ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე გადაცემაში "შუადღე” მოზარდებში გავრცელებულ ყველაზე ხშირ პრობლემებზე საუბრობს და მშობლებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უზიარებს:
- მოზარდობის ასაკში გრანდიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, იმიტომ, რომ სხეულის ფორმები იცვლება, ფსიქო-ემოციური კუთხით, ქიმიური, ბიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. ბავშვი ვერ ხვდება, რას გრძნობს. შესაძლოა, სახელს ვერ არქმევს ამ ყველაფერს. სხეული პროპორციულად არ იზრდება. შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბავშვს ხელები, სახის ნაკვთები დიდი ზომის ჰქონდეს. ამიტომ, საკუთარი სხეულის მიუღებლობაც აქვთ. ამას გარემოს ზეწოლაც ემატება. "როგორი უნდა ვიყო" და "როგორი მინდა ვიყო" - ამის შეპირისპირებაა და ბავშვი ძალიან დიდი ზეწოლის წინაშე დგას. ამ ყველაფერთან გამკლავება ერთდროულად უწევს. ხშირად მაგალითები მშობლები არიან. ის, თუ როგორ ვუმკლავდებით ჩვენ სტრესს, ბავშვებიც ამას მაგალითად იყენებენ.
ყველა მცდელობა, ვიპოვო საკუთარი სტილი, საკუთარი გარეგნობა, სოციუმი, სადაც ვიქნები ადაპტირებული, საკუთარი თავის ძიებაა. სოციუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნებიან მის გარშემო "ავტორიტეტები". თუ ბავშვობაში ბავშვისთვის ავტორიტეტი მშობელია, მოზარდობის პერიოდში ავტორიტეტად გადაიქცევიან თანატოლები და ის გარემო, რომელშიც მოხვდება. ამიტომ, მშობლებმა ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ვიცოდეთ, ვისთან კონტაქტობს ჩვენი შვილი, რა გარემოშია და ასე შემდეგ.
ხშირად თინეიჯერები მშობლებს ეუბნებიან: "თქვენ ჩემი არ გესმით!" ეს ფრაზა პიროვნულად არ უნდა მივიღოთ, რადგან ძალიან რთულია, გაუგო ადამიანს, რომელსაც ჯერ თვითონაც არ ესმის საკუთარი თავის და ძიების პროცესშია. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, სწორი გამოსავალი ბავშვთან ერთად, ძიების პროცესში ყოფნაა და არა პირდაპირ მითითება, რომ სხვანაირი უნდა იყოს.
სირთულეები, რომლებსაც ჩვენი შვილები გარდატეხის ასაკში ხვდებიან:
1. სოციალური ქსელები - ერთი მხრივ, შესანიშნავი სივრცეა კომუნიკაციისთვის, მეორე მხრივ, კიბერბულინგის, შევიწროებისა და მრავალი უსიამოვნების ადგილია.
ბულინგი ყველაზე მწვავე პრობლემაა. 10 ბავშვიდან 9 ჩემთან ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს. აიგნორებენ და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევენ... არ არსებობს ბავშვი, რომ ერთ დღეს უბრალოდ დადუმდეს. მან ლაპარაკი სცადა, ჩვენ არ მოვუსმინეთ და ამიტომ გაჩერდა. ბავშვი საკუთარი პრობლემის შესახებ ისე გეტყვით, როგორც შეუძლია. შესაძლოა, ატყობთ, რომ ჰიგიენა არ არის მოწესრიგებული, ბოლო დროს გონებაგაფანტულია, როცა ეკითხებით, თუ რა სჭირს, არ გპასუხობთ... აქ მთავარია, ერთად დავსხდეთ და ვესაუბროთ. საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, ჩვენც ვკითხოთ რჩევები და მათი აზრი მოვისმინოთ. იგრძნოს საკუთარი როლი, რომ თქვენც გჭირდებათ მისი მოსმენა და ემოციების გაზიარება. ამით მისცემთ მაგალითს, რომ პრობლემები თავადაც გაგიზიაროთ. იდეალური მშობელი არ არსებობს. შეცდომას ყველა ვუშვებთ. მაგრამ, მთავარია, ბავშვს ემოციური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ბავშვები ასევე არ ლაპარაკობენ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ეუბნება, რომ "ძლიერი უნდა იყოს." ასეთ შემთხვევაში, ჰგონიათ, თუ დახმარებას ითხოვენ, ძლიერები აღარ იქნებიან. ასევე, ბავშვი არ ლაპარაკობს პრობლემის შესახებ, როდესაც მშობლების მწვავე რეაქციის ეშინია.