"ორი წლისთვის 200-მდე სიტყვაა, სამი წლისთვის კი - 1000-მდე" - როდის სჭირდება ბავშვს დახმარება მეტყველებაში და რომელ ასაკში რა ითვლება ნორმად - მშობლები

როდის სჭირდება ბავშვს დახმარება მეტყველებაში და რომელ ასაკში რა ითვლება ნორმად - "ორი წლისთვის 200-მდე სიტყვაა, სამი წლისთვის კი - 1000-მდე"

2025-04-08 08:41:47+04:00

ციფრულმა საუკუნემ ბავშვებში მეტყველების პრობლემების მომრავლებას შეუწყო ხელი. ბევრი მშობელი ღელავს იმაზე, თუ რატომ არ საუბრობს მისი პატარა. ზოგჯერ პრობლემა დროსთან ერთად აღმოიფხვრება, თუმცა ზოგჯერ თავის დამშვიდება უფრო ართულებს საქმეს. ამიტომ, სასურველია, მეტყველების განვითარების ზოგადი ეტაპები და ნორმები ყველა მშობელმა იცოდეს, რათა არც ზედმეტად ინერვიულოს და შეფერხების შემთხვევაში დროულად ჩართოს სპეციალისტი. პრობლემის დროული აღმოჩენა მას უფრო სწრაფად და მარტივად გადაგალახინებთ.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარების პემპი ყველა ბავშვს თავისებური აქვს, მსოფლიოს ყველა ბავშვი განვითარების ერთ ციკლს გადის — ეს დადასტურებულია მრავალი კვლევითა და სტატისტიკით. ამიტომ შემუშავდა გარკვეული ნორმები, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის ბავშვების მეტყველება მეტ-ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, "ჭი-ტას" თამაშს ინტუიციურად ყველა პატარა იგებს. იგივე ხდება მეტყველებასთან დაკავშირებით: ლოგოპედიისა და პედაგოგიკის თვალსაზრისით, ის რამდენიმე ეტაპს გადის.

წინასამეტყველო პერიოდი

ეს არის დაბადებიდან დაახლოებით წლინახევრამდე პერიოდი, როდესაც ბავშვი მხოლოდ ღუღუნებს, ტიტინებს და სწავლობს მარტივი სიტყვებისა და კონსტრუქციების გაგებას.

აქტიური მეტყველების განვითარების ეტაპი (1,5-3 წელი)

წლინახევრის შემდეგ ხდება "ლექსიკური აფეთქება", რომლის დროსაც ბავშვის ლექსიკური მარაგი სწრაფად იზრდება: ორი წლისთვის დაახლოებით 200 სიტყაა, სამი წლისთვის კი — 1000-მდე. შედეგად:

  • ჩნდება ორშემადგენლიანი წინადადებები: "დედა, მომე!", "მინდა ჭამა" და ა.შ.;
  • ყალიბდება გრამატიკაც, თუმცა შეცდომები დასაშვებია.
  • ბავშვი სვამს ბევრ კითხვას: "ეს რა არის?", "სად არის დედა?".

დაკავშირებული მეტყველების ეტაპი (3-5 წელი)

ბავშვი ითვისებს მშობლიური ენის გრამატიკულ წყობას, რაც საშუალებას აძლევს შექმნას რთული სამეტყველო კონსტრუქციები:

  • შეუძლია მონოლოგების წარმართვა, მოსმენილის, მოვლენის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა;
  • ითვისებს ბრუნვებს, დროებს, წინდებულებს, თუმცა შეიძლება კვლავ აერიოს, მაგალითად, ამბობს "გუშინ" "ხვალის" ნაცვლად.

სრულყოფის ეტაპი (5-7 წელი)

ამ ასაკში მეტყველება უახლოვდება ზრდასრულის ნორმას:

  • ითვისებს ყველა ბგერას (შესაძლოა [რ] და [ლ] გარდა, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით გამოჩნდეს);
  • მეტყველების მეშვეობით ვლინდება ლოგიკური აზროვნება: ბავშვი მსჯელობს, ფანტაზიორობს, სვამს რთულ კითხვებს.

თუ მშობლები ჩართულნი არიან და აქტიურად ურთიერთობენ ბავშვთან, მეტყველების განვითარების ძირითადი ეტაპები ნორმების მიხედვით მიმდინარეობს, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვი თავისით სწავლობს. თუმცა, არ შეიძლება განვითარების თავის ნებაზე მიშვება, მნიშვნელოვანია წარმოქმნილი სირთულეების (ენის ბორძიკი, შიშინი და ა.შ.) მონიტორინგი, ბავშვის კითხვებზე პასუხის გაცემა, მისი ინტერესის სტიმულირება ახალი ცოდნის მისაღებად.

როდის გჭირდებათ მეტყველების სპეციალისტი?

როგორც უკვე ვახსენეთ, მეტყველების განვითარების ტემპი ბავშვებში განსხვავებულია. როგორ უნდა გავიგოთ, რომ ბავშვს ლოგოპედის დახმარება სჭირდება? პირველ რიგში, შეგიძლიათ მიმართოთ პროფილაქტიკის მიზნით, რათა დარწმუნდეთ, რომ პრობლემები არ არსებობს. მეორე, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სხვადასხვა ასაკობრივი ნორმები.

ადრეული ასაკი (3 წლამდე)

სპეციალისტს უნდა მიმართოთ თუ:

  • 10 თვის ასაკში ბავშვი არ ტიტინებს და არ გამოსცემს მარცვლოვან გამეორებებს ("ბა-ბა", "მა-მა");
  • 15 თვის ასაკში ჯერ არ გამოჩენილა პირველი გაცნობიერებული სიტყვები;
  • 18 თვის ასაკში არ ესმის მარტივი მითითებები "მომე", "მოდი აქ";
  • 2 წლის ასაკში ბავშვის აქტიურ ლექსიკონში 50-ზე ნაკლები სიტყვაა;

ასევე შეგიძლიათ მიმართოთ არტიკულაციის პრობლემების ან ბგერების წარმოთქმის სირთულეების შემთხვევაში.

სკოლამდელი და სასკოლო ასაკი (3-7 წელი და უფროსი)

სპეციალისტთან მიმართვის პირველი მიზეზი არის ბგერების არასწორი წარმოთქმა. უმეტეს შემთხვევაში მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ცვლის, ამახინჯებს ან გამოტოვებს ბგერებს. მაგრამ არსებობს სხვა სამეტყველო დარღვევებიც, რომლებიც სპეციალისტს შეუძლია გამოასწოროს:

  • ენაბორძიკობა;
  • ასაკობრივი ნორმიდან ჩამორჩენა მეტყველების განვითარებაში;
  • ბრუნვების, ზმნის დროების, წინდებულების არასწორი გამოყენება;
  • რთული წინადადებების, აბსტრაქტული ცნებების გაგების სირთულეები;
  • დაბალი სამეტყველო აქტივობა, ურთიერთობის სურვილის არარსებობა;
  • ხმის დარღვევა: ხრინწი, კისრის ტონის ხმა, ხმის სწრაფი დაღლა;
  • წერისა და კითხვის პრობლემები (დისლექსია, დისგრაფია).

არ ღირს ლოდინი, სანამ მეტყველების პრობლემები "თავისით გაქრება" — ეს არ მოხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი გადაჭრა უფრო რთული იქნება. მცირე ეჭვების შემთხვევაშიც კი, უმჯობესია სპეციალისტს გაესაუბროთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს - ექიმ კომაროვსკის 7 მარტივი წესი
7 მიზეზი, რატომაც ბიჭები გოგონებზე გვიან იწყებენ ლაპარაკს და 7 მიზეზი, რომლებიც მეტყველებას ორივე სქესში აფერხებენ