ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი მე-3 შვილს ელოდება. ის და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა გოგონას მშობლები გახდებიან. ქეთი ხატიაშვილმა საკუთარი გამოცდილების შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" ისაუბრა:
"შვილის სქესი, წესით, თებერვალში უნდა გაგვეგო. გეგმიურ ვიზიტზე ყველა წავედით. მაგრამ, პატარა გოგო არ შემოტრიალდა და იმ დღეს ბავშვის სქესი ვერ გავიგეთ. ამის შემდეგ, ფრენა მიწევდა. რომ ჩამოვედი, ექიმთან ისევ წავედი. სქესის გაგების ცერემონიის იდეის ავტორი ანასტასია იყო. ყველაზე პატარა, ილია, ცოტა გაგვიბრაზდა იმიტომ, რომ ბუშტი გავუხეთქეთ... ანასტასიას გოგო ძალიან უნდოდა. ნიკოლოზს - ბიჭი. დათოსთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძალიან მეხმარებიან. მთელ დღეს სახლში არ ვატარებთ. ბავშვებს თავიანთი გრაფიკი აქვთ, ჩვენ - ჩვენი.
სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია. ილიაზეც ასე ვიყავით. ბევრი ვიფიქრეთ და შემდეგ თავისით, მოულოდნელად გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუვლი და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ, ფრთხილად ვარ, მაგრამ თან არც ზედმეტად ვფრხილობ. ძალიან აქტიური ვარ. ახლაც ტურნირზე ვიყავი, ვმსაჯობდი და ჩამოვფრინდი. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ეს არ მღლის. პირიქით, ენერგიას მაძლევს. რა თქმა უნდა, არის დღეები, როდესაც ტონუსი ცოტა მომატებული მაქვს და იმ დღეს ვიცი, რომ ზედმეტი ჩანთები არ უნდა ავწიო და დავისვენო.
სამივე შვილის ორსულობაზე პირველი სამი თვე ძალიან გამიჭირდა. მეგონა, რომ მოწამლული ვიყავი და გადასხმა მჭირდებოდა. ვივარჯიშებდი, შემდეგ თავი ამტკივდებოდა და წნევა მომემატებოდა. მაგრამ, როგორც კი მეორე ტრიმესტრში გადავდივარ, მაშინვე ფორმაში ვდგები." - ამბობს ქეთი ხატიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქეთი ხატიაშვილსა და დავით კაჭარავას პირველი საერთო შვილი, ილია, შარშან შეეძინათ. მათ პირველი ქორწინებიდან თითო შვილი - ანასტასია და ნიკოლოზი ჰყავთ.