვიდე კლასიდანვე ვიცოდი, რომ როგორც სხვა წარმატებული კომაროველები, მეც ამ გზას დავადგებოდი. კომაროვის სკოლაში ეს ძალიან აქტუალური საკითხია და სკოლის ადმინისტრაცია სულ ცდილობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის მაქსიმალური რესურსი გამოყოს. მე Ivy league-ის უნივერსიტეტში მოხვედრა დავისახე მიზნად და წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტში, სემინარებში, სამიტებში, მოხალისეობაში ვიღებდი მონაწილეობას. ბოლო წელს ენის გამოცდებიც ჩავაბარე, ესეები დავწერე და აპლიკაცია გავაგზავნე.

- აკადემიური მოსწრება, კლასგარეშე აქტივობები, პიროვნული თვისებები - როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსი წარმატებისთვის?

- სტატისტიკურად თუ შევხედავთ და უნივერსიტეტების კვლევებს დავიმოწმებთ, შეიძლება ითქვას, რომ აკადემიური მოსწრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შენზე კარგი ნიშნები ყველას შეიძლება, ჰქონდეს, შენზე კარგი აქტივობა ყველამ შეიძლება, მოიძიოს… ერთადერთი, რაც განსხვავებული, ინდივიდუალური და ავთენტურია, შენი თავი და ის პიროვნული თვისებებია, რაც საზღვარგარეთ ჩაბარებისკენ გიბიძგებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც ამერიკაში ჩაბარება უნდა, გულწრფელად უნდა მიუდგეს ამ საქმეს და ეს თვისებები ნათლად წარმოაჩინოს.

- ოჯახის მხარდაჭერას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს?

-მე ვფიქრობ, დედა და მამა რომ არა, საერთოდ არაფერი გამოვიდოდა. დისციპლინის ჩამოყალიბებაში სწორედ ისინი დამეხმარნენ. ამავდროულად, ისინი ჩემთვის ის მენტალური საყრდენი არიან, რასაც ამ წლების განმავლობაში ვეჭიდებოდი. ძალიან რთულია და მე პირადად შეუძლებელი მგონია, რომ ეს პროცესი მარტო გაიარო. ვიღაც უნდა გყავდეს, ვინც დაგეხმარება და შენს ემოციებს გაიზიარებს. დედაჩემი იყო ის ადამიანი, ვისაც ესსეების შესახებ აზრებს ვეკითხებოდი და ყოველთვის ისეთ რჩევებს ვიღებდი, თითქოს, კონსულტაციას გამოცდილ ხალხთან გავდიოდი. ნამდვილად გამიმართლა მშობლებში. ოჯახის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- რა შეგიძლიათ, ურჩიოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ?

- ვისაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, შემიძლია, ვურჩიო:

  1. დაისახეთ მიზანი და გაიაზრეთ ამ მიზნის მიღწევის მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში. რამდენად გჭირდებათ ის და საერთოდ რატომ აკეთებთ ამას. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ.
  2. არ მოუსმინოთ სხვას და ირწმუნეთ საკუთარი თავის. უნდა იყოთ თავდაჯერებულები. თქვენ თუ არ გწამთ საკუთარი თავის, სხვა თქვენში რატომ ჩადებს რესურსსა და ენერგიას?! მე პირადად ძალიან დამეხმარა ღვთის რწმენა იმის გააზრებაში, რომ თუ შრომას ჩავდებდი ამ პროცესში და მთელი წელი ამაზე ვკონცენტრირდებოდი, საბოლოოდ დამიფასდებოდა ეს ყველაფერი და მიზანს მივაღწევდი.
  3. ეს გზა გაიარეთ ვინმესთან ერთად. იპოვეთ მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი, ნათესავი, ვისთან ერთადაც დაჯდებით, იმეცადინებთ, გაუზიარებთ თქვენს მიღწევებს და შეძლებთ განტვირთვას. ჩემი მეგობრების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი და ყველაფერზე უარს ვიტყოდი, ეს იმდენად სტრესული და დამღლელი პროცესია.

- სამომავლოდ რას გეგმავთ - რა მიმართულებით გინდათ მუშაობა და განვითარება?

- ჯერ არ ვიცი, რა პროფესიას ავირჩევ და რა მიმართულებით განვვითარდები. ზოგადად, ბევრი რაღაც მაინტერესებს და ბევრი ალტერნატივა მაქვს ამ კუთხით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ინჟინერიის სფეროში ვიქნები. მინდა, რომ ბაკალავრიატი წარმატებით დავამთავრო, შემდეგ, ალბათ, მაგისტრატურაზეც ჩავაბარებ (ევროპაში) და საბოლოოდ, საქართველოში დავბრუნდები.

გიორგი ბრეგვაძებრაუნის უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ის გამოყენებით მათემატიკას ისწავლის და როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებს, უნდა ტექნოლოგიების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კი საქართველოს მოახმაროს. გიორგის არაერთი მიღწევა აქვს და საკუთარი წარმატებების შესახებ ჩვენს მკითხველს უფრო ვრცლად უყვება:

- მე-10 კლასიდან 80%-იანი გრანტით ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ვსწავლობ. სკოლამ გამოცდების საფუძველზე ბავშვების მიღება გამოაცხადა. თემა ავთანდილზე დავწერე და გამოვხატე მოსაზრება, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა ისწავლებოდეს "ვეფხისტყაოსანი". ამან მეორე ეტაპზე გადამიყვანა. შემდეგ საგნებში გამოცდები ჩავაბარე. მესამე ეტაპი კი სკოლის დირექტორთან გასაუბრება იყო. ასე მოვხდი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, სადაც მოსწავლეზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი გარემოა.

- ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, სრული დაფინანსებით. რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე?

- ბრაუნში მოხვედრა იყო ჩემი ოცნება. იქ ყურადღებას SAT გამოცდის შედეგებს აქცევენ. ამ გამოცდაზე სამჯერ გავედი. ამასთან, დავწერე ესსე, რომელიც ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობას ასახავს. ამ თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

- კლასგარეშე აქტივობების შესახებაც მოგვიყევით, რა პროექტებში ჩაერთეთ იქამდე, ვიდრე თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი თქვენი მიღების გადაწყვეტილებას მიიღებდა?

- კლასგარეშე აქტივობები მნიშვნელოვანია. მაგალითად, თბილისსა და დიდ ბრიტანეთში გაეროს მოდელირებულ საერთაშორისო კონფერენციებში მივიღე მონაწილეობა. ჩემი დაწერილი თემით და ჩართულობით საუკეთესო დელეგატის სტატუსი მოვიპოვე.

- ოჯახის მხარდაჭერა რამდენად გეხმარებოდათ?

- მშობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი უპირობო მხარდაჭერა და მონდომება, დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რომ უფრო მეტი შევძლო.

- ხომ არ გექნება რჩევა იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება?

- შეავსეთ აპლიკაცია. დაწერეთ თქვენზე, თქვენს მეგობრებზე და ოჯახზე. თქვენ აუცილებლად გაგიგებენ და დაგიძახებენ.

- სამომავლოდ რას გეგმავთ, რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას?

- თანამედროვე ტექნოლოგიები მათემატიკისა და ფიზიკის კანონებით შექმნილი მოწყობილობებია. მე მინდა, ეს ორი მეცნიერება, მათემატიკა და ფიზიკა, ღრმად შევისწავლო, რომ ტექნოლოგიების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. შემდეგ ჩემს საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა ამ ქვეყანას მოვახმარო.

თამარ იაკობაშვილი