სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რით ჯობს სააღდგომო კვერცხის შეღებვა და რამდენ ხანს შეგვიძლია, მოხარშული კვერცხი შევინახოთ:
- ყველას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, კვერცხის შესაღებად ენდრო გამოიყენონ. ეს ძალიან უვნებელი მეთოდია. არის ბუნებრივი მცენარე და აქედან ნაკლები საფრთხე მოდის. ასევე, შეგვიძლია, ხახვის ფოთლებთან ერთად შევღებოთ, რაც ასევე ტრადიციული და უვნებელი მეთოდია. ენდროთი შეღებვის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს და მიწა მოშორდეს, რადგანაც მიწის ნაწილაკებში შეიძლება, პათოგენური მიკროორგანიზმები არსებობდეს, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლიათ. ამიტომ, კარგად უნდა გაირეცხოს. ასევე, ენდროს ფესვები თუ დაობებულია, ასეთი ენდრო შესაღებად არ უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ობის სოკოები ტოქსინებს გამოჰყოფს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვა მხრივ, ეს მეთოდი აბსოლუტურად უვნებელია.
ბაზარზე ძალიან ბევრი საღებავია შემოსული. ერთადერთი, რაც შემიძლია, მომხმარებლებს ვურჩიო, არის ის, რომ აუცილებლად ეტიკეტირებული საღებავი შეიძინონ, რომელიც შეფუთულია, აწერია მწარმოებელი, შენახვის ვადები და ვიცით, რისგანაა დამზადებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი გაურკვეველი საღებავების შეძენა, რომლებიც წონის სახით იყიდება, არ აწერია არაფერი, არც შემადგენლობა, არც მწარმოებელი... ასეთი საღებავის გამოყენების შემთხვევაში, რისკი საკმაოდ მაღალია. მოწმდება, მაგრამ სრულყოფილად ვერ მოწმდება. ფიზიკურად ვერ ხერხდება, იმდენი საღებავია შემოსული. მით უმეტეს, თუ ეს გარე ვაჭრობის ადგილებში იყიდება.
რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის შენახვას, ჩვეულებრივ, მოხარშულ კვერცხს, სამაცივრო პირობებში, შენახვის ვადა 72 საათი აქვს. თუ ოთახის ტემპერატურაზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვინახავთ, შენახვის ვადაც უფრო ნაკლებია. პარასკევს რომ შეიღებება კვერცხი, ორშაბათამდე თავისუფლად შეგვიძლია, გამოვიყენოთ.
როდესაც კვერცხი 15 წუთი იხარშება, სალმონელას ბაქტერია, არსებობის შემთხვევაში, განადგურდება. გული სრულყოფილად უნდა მოიხარშოს.
პასკასთან დაკავშირებით, გამომშრალი ხილის ნაწილები, ე.წ. ცუკატები საფრთხეს აღარ წარმადგენს იმიტომ, რომ გამომშრალია. ერთადერთი, რაც მისი შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ დაფასოებული იყო. თუმცა, შესაძლებელია, დაფასოების გარეშე შეგვხდეს, მათ შორის, დიდ სუპერმარკეტებში, მაგრამ ინფორმაცია მითითებული იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ობს - ხომ არ არის დაობებული. თუ ხილი ნაკლებად გამომშრალია და იქამდე მოხდა დანაწევრება, ობის სოკოები შესაძლებელია, გამრავლდეს. ნიგოზსაც დიდი ყურადღება სჭირდება. უნდა დავაკვირდეთ, დაობებული ხომ არ არის.