„კონტროლს გარეთ, იატაკქვეშეთში არიან გადასული საწარმოები, არ აქვთ დანერგილი HACCP და არანაირი საგადასახადო ვალდებულებები,“ - ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ კომპანია „შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ რძის პროდუქტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დარგში ყველაზე მთავარი პრობლემა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები არიან, რომლებიც ყველანაირ კონტროლს მიღმა დამზადებული ნახევარფაბრიკატებით კვების ობიექტებსა და ბაზრებს ამარაგებენ.
„დარგში პრობლემები არ გვაკლია. ქვეყანაში არის დიდი რაოდენობით იმპორტი, განსაკუთრებით, რძის ფხვნილის სახით. ამ დროს, ნედლი რძის წარმოება არის მცირე და ვერ ვითარდება. კონტროლს გარეთ, იატაკქვეშეთში არიან გადასული საწარმოები, არ აქვთ დანერგილი HACCP და არანაირი საგადასახადო ვალდებულებები. აწარმოებენ არაკეთილსინდისიერად, არაეტიკეტირებულ, გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტს და როგორც მოსახლეობას და მომხმარებელს წამლავენ, ასევე, გადასახადებს არ იხდიან. კეთილსინდისიერ ფერმერს კიდევ ხელს უშლიან, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.