"ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს... ვფიქრობდი, ბავშვობის გატაცება იყო და გადაუვლიდა, მაგრამ, პირიქით..." – გაიცანით 14 წლის წარმატებული ძიუდოისტი თიკო გულბანი - მშობლები

"ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს... ვფიქრობდი, ბავშვობის გატაცება იყო და გადაუვლიდა, მაგრამ, პირიქით..." – გაიცანით 14 წლის წარმატებული ძიუდოისტი თიკო გულბანი

2025-04-22 12:47:33+04:00

14 წლის თიკო გულბანი წარმატებული ძიუდოისტია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც ამ სპორტითაა დაკავებული, არაერთი შეჯიბრებისა და ტურნირის გამარჯვებულია. როგორც თიკოს დედა, თამუნა ზურებიანი გვეუბნება, მას პატარაობიდანვე უნდოდა, რომ წარმატებული ძიუდოისტი გამხდარიყო. სხვადასხვა წრეზე, მათ შორის, ცეკვასა და სიმღერაზე დადიოდა, თუმცა ოცნება, რომ ძიუდოზე შესულიყო, არ ქრებოდა. თიკოს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ამიტომ, შვილის წარმატებების შესახებ უფრო ვრცლად თამუნა გვესაუბრება:

- თიკო მეოთხე წელია, ძიუდოთია დაკავებული. პატარაობიდანვე განსაკუთრებით აინტერესებდა. ვფიქრობდი, ბავშვობის გატაცება იყო და გადაუვლიდა, მაგრამ, პირიქით, კიდევ მეტად შეუყვარდა. წელს 2 წლით უფროსებში ასპარეზობს. ყოველთვის ძალიან აქტიური ბავშვი იყო. თავდაპირველად, რაიონში ვცხოვრობდით. მე-5 კლასამდე სკოლაშიც იქ დადიოდა. მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ვცხოვრობდით. მაშინ რაიონში ძიუდო ამდენად განვითარებული არ იყო. თამარისში რაგბის მასწავლებელი ჩამოვიდა. თიკომ მთხოვა, მხოლოდ ერთი თვით შემიყვანეო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. 6 თვე იარა. შემდეგ თბილისში გადმოვედით, ძიუდოზე მივიყვანე და ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო. 2 წელი, ყოველი ვარჯიშის დროს, დარბაზში მივყვებოდი და ველოდებოდი. ახლა ძალიან მოტივირებული და მონდომებულია. უნდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს. მშრომელი, გონიერი და მიზანდასახულია. თავისი საქმე უყვარს.

tiko-gulbani-21-1745312462.jpg

ამ წლების განმავლობაში, არაერთ ტურნირსა და შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და უმეტეს შემთხვევაში, შეჯიბრს პირველი ადგილით ამთავრებდა. უამრავი მედალი აქვს. წელს საქართველოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და 57 კილოგრამ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. ასევე, თბილისში ევროპის თასი ჩატარდა და იქაც პირველი ადგილი დაიკავა. წარუმატებლობებიც შეხვდა, თუმცა წინსვლას განაგრძობს.

- ოჯახში როგორ შეხვდით მის გადაწყვეტილებას? ხომ არ იყო რაიმე წინააღმდეგობა?

- არა, წინააღმდეგობა არ ყოფილა. მაგრამ, როგორც გითხარით, თავიდან მეგონა, რომ ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო და გადაუვლიდა. მაგრამ, თიკო იმდენად მონდომებული იყო და ისე უნდოდა ამ სპორტში წარმატების მიღწევა, ყველანაირად მხარი დავუჭირეთ.

tiko-gulbani-20-1745312480.jpg

- სწავლასთან შეთავსებას ახერხებს? ალბათ, დატვირთული გრაფიკი აქვს.

- დიახ, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, სპორტი სკოლასთან შეათავსოს. კითხვა ძალიან უყვარს. კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს. ასევე, კარგად მღერის. კეთილი და მგრძნობიარე ბავშვია.

- სამომავლოდ რას აპირებს, რა გეგმები აქვს?

- უნდა, რომ ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწიოს. ასევე, იურისტობაზე ოცნებობს. რამდენად შეუთავსებს ამ ყველაფერს ერთმანეთს, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მონდომებულია.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც მშობელი, რამდენად დიდ მოტივაციას აძლევთ?

- როგორც შემიძლია, მხარს ყველანაირად ვუჭერ და ვეხმარები. ვფიქრობ, წარმატების მიღწევისათვის მშობლის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ხელშეწყობა რომ არა, შესაძლოა, მოტივაცია დაეკარგა.

491028120-1346814329868468-7938129493871698726-n-1745326109.jpg

თიკო კი გვეუბნება, რომ ახლა საკუთარი ოცნების საქმითაა დაკავებული და სურს, კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს:

- ძიუდო ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. აქტიურად ვარ ჩართული. საბოლოოდ, ამ მიმართულებით განვითარებასა და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას ვფიქრობ. სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყველა საქმეში მაძლევს მოტივაციას, რომ ვიყო წარმატებული და ყველასთვის მისაბაძი ადამიანი.

თამარ იაკობაშვილი