თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას წელსაც გადასცემს. ამის შესახებ მერიაში განგვიცხადეს.
იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად შეუძლიათ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გამგეობებს მიმართონ და რესურსის არსებობის შემთხვევაში, სასურსათო კალათას მათაც გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ გამგეობები სასურსათო კალათებს განსაზღვრული რაოდენობით გასცემენ. მაგალითად, გლდანის რაიონის გამგეობა უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვეტერანებს, ასევე, რაიონში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებსა და უსინათლოთა კავშირის წევრებს სააღდგომო ნობათს გადასცემს. გლდანის რაიონში, ჯამში 5 500 სააღდგომო ნობათი გაიცემა.
1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე - 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე - 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე - 4 სასაჩუქრე პაკეტი და ასე შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან სასურველ გამგეობას მიმართოთ.
თამარ იაკობაშვილი