"აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება" - სწორედ ასეთია "ბიბლუსის" სლოგანი მიმდინარე წლის წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. კომპანია "ბიბლუსი" კი გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ამ ტრადიციას და უკვე წლებია, საქართველოში არა მხოლოდ წიგნის ჩუქების დღე, არამედ წიგნის ჩუქების თვეც აღინიშნება.
მიმდინარე წელს ამ სახალხო დღესასწაულმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა სლოგანით "აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება".
"წიგნს მოაქვს თავისუფლება, რომელიც ასე გვჭირდება ყველას. ადამიანი სხვას რომ წიგნს ჩუქნის, ის ჩუქნის თავისუფლებას" - სწორედ ამ ფრაზით მიიღო წიგნი დათო ტურაშვილმა მზექალა შანიძისგან, თავად კი ნათია ფანჯიკიძეს ზაირა არსენიშვილის "ვა, სოფელო" გაუგზავნა.
წიგნის ჩუქების კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ცნობილი ადამიანები. პარალელურად, არაერთი კომპანია 23 აპრილს საკუთარ თანამშრომლებს წიგნებს ჩუქნის. დამკვიდრდა წიგნის ჩუქების ტრადიცია სკოლის მოსწავლეებს შორისაც, როდესაც ბავშვები თავის საყვარელ გამოცემებს კლასელებს ჩუქნიან.
"ნელ-ნელა ყველამ გააცნობიერა, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, რადგან ის კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის "რაზეც ვდუმვართ", ანუ ჩვენ ვართ წიგნი - ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც ხსოვნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ცოდნა და განცდა ერთადერთ წყაროს - ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს", - აღნიშნავს საქართველოში წიგნის ჩუქების დამკვიდრების იდეის ავტორი და "ბიბილუსის" შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე.
"უამრავი ადამიანია ჩართული, განსაკუთრებით სოფლის სკოლების აქტიურობა მახარებს, მაგრამ გვინდა, ეს დღე კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს, თითოეულმა მოქალაქემ მოინიშნოს კალენდარზე და სულ ახსოვდეს", - დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ კამპანიის მთავარი მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა.
კამპანიის ფარგლებში, "ბიბლუსმა" გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მთავარ გმირს წარმოადგენს მარო მაყაშვილი, თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომლის დღიურშიც ნათლად ჩანს აზროვნების, განათლებისა და თვითგანვითარების როლი, რომელიც შინაგანი თავისუფლების განმსაზღვრელი ფაქტორია.
წლების განმავლობაში, კამპანიამ მრავალი ადამიანი გააერთიანა და დღეს უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი აზროვნების განვითარებას ქვეყანაში.
კამპანიის ბოლო ეტაპი იქნება 23 აპრილს "სითი მოლში" დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც წიგნისა და კითხვის მოყვარულ უამრავ ადამიანს გააერთიანებს. ამ დღეს "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში 1+1 აქცია იმოქმედებს და ერთი წიგნის შეძენისას მეორეს საჩუქრად მიიღებთ.
R