კვერცხი და ქათამი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე დიეტური პროდუქტებია, რომლებსაც უამრავი ადამიანი მიირთმევს. იმისათვის, რომ მათი მიღება უფრო სასარგებლო იყოს, ჯობს, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა გავითვალისწინოთ, რომლებსაც ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ასახელებს:
- ქათამი და კვერცხი უნივერსალურ პროდუქტებად ითვლება იმიტომ, რომ ცილებით მდიდარია. ცილა ჩვენი ორგანიზმის საშენი მასალაა. უჯრედი ვერ განახლდება, თუ ცილა არ გვაქვს. მეორე უპირატესობა ის არის, რომ ორივე პროდუქტი შედარებით დაბალკალორიულია, მაგრამ ძალიან კარგად ანაყრებს. ასევე, უნივერსალურია მათი გამოყენების წესებიც. უამრავი კერძი მზადდება კვერცხით ისევე, როგორც ქათმით. მაგრამ, მთავარი მათი მომზადება და დამუშავებაა. ამ უნივერსალურობას გავანადგურებთ, თუ დამუშავებისა და მომზადების წესები არ ვიცით.
ჯანმრთელი ადამიანისათვის, საუზმეზე მიიღებს კვერცხს, სადილზე თუ ვახშამზე, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, საუზმეზე კვერცხის გამოყენება, რომელშიც არა მხოლოდ ცილა, არამედ უამრავი ვიტამინი და მიკროელემენტია, კარგი არჩევანია. მასში ასევე ქოლესტერინიცაა, რაც ასევე სჭირდება ორგანიზმს. ის ქოლესტერინი, რომელიც კვერცხშია და რომლის გამოც ეს პროდუქტი წლები იჩაგრებოდა, ორგანიზმისთვის არც თუ ისე საშიშია. ისეთი ნაერთებითაა, რომ მისი შეწოვაც კარგად ხდება და გამოყენებაც.
კვერცხის მომზადების სხვადასხვა წესი არსებობს. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ კვერცხი გაბზარული არ უნდა იყოს. გამოყენებამდე კვერცხი გამდინარე წყალში აუცილებლად უნდა გაირეცხოს. თუ გვინდა, რომ კვერცხი რბილი, ნაზი ტექსტურის იყოს, 3-4 წუთი უნდა მოვხარშოთ. თუ გვინდა, რომ ცილა მკვრივი იყოს და გული ფუმფულა, ამას, დაახლოებით, 6 წუთი სჭირდება, ხოლო სრულად მოხარშვისთვის 8-10 წუთია საჭირო. თუ კვერცხს 12-14 წუთი და კიდევ მეტი დროის განმავლობაში მოვხარშავთ, ის გემოვნურ თვისებებს დაკარგავს. გარდა ამისა, ცილის დენატურაცია ხდება და ორგანიზმი კარგად ვეღარ შეიწოვს. ადამიანებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ რაც უფრო დიდხანს მოხარშავენ კვერცხს, მით უკეთესია. თუმცა, ასე არ არის. მსგავს შემთხვევაში, კვერცხი უგემურიცაა, ორგანიზმი კარგად ვერც იწოვს და ვერც ვნაყრდებით.
ქათმის მთელი დადებითი თვისება იმაშია, რომ ცილებით მდიდარია და ცხიმი ცოტაა. ჯობს კანი არ გავაცალოთ. თუ ჩვენ შეწვის დროს ის ცხიმი დავკარგეთ, მერე გამოშრება და აბსოლუტურად უგემური გახდება. შეგვიძლია, აირღუმელში გამოვაცხოთ. ჯობს, ვერტიკალურად მოვათავსოთ და არა ჰორიზონტალურად. შიგნიდან ინამება, გარედან იბრაწება. შემდეგ კანს გავაცლით. კანი არ უნდა მივირთვათ, მაგრამ მომზადების დროს ჯობს, დავუტოვოთ.
მოხარშული ფილეს შემთხვევაში, რომელიც ბევრი ადამიანისათვის სასჯელია, კარგ წესს გაგიზიარებთ: ფილეს მარილს, სუნელებს მოვაყრით. შემდეგ ალუმინის ფოლგაში კარგად გადავახვევთ, ძეხვის ფორმას მივცემთ. 5 წუთი წყალში ვხარშავთ. შემდეგ გაზქურას გამოვრთავთ, მაგრამ 40 წუთის განმავლობაში მდუღარე წყლიდან არ ამოვიღებთ. უგემრიელესია... ვისაც ქათმის ფილე არ უყვარს, ასე მომზადება ერთხელ მაინც უნდა სცადოს. ფილეში ნაკლები ცხიმია, ამიტომ ნაკლებკალორიულია.
თუ მთლიან ქათამს ვხარშავთ, მაქსიმუმ 1 საათი უნდა მოვხარშოთ. ფილე შეგვიძლია, 20 წუთი ვხარშოთ. წყლის გამოცვლა საჭირო არ არის.
მარილი აუცილებელია იმიტომ, რომ სხვაგვარად სითხეს დაკარგავს და ძალიან გამომშრალი იქნება. ამიტომ, ფილეზე მარილის მოყრა მნიშვნელოვანია.